logo_geo
რატი ბრეგაძე: საქართველოში ყველა სახლს ექნება მისამართი. ახლად შექმნილი მისამართების რაოდენობამ შეადგინა 354 927
- +

17 ნოემბერი. 2023. 13:11

 

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფარგლებში „დამისამართებული საქართველოს“ რეფორმის შესახებ ისაუბრა.

 

„ჩვენ დავიწყეთ სისტემური დამისამართების პროექტი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სოფლების 80 % იყო დაუმისამართებელი. ეს არის 30 წლის პრობლემა, მათ შორის, საბჭოთა პერიოდშიც ასე იყო. ყველა სახლს არ ჰქონდა მისამართი, ხოლო დღეის მდგომარეობით, სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში, შეიქმნა 354 927 მისამართი. ალბათ ყველანი ვხვდებით, რა შრომა დგას ამ ყველაფრის უკან, რომ ამდენი ახალი მისამართი გაჩენილიყო. ამ პროექტის დასრულების შემდგომ, რომელიც, ფაქტობრივად, 2024 წლის დასაწყისში დასრულდება, საქართველოში ყველა სახლს ექნება მისამართი და ყველა ადამიანს შეეძლება, რომ კონკრეტულად მიუთითოს თავისი საცხოვრებელი ადგილი. დღეის მდგომარეობით, ადამიანი იტყვის, რომ ცხოვრობს რომელიღაც სოფელში და მისი მიგნება პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ არც ქუჩას აქვს ნომერი, არც სახლს და ასე შემდეგ და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

2024 წლის დასაწყისში მუნიციპალიტეტებთან აქტიური თანამშრომლობით, პრაქტიკულად, ყველა მუნიციპალიტეტი და სოფელი იქნება დამისამართებული.

 

პროექტის დასრულების შემდეგ, ყველა სახლს ექნება მისამართი, რომელიც ადამიანის იდენტობის განუყოფელი ნაწილია. აღმოიფხვრება პრობლემები, რომლებიც ხშირად არსებობს საარჩევნო სიებთან დაკავშირებით.

 

 

big_banner
არქივი