logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: არასდროს არ დამავიწყდება...
- +

20 ნოემბერი. 2016. 12:01



საოპერო მომღერლის ზურაბ ანჯაფარიძის ძმისშვილი ლელა ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში რეჟისორ გიზო ჟორდანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

„საყვარელი გიზო ბიძია და მისი ორფერიანი ფიგურები...

 

..გუშინ მიგვატოვა კიდევ ერთმა „იმ" შესანიშნავი თაობის ადამიანმა, რომელთაგან თითოეულის წასვლა უდიდესი დანაკარგია...

 

გარდაიცვალა ჩემთვის ძალიან საყვარელი კაცი, მთლად ბავშვობიდან...

 

საოცრად არტისტული, ნიჭიერი, დახვეწილი გიზო ჟორდანია...

 

ჯერ კიდევ ძველ, „დაუმწვარ" ოპერის თეატრში, სცენას რომ უყურებდი, მარცხენა მხარეს, განთავსებული იყო ე.წ. „სარეჟისორო" ლოჟა...

 

ლოჟა იმდენად საინტერესო არ იყო, როგორც ის, რაც ხდებოდა მის იქით, სიღრმეში... იქ კი გახლდათ პატარა ჯადოსნური კაბინეტი, რომელსაც იყოფდნენ ჩემი მამიკო და გიზო ჟორდანია... ნუ, რა ხდებოდა იქ, ენით ვერ აგიღწერთ... სრული არეულობა, მაგრამ როგორი ნიჭიერი არეულობა!!!

 

შემოვდიოდი თუ არა თეატრში იქ მივრბოდი, გემრიელი და დახვეული კიბით...

 

გიზო ბიძიას ედგა სცენის პატარა მაკეტი და ძალიან ბევრი მწვანე და ბოროდსფერი „კაცუნები" და „ქალუნები"... დიდი რეჟისორი მიზანსცენებს მათზე აწყობდა და შემდეგ გადაჰქონდა დიდ სცენაზე...

 

თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რა სიამოვნება იყო ბატონ გიზოს მუშაობას რომ უყურებდი...

ეს იყო ნამდვილი შემოქმედებითი წვა, ეს იყო ისეთი დიდი ხელოვნება...

 

ჩვენ, ადამიანებმა ხშირად ბოდიშის მოხდა ვიცით დაგვიანებით...

ჰოდა მეც ამ წუთში ვუხდი ბოდიშს ბატონ გიზოს იმისთვის, რომ რამდენიმე ფიგურა მოვიპარე და სახლში ვდგამდი ჩემს პატარა სპექტაკლებს... მე მგონი, ხვდებოდა, რადგანაც, რომ მიყურებდა, ზოგჯერ სხვანაირად ეცინებოდა, ეშმაკურად და მე ვწითლდებოდი...

 

მაგრამ არასდროს არაფერი არ უთქვამს... არ მაკადრა...

 

როდესაც მე ჩემი საზღვარგარეთ 17 წლის ცხოვრების შემდეგ, დავბრუნდი თბილისში... პირველი რაც გავაკეთე, რა თქმა უნდა, წავედი ოპერის თეტრის ეზოში, სადაც ზურაბ ანჯაფარიძე განისვენებს და იქიდან დასევდიანებული მოვდიოდი რუსთაველზე და უცებ, ვხედავ, მოდის ბატონი გიზო... როგორც ყოველთვის ელეგანტური და ყველასგან განსხვავებული... ეგრევე მიცნო... არა და, ბევრი ვერ მცნობდა... მე მივვარდი, რომ ჩავხუტებოდი, იმან „შემაჩერა", გალანტურად მაკოცა ხელზე და მერე ჩამეხუტა...

 

არასდროს არ დამავიწყდება... ისე მოგვენატრა ერთმანეთი და, ალბათ, ის ძველი დრო, რომ სიტყვები საჭირო არ იყო...

 

ერთადერთი რაც ვუთხარი, ძალიან კარგად მახსოვს იყო: „გიზო ბიძია, რადგან პირველი თქვენ შემხვდით თბილისში, ყველაფერი კარგად მექნება"...

 

როგორ ვოცნებობდი, რომ 2018 წელს ბატონი გიზო და სულ ცოტა მე მოვამზადებდით ზურიკოს 90 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს...

 

ცხოვრებას კი თავისი კანონები აქვს და სამწუხაროდ, ჩვენს გეგმებს არ ან... ვერ ითვალისწინებს...

 

მე გიზო ბიძია ასეთი მახსოვს, ალბათ... თუმცა, ჩემთვის ის არც შეცვლილა არასდროს... ბავშვობა ხომ არ იცვლება..." - წერს ლელა ანჯაფარიძე. 


 

 

 

big_banner
არქივი