logo_geo
ბესიკ ლაგვილავა: ნიკა რურუას ბრალი არ იყო, რომ მაშინ „კალაშნიკოვის ავტომატის“ 7,62 მმ-იან ტყვიას გადაურჩა...
- +

8 დეკემბერი. 2018. 01:32

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი ბესიკ ლაგვილავა facebook-ის პირად გვერდზე წერს:

 

„ეს ვინ არის? - არ მომეწონა და მისალმებამდე ვკითხე, ჩემს მეგობარს, დახლთან მჯდომ, 13-14 წლის შავ rayban-ის სათვალიან ბიჭზე, რომელმაც ჩემი მაღაზიაში შესვლისას რამდენიმე წამით შეწყვიტა ლოყაზე, ლამაზი, ფერადბეწვიანი სათამაშო ძაღლის თუ დათვის მიფერება.

 

- "ბოროტია", - ჩურჩულით მითხრა მეგობარმა და ამ ჩურჩულზე მივხვდი, რას გულისხმობდა ამ სიტყვის ქვეშ.

 

კარგად დავაკვირდი და დავინახე, რომ ბიჭი ტყავის ქურთუკის ქვეშ იარაღი უჩანდა, არადა, არა მხოლოდ მოზარდის ტანზე და უწვერ-ულვაშო სახეზე, სათამაშოსთან თამაშზეც ეტყობოდა, პატარა იყო.

 

მე იარაღიანი მოზარდი არ გამკვირვებია. გამიკვირდა, რა უნდოდა "ბოროტს" აქ საბურთალოზე, სამედიცინო ინსტიტუტის მოპირდაპირედ, ჩემი მეგობრის სათამაშოების მაღაზიაში.

 

რა უნდა გამკვირვებოდა?! 1993 წელი იდგა. ყველა (და მათ შორის მეც) იარაღით დადიოდა.

 

საბურთალოს თავისის საძმოები ყავდა. "კულინარები", "იოსებიძელები", "დელისის საძმო" და ა.შ, რომელთა წევრები 18-20 წლის ახალგაზრდები იყვნენ და რომელთა დაპირისპირებამ, სასაფლაოების "შემადგენლობა" ძალიან "გაახალგაზრდავა"...

 

იარაღი ყველას ჰქონდა. ტყავის ქურთუკი და "შავი რეიბანის" სათვალე და მსხვილ ოქროს ჯაჭვზე დიდი ჯვარი, მოკლედ შეჭრილი თმები, იმიჯის მთავარი ატრიბუტები იყო; ამ იმიჯს კი "აძლიერებდა" "მერსედესის" მარკის მანქანები;

 

რა უნდოდა "ბოროტს" საბურთალოზე?

 

"ქურდი მყავს "კრიშად", - მითხრა ზ.მ.-მ, - მაგრამ მისი ძალა ამათზე არ ვრცელდება," - ჩუმად მითხრა და თავით ბიჭისკენ მანიშნა ზ.-მ.

 

ფილმმა „ერთხელ ამერიკაში“, უფრო მეტი გავლენა იქონია საქართველოს ახალგაზრდობაზე, ვიდრე მშობლებმა, მასწავლებლებმა, ეკლესიამ, და "ვეფხისტყაოსანმა" და მთლიანად ქართულმა ლიტერატურამ და ხელოვნებამ... "მერსედესებზე" და ჯიპებზე "მომჯდარი" ბიჭები, ფილმის გმირებს ბაძავდნენ , მაგრამ აჭარბებდნენ პროტოტიპებს სისასტიკით, გულგრილობით. პირზე სარკასტული ღიმილით ხოცავდნენ თანატოლებს.. თუმც არც უფროსებს ინდობდნენ.

 

პროფესორი ბოხუა, მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ მან უმკურნალა "საძმოთა" შეტაკებისას დაჭრილ მოწინააღმდეგეს. მათი სისასტიკე და შეუბრალებლობა გააკვირვებდა და უფრო სასტიკ ფილმს "ერთხელ თბილისში" - გადააღებინებდა, ამ ძალიან საინტერესო ფილმის რეჟისორს სერჯიო ლეონეს!

 

დღეს ნიკა რურუა გარდაიცვალა. ის ისტორიული და შესაძლოა, "საკულტო" სახე იყო 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში დატრიალებული ტრაგედიისა.

 

თეირანში Iran centre for film industry lnc-ის მეპატრონემ მისი კინოსტუდიის დათვალიერებისას, ჯერ ის სახელგანთქმული ფილმების აფიშები მანახა, რომელთაც თავის დროზე ირანულ ფილმს, საზღვარგარეთ სახელი და ცნობილი საერთაშორისო ფესტივალების მთავარი პრიზები მოუპოვეს, მერე კი თავად სტუდიებიც მანახა, შემომთავაზა - საქართველოში გადაღებული ფილმებისთვის მის კინოსტუდიაში გაეკეთებინათ დამუშავება, ვუთხარი, რომ საქართველოშიც გვქონდა ცნობილი კინოსტუდია.

 

სტუდიის მეპატრონე, წარმოშობით სომეხი ირანელი იყო, რომელმაც ერთ სტუდიაში ყოფნისას, ჩემი მხლებელი ირანელების და ფერეიდნელი ქართველების სტუდიიდან გასვლის მერე, დარჩენა მთხოვა და ხმადაბლა მითხრა, რომ ამ სტუდიაში მხოლოდ ქრისტიანები მუშაობდნენ (იგულისხმებოდა სომეხი გრიგორიანელები!) და ყველა სახელით გამაცნო.

 

"ქრისტიანები" პატრონის ამ სიტყვაზე, შეთქმულებივით იღიმოდნენ და ვიგრძენი თუ რას ნიშნავს, როცა რელიგიური ფანატიზმით იზღუდება, აღმსარებლობის თავისუფლება.

 

თუმცა კი, მოხერხებულმა სომხებმა ესეც მოახერხეს და ისლამურ სახელმწიფოში, სომხურ ეკლესიას ირანელები სხვებთან შედარებით, მაინც ლოიალურად უყურებენ.

 

ჩვენი კინოსტუდიის ხსენებაზე, "ქრისტიანმა" კინოსტუდიის მეპატრონემ, გაიღიმა და მითხრა, რომ ჩვენ არ გვექნებოდა, ყველა ის სტუდია, რომელიც ემსახურება ფილმის გახმოვანებას, მონტაჟს, სხვადასხვა ფონური ხმაურის და გამოსახულების დეფექტის მოშორებას და კიდევ, რა ვიცი რას... თან მითხრა, რომ ქართულ კინოინდუსტრიას მოემსახურებოდა მინიმალური ფასებით.

 

მე მართალი გითხრათ, კინოინდუსტრიის ამ დეტალების შესახებ ,დიდი წარმოდგენა არ მქონდა და ვუთხარი, რომ მისი თბილისში ვიზიტისას ვანახებდი, "ქართულ კინოსტუდიას" და თავად შეეფასებინა, მისი შესაძლებლობები.

 

ის ირანელი კინოსტუდიის მეპატრონე თბილისში ჩამოვიდა და მაშინდელ კულტურის მინისტრს ნიკა რურუას ვთხოვე, რომ სტუმარი ყურადღებით მიეღოთ და მისთვის, კინოსტუდიის დათვალიერების საშუალება მიეცათ.

 

კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი კარებში დაგვხვდა და მე იმ ქრისტიანი ირანელის გაოცებული სახე მახსოვს, როცა კინოსტუდია "ქართულ ფილმს" ვათვალიერებდით. თქვენ თითქმის ყველანაირი სტუდია გაქვთ, მითხრა ირანელმა სომეხმა. "ეს უძვირფასესი ტექნიკაა - საიდან?!" - უკვირდა მას.

 

თუმცა იხტიბარი არ გაიტეხა და მაინც "სომხურად" თქვა, რომ რაღაც სპეციფიკური ტიპის ფონური ხმაურის მოშორების სტუდია, ჩვენს კინოსტუდიას არ ქონდა, მას კი ჰქონდა და ამასი თანამშრომლობა შემოგვთავაზა. თუმცა, მერე იქვე აღიარა, რომე ჩვენს კინოსტუდიას ჰქონდა ისეთი სტუდიები, რომლებიც მის კინოსტუდიას არ გააჩნდა.

 

"ჩვენ იქით ვთავაზობთ ევროპელებს და ამერიკელებს, მათი ფილმების საქართველოში გადაღებას და დამუშავებას", - გაიცინა ჩვენი კინოსტუდიის დირექტორმა.

 

ნიკა რურუას მიმართ დამოკიდებულება, შესაძლოა, ყველას სხვადასხვაგვარი ჰქონდეს. მის მიმართ კეთილგანწყობილი -მის ორგანიზატორულ ნიჭს გაიხსენებს, რომელმაც განაპირობა, დაქცევის პირას მყოფი კინოსტუდიის მსოფლიო სტანდარტებამდე მიყვანა.

 

ზოგიც, მისი ცხოვრების იმ ხანს, როცა "ბოროტებმა", ზემო ვერაში მცხოვრები თორაძეების მრავალშვილიანი ოჯახი, მათი ახლობლისთვის, ერთ-ერთი ძმა თორაძის მიერ წართმეული ტყავის ქურთუკის გამო, დაწყებული კონფლიქტის მერე, თითქმის მთლიანად ამოხოცეს.

 

ზოგსაც გაახსენდება, რომ რამდენიმე წლის წინ თორაძეთა ოჯახიდან გადარჩენილი, აშშ-ში მცხოვრები ერთ-ერთი ქალიშვილის მიერ ამ ამბებზე დაწერილი წიგნი, რომელიც... მაღაზიებში გასაყიდად არ დაუშვეს, რადგან ამ სისხლიანი და საშინელი ისტორიის ბევრი, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მონაწილე, დღესაც ცოცხალია და ჯერ "ბებერს" და "შეუძლოს" ნამდვილად ვერ დაარქმევ... პირიქით!

 

"De mortuis aut bene, aut nihil" - "გარდაცვლილზე ან კარგი ან არაფერი"...

 

ნიკა რურუა კი დღეს გარდაიცვალა.

 

მე თავად ამ პერიოდში, უცოლო კაცი გახლდით და ეკატერინე ცოლად ზუსტად 25 წლის წინ 1993 წლის 28 ნოემბერს მოვიყვანე.

 

მაშინ ხშირად დავდიოდი და ვჩერდებოდი მოსკოვში, მამაჩემთან ერთად სხვადასხვა ბიზნესის საწარმოებლად, ხან ჩაის და კონიაკს ვაგზავნიდით საქართველოდან მოსკოვში და სიქტივკარში , ხან "Royal spirits" - ამერიკიდან ვლადივოსტოკში... და როცა ცოლი შევირთე, მაშინ მივხვდი, რომ საქართველოსგან მოწყვეტა არ გამოვიდოდა. თუ საქართველოში გავაგრძელებდი ბიზნეს-საქმიანობას, მაშინ მეც უნდა მქონოდა კავშირი შეიარაღებულ სტრუქტურასთან ან სამუდამოდ უნდა დავმშვიდობებოდი ჩემს სამშობლოს...

 

საქართველოს კი ვერ დავტოვებდი, რადგან საქართველოში რჩებოდა დედაჩემი, რომელსაც ჩემს სახლზე თავდასხმისას ხუთჯერ(!) ესროლეს ტყვია. დედაჩემს, უსათნოეს ქალს - ხუთჯერ ტყვია?! დედაჩემი, რომ ჩვენთან ერთად წამოსულიყო, (და ერთხელ, რამდენიმე თვით წამოვიდა კიდეც) სახლში რჩებოდა ბებია, რომელიც რაციით ჯიბეში (ეს ხუმრობა არ არის!) დადიოდა ძროხის მოსაწველად და რომელიც მას მერე, რაც 75 წლისა გახდა, სახლის ეზოდან არ გადასულა, რომ უცხო კაცისთვის და მეზობლისთვის თავი დამჭკნარად არ დაემახსოვრებინა. მას მარტო ხომ ვერ დავტოვებდით?!

 

"მხედრიონსა" და "გვარდიაში" მე არ შევიდოდი და ამის გამო, დავთანხმდი შემოთავაზებას, მემუშავა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ეკონომიკურ სტრუქტურას ვხელმძღვანელობდი...

 

იმ პერიოდში, მე თავად გადავარჩინე, საქართველოში რუსეთიდან ფულით ჩამოსული ერთი დაუდეგარი კაცი, რომელმაც მასზე თავდასხმისას "მხედრიონელი" მოკლა, საკუთარი ქალაქიდან გაიქცა, რადგან საწოლშივე მოკლავდნენ და ხობში ნათესავის სახლში შეაფარა თავი.

 

მას თავად ოთხი ტყვია ჰქონდა სხეულში ჩარჩენილი (დღესაც ორი იქ აქვს) და რადგან "მხედრიონის" შიშით საავადმყოფოში ვერ დაწვებოდა და რადგან ექიმსაც კი ეშინოდა, მასთან სანახავად მისვლის, ხობში იმ ნათესავის სახლში ლპებოდა. განგრენა ეწყებოდა და როცა ვინახულე სუნი სდიოდა.

 

მერე თბილისში წავიყვანე, მაგრამ თავი რომ დაეცვა, ამისთვის კი იარაღის ტარების ოფიციალური უფლებაც იყო საჭირო და პოლიციაში სამსახურიც მივეცი... ის ამ ამბიდან ორი წლის განმავლობაში, სახლის რკინის კარს მხოლოდ პირში ტყვია-მიცემული"ვინჩესტერით" ხელში აღებდა...

