logo_geo
ელტონ ჯონის კონცერტის ბილეთები 29 ივნისსაც გაიყიდება
- +

27 ივნისი. 2017. 03:09



„Black Sea Arena"-ზე ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრები ბილეთები SOLO-ს კლიენტებისთვის და ბარათის მფლობელებისთვის 25 ივნისს, 54 წუთში გაიყიდა. ამის შესახებ საზოგადოებრივს tkt.ge - ს გენერალურმა მენეჯერმა განუცხადა.


მარიამ მორგოშიას ინფორმაციით, საიტზე ტექნიკური პრობლემები არ ყოფილა, მომხმარებლებს პრეტენზია იმის გამო ჰქონდათ, რომ ბილეთების მცირე რაოდენობა ჩაეშვა, რეალურად კი, მისივე თქმით, მსურველი ბევრი იყო.

 

„ბილეთების გაყიდვა 25 ივნისს დილის 10:00 საათზე დაიწყო. ტექნიკური პრობლემები არ ყოფილა, უბრალოდ, მცირე რაოდენობის ბილეთები ჩაეშვა გაყიდვაში. Black Sea Arena დაახლობით 10 000 მაყურებელს იტევს. გუშინ კი, ბილეთების შეძენის მსურველთა რაოდენობამ 30 000 შეადგინა", - განაცხადა მარიამ მორგოშიამ.


მისივე ინფორმაციით, ბილეთების გარკვეული რაოდენობა მომღერლის ფანებისთვის იყო განკუთვნილი და ელტონ ჯონის საიტზე, მის ფანებს ბილეთების შეძენა 20-იდან 23-ივნისამდე შეეძლოთ.


ამასთან, 24 ივნისს, SOLO-ს კლიენტებს („პლატინიუმ" და „აფერ" ბარათების მფლობელებს) კონცერტზე დასასწრები ბილეთები „სოლო ლაუნჯებში" შეეძლოთ ეყიდათ.


როგორც tkt.ge-ს გენერალურმა მენეჯერმა აღნიშნა, ვინც არ არის SOLO-ს ​ მომხმარებელი, მათ ბილეთების შეძენა 29 ივნისს, დილის 10:00 საათიდან შეეძლებათ.


მორგოშიას თქმით, SOLO-ს კლიენტებს ერთჯერადად ექვსი ბილეთის ყიდვა შეეძლოთ, 29-ში კი სავარაუდოდ, ერთ მომხმარებელზე ორი ბილეთის შეძენის შესაძლებლობა იქნება.


მისივე ინფორმაციით, ბილეთების უმეტესობა გაყიდულია.


SOLO-ს მომხმარებლებისთვის ბილეთის ფასი 90 ლარიდან 550 ლარამდე იყო, ხოლო 29-ში ბილეთების ფასი 150 ლარიდან - 750 ლარამდე იქნება.


ბრიტანელი ვარსკვლავი „Black Sea Arena"-ზე 16 სექტემბერს იმღერებს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი