logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
- +

10 ივნისი. 2023. 21:20

 

 

ბრიუსელში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი  ევროკომისიის ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური მომსახურებისა და კაპიტალის ბაზრის გაერთიანების გენერალური დირექტორატის  ( DG FISMA) გენერალურ დირექტორს, ჯონ ბერიგანს შეხვდა.

 

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის გატარებულ რეფორმებზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

 

ხაზი გაუსვა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს დროული გაწევრიანების მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ საჭირო კრიტერიუმების შესასრულებლად გაწეული ძალისხმევა სათანადოდ და დროულად შეფასდება და ქართულ ბანკებს მიეცემათ შესაძლებლობა შეუერთდნენ ერთიანი ევროგადახდის სივრცეს, რაც ხელს შეუწყობს საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას, გაზრდის ბიზნეს შესაძლებლობებს საწარმოებისთვის და მათ გაუადვილებს წვდომას ფართო ევროპულ ბაზარზე.

 

შეხვედრაზე, ასევე განიხილეს საქართველოს ძალისხმევა იმისათვის, რომ  ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების იმპლემენტაციის თავის ასარიდებლად არ მოხდეს საქართველოს გამოყენება.

 

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები შედგა,  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის კაბინეტის წევრთან, საგარეო საკითხებში უფროს მრჩეველთან მაგდალენა გრონოსთან და  ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის კაბინეტის წევრთან ზანე რუნგულესთან.

 

შეხვედრებისას განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ქვეყანაში გატარებული და მიმდინარე რეფორმები, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი და არსებული გამოწვევები.

 

მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა და  ევროკავშირის მხრიდან გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში ერთიანი და მკაფიო გზავნილების აუცილებლობა.

 

 

big_banner
არქივი