 

იყო თუ არა, იმ ახალგაზრდების ბრალი, ვინც ამ ქუჩურ და "საძმოთა" სისხლიან გარჩევებს გადაურჩა ის, რაც თბილისში და საქართველოში დატრიალდა?! ნიკა რურუა კი გადარჩა...

 

ჩემი პასუხი თითქმის ერთმნიშვნელოვანია! არა!

 

ჯერ კიდევ იქამდე, საკმარისი იყო, კომუნისტური რეჟიმი ოდნავ მორყეულიყო, რომ ახალგაზრდებს შორის, გარჩევებისას დანის გაყრა, ჩვეულებრივ ამბად იქცა.

 

ასეთ ჩხუბს კინაღამ შეეწირა, ჩემი გენიალობასთან ახლოს მდგომი მათემატიკოსი ჯგუფელი და მეგობარი დიტო პატარაია, რომელსაც უნივერსიტეტის ბაღში ფილტვში ცხრა სანტიმეტრზე გაუყარეს დანა. როცა გამოჯანმრთელდა, მანაც აუღო "აბაროტი" მოწინააღმდეგეს.

 

სხვაგვარად პატიებას - "ვაჟკაცობის წესები" არ სცნობდა!

 

მისი მოწინააღმდეგეც ღვთის ნებით გადარჩა და მერე შეხვედრისას - "ჯანმრთელობის ამბავი როგორ არისო,"-, ეკითხებოდნენ "მოსისხლეები" ერთმანეთს.

 

იმ დროს, ჩემი სტუდენტობისას, წყნეთში მთავრობის აგარაკებზე მოკლეს 20 წლის ბიჭი და მკვლელობაში თანამდებობის პირთა შვილები მონაწილეობდნენ. მშობლებმა დღევანდელი "სარალიძის საქმის" მსგავსად, მაშინაც სცადეს შვილების პასუხისმგებლობისგან არიდება... ამას საზოგადოებაში მაშინაც დიდი რეზონანსი მოყვა.

 

თუმცა ქართული საზოგადოება, მაშინაც თითქმის იგივენაირი კონფორმისტი იყო, როგორიც დღეს!

 

მან ცოტა ხანს "იღელვა", საკუთარ სამზარეულოში და ჭიქა ღვინით ხელში "მგზნებარე აღშფოთება" გამოთქვა... იშფოთა, იშფოთა და დაივიწყა... და დაწყნარდა... და მხოლოდ მაშინ აღშფოთდა ისევ, როცა სულ რამდენიმე წელიწადში სიკვდილის აქლემმა, მის კარებთანაც დაიჩოქა და კონფორმიზმის სანაცვლოდ, შვილის სიცოცხლე მოსთხოვა!

 

მაშინ, გასული საუკუნის 80-იანებში მკვლელობათა სერიამ, საქართველოს ახალგაზრდობას გადაუარა; მახსოვს, ამ საშინელებით შეძრული, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, ამ შემაძრწუნებელ მკვლელობათა სერიის შესაჩერებლად, ანათემით დაემუქრა ქართველი კაცის მკვლელთ!

 

თუმცა, იმ დროს უკვე აფხაზეთის ტრაგედიას ეყრებოდა საფუძველი, აფხაზებს მგონი უკვე მოკლული ყავდათ ვოვა ვეკუა, მისი რამდენიმე მეგობართან ერთად და პატრიარქის ეს "მუქარა" "ქართველის მკვლელის ანათემასთან" დაკავშირებით, მათ თავის თავზე მიიღეს და განაწყენდნენ!

 

ნიკა რურუას ბრალი არ იყო, რომ მაშინ გადარჩა.

 

მისი კულტურის მინისტრად ყოფნისას, სამინისტრო "საქართველოს ნავთობის კორპორაციის" შენობაში გადავიდა და მან გია ბუღაძის ნახატები კულტურის სამინისტროს ახალი შენობის კედლებიდან ჯერ ჩამოხსნა, მერე, როგორც თავად მხატვარი ამბობდა - თავისი ხელით დახია და სარდაფში ჩაყარა...

 

როცა ეს ამბავი მხატვარს - გია ბუღაძეს შეატყობინეს და მან მოიკითხა მისი ნახატები, რურუამ ამ ნახატებს "მხატვრული ღირებულების უქონელი" უწოდა და თავად მხატვარს მასთან კი არა, ამ შენობის მნესთან (ე.წ. "ზავხოზთან") ურჩია ურთიერთობის გარკვევა.

