logo_geo
გიორგი უძილაური: ვერ ვხედავ ერთ საინტერესო სტატისტიკას...
- +

16 ნოემბერი. 2016. 23:36



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასტან ურთიერთობის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 9 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

 

„ამ სტატისტიკაში ვერ ვხედავ ერთ საინტერესო სტატისტიკას: რამდენი უნდა აღესრულებინა და არ ან ვერ აღასრულა აღსრულების ბიურომ? რამდენი სამშენებლო კომპანიაა რომელსაც სხვა კომპანიებთან ან სახელმწიფოსთან აქვთ ვალდებულებები, გადაცემული არიან აღსრულების ბიუროში მაგრამ ფული არ გადაუხდიათ? ეს სტატისტიკა თუ აქვს ბიუროს?"


შეგახსენებთ, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2016 წლის 9 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკა გამოაქვეყნა.  


2016 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 5 219 ერთეული შემთხვევა შეადგინა.


საანგარიშო პერიოდში, 207 შემთხვევაში არ განხორციელდა იძულებითი გამოსახლება, შესაბამისად, საქმე დასრულდა მორიგებით;


ამავე პერიოდში, გამოცხადებული აუქციონებიდან მორიგების შედეგად შეწყდა 319 აუქციონი და არ მოხდა ქონების რეალიზაცია;


2016 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ჯარიმის განწილვადება განხორციელდა 3 689 შემთხვევაში;


საანგარიშო პერიოდში, ბიუროს წარმოებაში არსებული ალიმენტის კატეგორიის საქმეებიდან დარეგულირდა 4 228 საქმე.


მხარეების მორიგების მიზნით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აქტიურად არიან ჩართული მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები. მათი უმთავრესი მიზანია, საქმისწარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოახდინონ მხარეთა შეხვედრებისა და მორიგების ორგანიზება, კონსულტაცია, თანამშრომლობა და შუამდგომლობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დახმარების მიღების მიზნით.


2016 წლის 9 თვის განმავლობაში, მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის მენეჯერებისა და სოციალური მუშაკების აქტიური ჩართულობით, მორიგებითა და ნებაყოფლობითი აღსრულებით 450 საქმე დასრულდა.


 

right_banner big_banner
არქივი