logo_geo
ნინო ლაბარტყავა: გთხოვთ, წაიკითხოთ, მნიშვნელოვან რამეს ვწერ...
- +

15 დეკემბერი. 2016. 10:51


 



ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ძალიან ვრცელი გამომივა ახლა ეს პოსტი, მაგრამ ვთვლი, რომ უნდა დავდო! არ დაგეზაროთ და გთხოვთ, წაიკითხოთ, რადგან ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვან რამეს ვწერ.

 

ბატონი უჩა ნანუაშვილი გამომხტარა წეღან თურმე და - არიქა, გამოძიება უნდა დაიწყოს იმ ვიდეოზე, ბოდიშს რომ იხდის შიშველი ფოტოს ავტორი ბიჭიო... არიქა, ილახება ამ ბიჭის უფლებებიო...

 

ვაიმეეე, რამდენი და როგორი რამის თქმა მინდა ახლა ამაზე, მარა სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, იმდენად დიდ მარაზმთან გვაქვს საქმე...

 

ამიტომ ახლა აქაც დავწერ ერთ ამბავს, რომელიც საკმაოდ ვრცელია, მაგრამ შევეცდები, მოკლედ გადმოგცეთ. ეს „ალიაში" რამდენიმე კვირის წინ დაიბეჭდა და ეს კიდევ ერთხელ არის უჩა ნანუაშვილისა და მისი აპარატის ლუსტრაციის მაგალითი; ეს კიდევ ერთხელ არის მათი ორმაგი სტანდარტების გამოაშკარავება... ეს უნამუსოები, ეს ორმაგი სტანდარტებით გაჟღენთილი საქართველოს მტრები, ესენი!

 

მოკლედ, რამდენიმე კვირის წინ, ჩვენს რედაქციაში ასაკოვანი ქალბატონი მოვიდა, რომელმაც გვითხრა, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვიდან მოყოლებული, კუთვნილი პენსიის აღებას ვერ ახერხებდა. საუბარში გამოირკვა, რომ ქალბატონ ციალა ირომაშვილს ივლისში ე.წ. „ძველი" პირადობის მოწმობა დაუკარგავს, რომელსაც მოქმედების უვადო ვადა ჰქონდა, იუსტიციის სამინისტროში კი მას ელექტრონული პირადობის მოწმობის, ანუ ე.წ. „აიდი" ბარათის აღებას სთავაზობენ, რადგან როგორც ვიცით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თავის დროზე არ დაუშვა ალტერნატიული პირადობის მოწმობები და ცინიკურად განაცხადა - „აიდი" ბარათში ეშმაკი ნამდვილად არ ზისო...

 

ირომაშვილი ციალა:

 

- ივლისში დავკარგე პირადობის მოწმობა და ფაქტობრივად, კუთხეში მიყენებულივით ვარ - არც პურის ფული მაქვს, არც სამუშაო და სახლიდანაც ვეღარ გამოვალ. ამ წერტილამდე მიგყავართ იმიტომ, რომ მე „აიდი" ბარათი ავიღო? მე, ჩემი არსებობის მანძილზე, ვარ მართლმადიდებელი, მორწმუნე, ბევრი სიკეთე მახსოვს უფლისგან და მას ვერ ვუღალატებ ცოცხალი თავით. ჩემი შეხედულება ისაა, რომ არ მინდა „აიდი" ბარათის აღება და ძველი პირადობის მოწმობა მირჩევნია, რომელიც უვადო მქონდა და რომელსაც არაფრით არ მაძლევენ. რაც პირადობა დავკარგე, მას მერე ჩემს კუთვნილ პენსიას ვერ ვიღებ, არ მაძლევენ ბანკში. დღესაც ვიყავი ბანკში (ინტერვიუ ჩაწერილია 29 სექტემბერს-ნ.ლ.) და იქ ვუთხარი - როგორ, თქვენ მე მომკალით და არ ვარ ცოცხალი-თქო?.. ადრინდელი საბუთებიც ვუჩვენე, სადაც ჩემი ფოტოა და სახელი და გვარი და ვკითხე - ეს მე არ ვარ-თქო?

 

- რა გიპასუხეს?

 

- არაფერი, ვიჯექი იქ, მიყურებდნენ ცოცხალ ადამიანს და მეუბნებოდნენ - შენი პიროვნება უნდა დავადგინოთო...

 

- იუსტიციაშიც იყავით, როგორც ვიცი...

 

- დიახ და მოგიტანეთ პასუხი. არ მინდა ეს „აიდი" ბარათი-თქო, ვუთხარი. ეს იგივე პირადობაა, ოღონდ „აიდიაო", მითხრეს. ჰოდა, თუ იგივეა, მომეცით ძველი პირადობა, ეს საქართველოა, მე საქართველოს მოქალაქე ვარ და მე მგონი, არ უნდა შემზღუდოთ-მეთქი. ერთადერთი ჩემი მარჩენალი იყო პენსია, რომელსაც ვეღარ ვიღებ, რადგან პირადობის მოწმობა არ მაქვს... არ მინდა, ხალხო, ეს „აიდი" ბარათი და რატომ მაიძულებთ აღებას? მე არ მაქვს ჩემი უფლებები? თუ ადამიანად არ ვითვლები? სოფელში ვიყავი ჩასული, დაფნა მაქვს იქ, ავჭერი, წამოვიღე, დავალაგე გასახმობად, რომ თებერვლის თვეში ორი კაპიკი ავიღო, სხვა არანაირი შემოსავალი არ მაქვს. თქვენთან რომ მოვედი ახლა, დაფნის მწვანე ფოთლები გავყიდე და იმით მოვედი... დღეს, საქართველოში, ადამიანი მართლმადიდებლური რწმენის გამო იდევნება და სახელმწიფო მის უფლებებს არღვევს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მართლმადიდებელია! აბა, სხვა რა ვთქვა?

 

ქალბატონი ციალას მიერ მოწოდებული დოკუმენტებიდან ერთ-ერთი იუსტიციის სამინისტროსგანაა, რომელიც ამ ადამიანის მოთხოვნაზე - მისცენ „ძველი" პირადობის მოწმობა - ოფიციალურ პასუხს გულისხმობს. პასუხში ვკითხულობთ იმ მიზეზებს, მხოლოდ რომლის საფუძველზეც არის შესაძლებელი, ადამიანმა „ძველი" პირადობა მიიღოს: პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე (ანუ ე.წ. „აიდი" ბარათის მაგივრად, ძველი პირადობის მოწმობის გაცემაზეა საუბარი - ნ.ლ.) შეიძლება გასცენ იმ შემთხვევაში, თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ადამიანი ნების გამოხატვას ვერ ახერხებს მძიმე ავადმყოფობის გამო და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (ამ შემთხვევაშიც, ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტაციით);

 

თუ ცუდი მეტეოროლოგიური პირობებია, ფორსმაჟორული გარემოებებია და სხვა მსგავსი, რის გამოც სააგენტო ვერ ახერხებს ახალი „აიდი" ბარათის გადაცემას კონკრეტული პირისთვის;

 

თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კონკრეტული პირი ვერ ახერხებს გადაადგილებას და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი;

 

თუ ადამიანი, რომელზეც უნდა გადაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი;

 

თუ პიროვნება იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.

 

ანუ დასკვნა: ვინაიდან ქალბატონი ციალა არც პატიმრობაშია, არც საგიჟეთში და გადაადგილებასაც თავად ახერხებს, მას „ძველი" პირადობის მოწმობა არ გადაეცემა...

 

გამოდის, რომ საქართველოში გვყავს ადამიანი (და ადამიანები), რომელიც სახელმწიფომ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო „ჩამოწერა", რომ ისინი მორწმუნეები არიან, აქვთ თავიანთი შეხედულებები და დამოკიდებულებები ე.წ. „აიდი" ბარათთან დაკავშირებით და ეს მათი შეხედულებები სახელმწიფოს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია! როგორც ჩანს, იუსტიციის სამინისტროში ასეთი მორწმუნე ადამიანების ბედი არავის აინტერესებს და არც არავის გაუთვალისწინებია, სანამ აღნიშნულ იდიოტურ კანონს გამოსცემდნენ, რომლის მიხედვითაც ან „აიდი" ბარათი უნდა აიღო (თუ ძველი პირადობა დაკარგე ან გაგიფუჭდა), ან გიჟი, პატიმრობაში მყოფი და ინვალიდი უნდა იყო, რომ „აიდის" ნაცვლად, ძველი პირადობა მოგცენ!

 

„ალია" სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა და დაინტერესდა, რას ფიქრობენ ისინი აღნიშნულ ამბავზე და თვლიან თუ არა ამ კონკრეტულ ფაქტს პიროვნების დისკრიმინაციად, მისი რელიგიური სარწმუნოების გამო? სახალხო დამცველის აპარატს ჩვენი კითხვები ელექტონულ ფოსტაზე გადავუგზავნეთ და პასუხებიც მალე მივიღეთ:

 

- არის თუ არა ეს კონკრეტული ამბავი პიროვნების დისკრიმინაცია მისი სარწმუნოების გამო?

 

- მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება, რომლით სარგებლობაც პირს შეეზღუდა. აღნიშნული საკითხის განხილვა შესაძლებელი იქნებოდა პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ან რელიგიის თავისუფლების შესაძლო დარღვევის ჭრილში, თუკი ელექტრონული ფუნქციების მატარებელ პირადობის დამადასტურებელ მოწმობაზე დატანილი იქნებოდა პირის ისეთი პერსონალური მონაცემები, რომელიც არ მოიპოვება ელექტრონული ფუნქციების არმქონე პირადობის დამადასტურებელ მოწმობაზე, ანუ, დავის საგანი იქნებოდა ის დამატებითი ინფორმაცია, რაც შესაძლოა, ასახული ყოფილიყო ელექტრონულ პირადობის დამადასტურებელ მოწმობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, პირადობის ელექტრონული მოწმობა მფლობელის შესახებ ელექტრონულად შეიცავს ზუსტად იმავე ინფორმაციას, რაც ვიზუალურადაა დატანილი მასზე - სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, დაბადების ადგილს, მოქალაქეობას, სქესს, პირად ნომერს, ფოტოსურათს, პირად ხელმოწერას, მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას, მოწმობის გაცემის თარიღს და მოწმობის მოქმედების ვადას. მოწმობა არც ვიზუალურად, არც ელექტრონულად არ შეიცავს მფლობელის მისამართს. ასევე, საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავს პირადობის ახალ მოწმობაზე პირის შესახებ დამატებითი ინფორმაციის დატანის წესს - ის შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ ფარგლებში და მხოლოდ პირის თანხმობის შემთხვევაში.

 

აქვე მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ შეიცავს ძველისგან განსხვავებულ პერსონალურ მონაცემებს, შესაბამისად, არ იკვეთება გარემოებები, რომელიც დაადასტურებდა კანონით გათვალისწინებული რომელიმე უფლების არსებობას.

 

- ამ ქალბატონის მსგავსად, ჩვენს ქვეყანაში კიდევ საკმაოდ მრავლად არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი რელიგიური შეხედულებების გამო, არ სურთ ახალი „აიდი" ბარათების აღება, რის გამოც მათ, შესაძლოა, იგივე (ან კიდევ სხვა) ტიპის პრობლემები შეექმნათ, როგორი პრობლემაც ამ კონკრეტულ ქალბატონს ახლა აქვს. დაარღვია თუ არა იუსტიციის სამინისტრომ ამ ადამიანების უფლებები, როდესაც „აიდი" ბარათებთან ერთად, არ დაუშვა კანონით ალტერნატიული პირადობის მოწმობების გაცემის ნებართვა?

 

- აღსანიშნავია, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობა არ შეიცავს ძველი პირადობის დამადასტურებელი მოწმობისგან განსხვავებულ ისეთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც შესაძლოა წარმოეშვა სადავო საკითხი. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლების არსებობა, შესაბამისად მისი დარღვევაც არ მომხდარა. განსახილველ საკითხთან მიმართებაში, ასევე, აღსანიშნავია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის 2012 წლის 5 ივლისს სხდომის ოქმი, საიდანაც ირკვევა, რომ სადღეისოდ წარმოდგენილი „აიდი" ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია.

 

- რატომ არ ამოიღო ხმა ამ ყველაფერზე თავის დროზე სახალხო დამცველმა და არ მიუთითა იუსტიციის სამინისტროს, რომ ალტერნატიული პირადობის მოწმობების არდაშვებით, ის მომავალში დაარღვევდა იმ ადამიანის უფლებებს, ვინც საკუთარი რელიგიური შეხედულებების გამო, არ მოისურვებდნენ „აიდი" ბარათების აღებას?

 

- სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა აღნიშნული საკითხი და დადგინა, რომ არ იკვეთებოდა უფლების დარღვევა ანდა დისკრიმინაცია, რადგან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს კანონით გათვალისწინებული უფლება, ასევე, ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობა მასზე დატანილი ინფორმაციით იდენტურია ძველ პირადობასთან.

 

- როდესაც ვაცხადებთ, რომ ყველა ადამიანის უფლებები უნდა იქნას დაცული, რატომ არ არის ეს ასე? თუ მაინცდამაინც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის უნდა იყოს ადამიანი, რომ სახალხო დამცველმა მისი უფლებების დარღვევა არავის შეარჩინოს და განცხადება განცხადებაზე აკეთოს?

 

- საქართველოს სახალხო დამცველი კანონით გათვალისწინებული მანდატის ფარგლებში შეისწავლის ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს, მიუხედავათ მათი სქესის, ასაკის, კანის ფერის, წარმომავლობის და სხვა ნიშნებისა. სახალხო დამცველის ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიში, ასევე მისი ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს მრავალ მიმართულებას და ამის თვალსაჩინო მაგალითია 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, რომლის ხილვა შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი (აქვე ბმულია მითითებული - ნ.ლ.)

 

- საინტერესოა, რატომ არ იცავს სახალხო დამცველი ამ ადამიანის უფლებებს, ვინც „აიდი" ბარათების აღების წინააღმდეგია და თუკი, დავუშვათ, სხვა რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანის უფლება იქნა დარღვეული, ამაზე აუცილებლად რეაგირებას მოახდენს?

 

- როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა აღნიშნული საკითხი და არ გამოიკვეთა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლების დარღევა ანდა დისკრიმინაცია."

 

ფაქტობრივად, 21-ე საუკუნის საქართველოში ჩვენ ვიღებთ ასეთ მოცემულობას: თუკი ვინმემ ლგბტ თემის თუნდაც ერთ წარმომადგენელს აუფრინა ბუზი თავზე და მისი უფლებები მსუბუქი ფორმით მაინც დაარღვია, სახალხო დამცველი მის დასაცავად განცხადებას განცხადებაზე გამოაცხობს და სახეს ჩამოიხოკავს; მაგრამ როდესაც რამდენიმე ასეული მართლმადიდებელი, ღრმად მორწმუნე ადამიანის უფლებები ირღვევა და მათ პრობლემები ექმნებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამაზე სახალხო დამცველის აპარატის პასუხი როგორია, კი წაიკითხეთ...

 

რა ქნას ამ ქალმა ახლა?! ხშირად მეხმიანება ხოლმე და სიტუაცია ისევ უცვლელია, ამიტომ საპატრიარქოსაც მიმართა დახმარების თხოვნით. არ ირღვევა ამ ქალის, როგორც საქართველოს მოქალაქის უფლებები, მიიღოს კუთვნილი პენსია, რომელსაც ვერ იღებს?! ამ ქალის უფლებებს ვინ დაიცავს, მაინტერესებს! ეს ქალი არ გეცოდებათ? მისი უფლებები არ ირღვევა და იმ გამოშტერებული ბიჭის უფლებები ირღვევა თურმე?

 

სამაგიეროდ, ლგბტ-ების უფლებებს ხომ კარგად იცავთ?!

 

და სამაგიეროდ, ქალების მენსტრუაციული ციკლის სადარაჯოზე ხომ კარგად დგას უჩა ნანუაშვილი?!

 

ნანუაშვილს დღეიდან ჩემს პოსტებში მოვიხსენიებ, როგორც „სახალხო არადამცველს" და აბა, ვინმე მომედავოს ამაში!" - წერს ნინო ლაბარტყავა.




 

big_banner
არქივი