 

სარდაფში ვიპოვნეო, ჩემი დახეულ-დაგლეჯილი ნახატები - ჩიოდა მერე ბუღაძე.

 

მე მხატვრობა მიყვარს, ერთ დროს, მაშინ ახალგაზრდა და დღეს, ცნობილ მხატვრებთან ერთად, ვხატავდი კიდეც და თუმცა, ბუღაძის შემოქმედების ფანი არასდროს ვყოფილვარ, მაინც დამენანა... თუმცა, ეს ეტყობა ნიკა რურუას ხასიათის თვისება იყო და სწორედ ამან აქცია თავის დროზე, თუნდაც იმ ცნობილი „საძმოს" ერთ-ერთ ლიდერად...

 

ის არც მეგობარი ყოფილა ჩემი, შეხვედრითაც კი მხოლოდ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ გული მაინც დამწყდა... არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნიჭიერი, გემოვნებიანი, განათლებული კაცი იყო, არამედ იმიტომაც, რომ ის იმ ეპოქის ისტორიული პერსონაჟი იყო, როცა ქვეყანა იწვოდა და როცა, არა მხოლოდ აფხაზეთში, მთელს ქვეყანაში, მის ქუჩებში, სახლებში, პარკებში... სიკვდილის ანგელოზი ცელით ხელში შეუსვენებლივ ტრიალებდა და ჯერ შეუბრალებლად ცელავდა და მერე კევრით ლეწავდა, ჯერ კიდევ მოუმწიფებელ, „მწვანე" ახალგაზრდების კალოს...

 

მე გული დამწყდა, რადგან ის გარკვეული გაგებით ისტორიული პერსონაჟი და სახე იყო დროისა და ეპოქისა, როცა გამოჩნდა ჩვენი საზოგადოების კონფორმიზმი, უმწეობა, მოუმზადებლობა, გამყიდველობა, ეგოიზმი, უიდეობა და იდეალების სიმწირე, რამაც ამ საზოგადოების შვილებში წარმოშვა, გულგრილობა, ყალბი იდეალები, სისასტიკე და ამან საქმე გაუადვილა სიკვდილის ანგელოზს, რომელიც ცელით კი არა, „კალაშნიკოვის მოდერნიზებული ავტომატით" „მუშაობდა“ საქართველოში!

 

ნიკა რურუას ბრალი ნაკლებად იყო ის, რომ მაშინ სიკვდილის ცელს და „კალაშნიკოვის ავტომატის“ 7,62 მმ-იან ტყვიას გადაურჩა... დღეს გამოირკვა, რომ მხოლოდ დროებით... აბა, სიკვდილს ვინღა გადარჩენია!

 

ამ ამბავს არ შევსწრებივარ მაგრამ ამბობენ, როცა „მხედრიონელები“ (გუგეშაშვილი, ხაჩიშვილი და სხვები) ციხიდან გამოვიდნენ, კიკვიძის პარკში შეიკრიბნენო. მოდით ხელახლა აღვადგინოთ „მხედრიონიო“ - იძახდნენ თურმე „ძველი მხედრიონელები“ და სიამოვნებით იხსენებდნენ წლებს, როცა საქართველოში „გრიალებდნენ“, საკუთარ, სისხლიან ცხოვრების წესს ამკვიდრებდნენ. ისინიც კი, ვისაც არ სჯეროდა, რომ ძველი „ჯაბას-დროინდელი სიდიადით“ შეუძლებელი იყო „მხედრიონის“ აღდგენა, მგზნებარედ უჭერდა მხარს ამ იდეას.

 

ამბობენ, რომ მაშინ ნიკა რურუა მაგიდზე ახტა, იარაღიდან ტყვია გაისროლა ჰაერში და ძმამაღლა დაიძახა, - „მხედრიონი“ ჯაბასთან ერთად მოკვდა! დამთავრდა! დაივიწყეთ!“

 

ამბობენ, რომ ამის მერე, იმ საღამოს წყნარად დაიშალნენო, „ძველ დიდებას“ მოწყურებული, ვეტერანი, ცოდვიანი „მხედრიონელები“.

 

P.S. ეს ნოველა არც სამძიმარია და არც ნეკროლოგი. უბრალოდ, ეს ტკივილიანი მოგონებაა დროისა, რომელმაც ჩვენს თავზე გადაიარა და უამრავს მძიმე კვალი დაატყო... დღეს იმ ეპოქის ერთი კუმირი გარდაიცვალა... მკვდარზე კი - „De mortuis aut bene, aut nihil“. შეუნდოს უფალმა!“- წერს ლაგვილავა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი