logo_geo
გელა ზედელაშვილი: თუ მეფე აუცილებელია, მაშინ დავნიშნოთ ჩვენი შაქრო პაპა!
- +

19 ივნისი. 2017. 20:05



ძალიან გულუბრყვილო ხალხი ვართ ქართველები... შემოგვიგდებენ ხოლმე ამ მეფობის თემას წელიწადში ერთხელ, გვალაპარაკებენ, გვაყბედებენ, დაიწყება ე.წ. სამეფო დინასტიაში ქოთქოთი, აირევიან, დაირევიან, ვერ გაარკვევენ, ვინ უნდა იყოს მეფე, დედოფალი, ნაზირი, ვეზირი და... მიეცემა დავიწყებას მონარქიაც და სამეფო სკანდალ-მანდალებიც.


მოკლედ, ამ მხრივ (არც სხვა მხრივ ვაკლებთ) ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს და ისიც კარგად ვიცით, რომ უახლოეს ხანში არაფერი გამოვა, მაგრამ მაინც ვმსჯელობთ, განვიცდით, ვღლიცინებთ, ერთმანეთს ვაკრიტიკებთ, ვლანძღავთ და ბოლოს ვასკვნით: ჩვენ არც სამეფო ოჯახის შენახვის თავი გვაქვს და არც სურვილი. თუმცა თუ საპრეზიდენტო ოჯახს ვინახავთ, იყოს ესეც, ავიტანთ, ამაზე უარესებიც აგვიტანია, ჩვენ ყველაფრის ამტანი ხალხი ვართ. მით უმეტეს, პოლიტიკურ ელიტაში უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ძალიან საინტერესო პერსპექტივას ხედავენ ამ მიმართულებით. შეიძლება მართლაც არის კონსტიტუციურ მონარქიაში რაღაც განსაკუთრებული რომანტიკა, მაგრამ ვინაიდან, კარგად ვიცნობ ჩვენს ჯიშსა და ჯილაგს, არა მგონია, ოდესმე მეფურად დავლაგდეთ.


სხვათა შორის, ამ სიტუაციამ ერთი ქიზიყური ამბავი გამახსენა, რომელიც ბატონ-ყმობის პერიოდში მომხდარა. შეიძლება ეს ამბავი ცოტა გაშარჟებულია, მაგრამ სიმართლესთან ძალიან ახლოსაა: იმ დროს, როცა მთელ ქვეყანაში ბატონყმური სისტემა იყო, ქიზიყში ბატონები მაინც და მაინც ვერ გვარობდნენ. ერთხელაც ერთ ტიფლისელ ფულიანს უფიქრია, ჩავალ, მიწებს ვიყიდი, ფრთებს გავშლი და მერე თავს ბატონად გამოვაცხადებ, შეიძლება ბოლოს მეფობასაც კი გამოვკრა ხელიო. როგორც ეხლაა, მაშინაც ეგრე ყოფილა, ტექნოლოგიები იცვლება, მაგრამ ზოგიერთის აზროვნება - არა. ჰოდა, იმას ვამბობდი... ჩასულა ეს ფულიანი ტიპი, დამჯდარა ქიზიყსა, დაუგროვებია უძრავ-მოძრავი ქონება და ერთ დღესაც გამოუცხადებია თავი ბატონად, საბატონო რეზიდენციად უკურთხებია სოფელი ტიბაანი. ვააა... გადახედეს თურმე ერთმანეთს ტიბაანელებმა, ეს ვინ ჩვენი ფეხებია, რა ბატონი, რი ბატონიო?!


შეკრებილან ერთ ღამეს ტიბაანელები, მოუწვევიათ ჯუგაანელები, მაჩხაანელები, ბოდბისხეველები, ვაქირელები, ანაგელები, საქობოელები და განუხილიათ ორი საკითხი: პირველი - თუ სახელმწიფოსთვის აუცილებელია ბატონი, მაშინ დავნიშნოთ ჩვენი შაქრო პაპა, შესაძლებელია იყოს მიხო პაპაც, ჩვენ ვერ ავიტანთ ბატონად ვიღაც ჩამოთესლებულს; მეორე - აუცილებლად უნდა დატოვოს ქიზიყის ტერიტორია თვითგამოცხადებულმა ბატონმა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვაწყობთ აჯანყებას, გავაძევებთ და მის ქონებას ვუზამთ კონფისკაციას. ამ საქმისთვინ მიგვიცია სამი დღე. როგორც პაპაჩემი იტყოდა ხოლმე, ეს საქმე ბოლოს მაინც აჯანყებით დამთავრებულა, თურმე „ბატონს" მიუჭერია ფეხები, არსადაც არ წავალო. არ წახვალ და მოგიტ...ნავთ კეთილებსო, - შეუთვლიათ ქიზიყელებს. გამოსულან ფიწლებით, ცულებით, თოხებით, ჯოხებით, ქვებით!


ჰოდა, ეს ამბავი რაზე გამახსენდა? თუ სახელმწიფოსთვის მეფე აუცილებელია, მაშინ დავნიშნოთ ჩვენი მიხო (ოღონდ ის არა, პრეზიდენტად რომ გვყავდა), შესაძლებელია, იყოს შაქროც. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მიხოსა და შაქროს რასაც ვეტყვით, იმას გააკეთებენ, არ ექნებათ დიდი პრეტენზიები... მაგალითად, შაქრო დილით ვენახში იმუშავებს, სუადღისას დაისვენებს, საღამოს კიდე მეფე იქნება. არ ვიცი, მე მგონი, ურიგო წინადადება არ უნდა იყოს, კარგად დაფიქრდით.


p.s. პატრიარქმა თავისი აზრი გამოთქვა და ატყდა ერთი ამბავი. შიშით ადამიანს ვეღარაფერი უთქვამს! 

 

გელა ზედელაშვილი


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი