logo_geo
სოსო გიორგაძე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

6 ივნისი. 2023. 22:38

 

საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ 5 ივნისს, შეხვედრა გამართა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებთან, მიმდინარე ერთობლივი ინტერვენციებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განსახილველად. ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობის აქტივობები, ასევე იმსჯელეს ინტელექტუალური საკუთრების დარგის განვითარების შესაძლებლობებსა და ამ პროცესის როლზე საქართველოს ეკონომიკის იმ პრიორიტეტული სექტორების მხარდასაჭერად, რომლებსაც დინამიკური ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში აქვთ განვითარების დიდი პოტენციალი.

„ასეთ სექტორებს შორისაა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი გაზიარებული ინტელექტუალური სერვისების სექტორი, რომელიც ბიზნეს პროცესის აუთსორსინგის (BPO), ინფორმაციული და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა (ICT), და ელექტრონული კომერციის ღირებულებათა ჯაჭვს მოიცავს.

შეხვედრას ესწრებოდნენ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ახალაია, საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა დოჭვირი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ბიზნესგარემოს განვითარებაზე პასუხისმგებელი კომპონენტის ხელმძღვანელი ნათია კაციაშვილი.

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა 5-წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამაა, რომელიც ხორციელდება DAI Global-ის მიერ. პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ.
საქპატენტი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, კერძო სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ახორციელებენ არაერთ აქტივობას საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობისთვის, მათ შორის ონლაინ მეკობრეობის წინააღმდეგ მიმართულ აქტივობებს, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებისა და მაღალანაზღაურებადი პროფესიების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას საჯარო სკოლებში. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამასთან (CLDP) ერთად, აქტიურად უჭერს ასევე მხარს საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის გაუმჯობესებაზე მიმართულ პროცესს, რათა მოხდეს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომელიც შესაბამისი იქნება საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის შესახებ ევროდირექტივის მოთხოვნებთან, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, და ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას საქართველოში“, - ნათქვამია საქპატენტის ინფორმაციაში.

 

big_banner
არქივი