logo_geo
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: ტყუილია, რომ თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა - არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად
- +

18 ნოემბერი. 2023. 21:00

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმიანება რაჭის ტყეების თემას და განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ტყუილია, რომ თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა .

 

„რაჭაში ტყე არ გაყიდულა. ლიცენზია, გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას 5 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის.

რაც შეეხება ლიცენზიის გაუქმებას. ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის მაისიდან დავიწყეთ პროცესი. არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად, რაც ავუხსენით აქციის მონაწილეებს - შევხვდით რაჭაში, ასევე, წერილობით გავუგზავნეთ ინფორმაცია ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცესის შესახებ, მედიაშიც გავავრცელეთ ინფორმაცია. სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში.

 

რაც შეეხება ლიცენზიის გაყიდვას ან გასხვისებას, დღეს როცა საუბარია ლიცენზიის გაუქმებაზე, ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია. გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება ლიცენზიის ვერ გაყიდვა და ვერც გაჩუქება. სააგენტოსთვის ამ დროისთვის არავის მოუმართავს. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ეტაპობრივად ეცნობება საზოგადოებას“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მანამდე შსს-ში განაცხადეს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციაზე 13 ადამიანია დაკავებული.

 

 

big_banner
არქივი