logo_geo
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ აგრარულ საკითხთა კომიტეტში ანგარიშები წარადგინეს
- +

8 ივნისი. 2023. 19:34

 

აგრარულ საკითხთა კომიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიში მოისმინეს. ანგარიში სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა წარადგინა.

ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ასოცირების ხელშეკრულებითა და DCFTA-ის გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი ევროკავშირის კანონმდებლობის დაახლოება და ახალი რეგულაციების დანერგვა; სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა; სურსათის მწარმოებლების რეგულარული ინსპექტირება, ლაბორატორიული კვლევები სურსათში დამაბინძურებლების და აკრძალული ნივთიერებების შემცველობის დადგენის მიზნით; ცხოველთა ზოონოზური და ეპიზოოტიური დაავადებების პრევენცია, ზედამხედველობა და კონტროლი; მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული მექანიზმების შემუშავება; მცენარეთა მავნებლების და მავნე ორგანიზმების პრევენცია და კონტროლი“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

მანვე ისაუბრა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ, ასევე ქვეყანაში ეპიზოოტიური, მცენარეთა დაცვის და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის თაობაზე და სამივე მიმართულებით სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.

მისი ინფორმაციით, 2022 წელს, სურსათის უვნებლობის მიმართულებით განხორციელდა 31 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი, რომელიც 41%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ობიექტების შემოწმების ჯერადობა სპეციალური ელექტრონული პროგრამით შეირჩევა, რაც გამორიცხავს სუბიექტურ ფაქტორს. პრიორიტეტულია ხორცის სარეალიზაციო ობიექტები, აგრარული ბაზრები, სკოლების და საბავშვო ბაღების კვების ბლოკები, რძის წარმოებები, რომელთა კონტროლის ჯერადობა მაღალია.

ვეტერინარული კონტროლის კუთხით, შარშან, 970 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა და 42 სამართალდარღვევა გამოვლინდა. მნიშვნელოვანია, რომ ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიზნით, ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი ვეტერინარული მანიპულაცია ტარდება და ასე იყო შარშანაც.

მომხსენებელმა ასევე დეტალურად ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე ზიანის შემცირების მიზნით სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებზე. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შარშან თითქმის 251 185 ჰექტარი ფართობი დამუშავდა, კალიების საწინააღმდეგოდ - 100 000 ჰექტრამდე და ა. შ.

მომხსენებელმა DCFTA-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წლის ჩათვლით მიღებული და დაახლოებულია 183 ნორმატიული აქტი, ხოლო 2023 წელს DCFTA-ის ფარგლებში დაგეგმილია 22 საკანონმდებლო აქტის დაახლოება.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია: ქართული თაფლის, შავი ზღვის ქაფშიის, შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების, ლოკოკინების და არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის (ტყავი, მატყლი) ექსპორტი.

კომიტეტმა ასევე მოისმინა საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, რომელიც ამავე ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა წარადგინა.

ლაბორატორიის საქმიანობის სფერო დიაგნოსტიკის ერთიან ციკლს მოიცავს და მასში შედის როგორც ცხოველთა და მცენარეთა ლაბორატორიული კვლევა, ასევე სურსათის უვნებლობის ექსპერტიზა.

ლაბორატორიაში ყოველწლიურად ხდება კვლევის ახალი მეთოდების დანერგვა. შარშან სამივე მიმართულებით კვლევის 59 ახალი მეთოდი დაინერგა. მომხსენებელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

კომიტეტმა ორივე ანგარიში ცნობად მიიღო.

big_banner
არქივი