logo_geo
მერაბ ჯიბლაძე: ეს არის მიზეზი იმისა, რომ პირველკურსელებს ცოდნის ისეთი დონე აქვთ, როგორიც ადრე მე-7 კლასელებს ჰქონდათ
- +

13 თებერვალი. 2019. 19:45

 

 

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ ჯიბლაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საქართველოში საშუალო სკოლა აღარ არსებობს. ის საჯარო სკოლამ შეცვალა, რომელიც იგივე ამერიკული „ფაბლიქ სქულია“. ეს სკოლა ამერიკაში გონებასუსტი ბავშვებისთვის არის შექმნილი, სათანადო სასწავლო პროგრამებითა და სახელმძღვანელოებით. ასეთი სკოლების მიზანია ბავშვებისათვის წერა-კითხვისა და ელემენტარული უნარ-ჩვევების სწავლება. მაგრამ იქ, გარდა „ფაბლიქ სქულებისა“ - საჯარო სკოლებისა, ფუნქციონირებენ საშუალო, მაღალი და აკადემიური სკოლები, მაღალი დონის სასწავლო პროგრამებით, რაც თანამედროვე სტანდარტების დონეზე განათლების მიღების საშუალებას იძლევა.

 

90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს განვითარებადი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, რაც ნიშნავს, რომ მას სამხრეთ აფრიკის სუსტად განვითარებული ქვეყნების კანონებით უნდა ეცხოვრა. სხვათაშორის, 1992 წელს (ამ დროს განათლების მინისტრის მოადგილე ვიყავი) ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშემ, ჰაჩისონმა განმიმარტა: „თქვენ ხართ განვითარებადი ქვეყანა და სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს მხოლოდ დაწყებითი განათლება“.

 

ამერიკულ სკოლებში სასწავლო პროცესი სამი ტიპის - A, B და C პროგრამებით მიმდინარეობს, ქართულ საჯარო სკოლებში კი, უმდაბლესი პროგრამა - A ფუნქციონირებს.

 

ამერიკელ მოსწავლეებს, რომლებიც მაღალი დონის B ან C პროგრამებით სწავლობენ სკოლაში, შეუძლიათ სხვადასხვა დონის უნივერსიტეტებში ჩააბარონ. მე სამჯერ ვარ ნამყოფი ამერიკაში და იქაური სკოლების საკითხი კარგად მაქვს შესწავლილი.

 

ქართველ მოსწავლეს კი, რომელიც A დაბალი დონის პროგრამით არის მომზადებული, აკრძალული აქვს მაღალი დონის განათლების მიღება. განათლების დონეს ჩვენთან განსაზღვრავს ერთიანი ეროვნული გამოცდები. ეროვნულ გამოცდებზე ხდება არა ცოდნის, არამედ უნარ-ჩვევების შეფასება. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ უნივერსიტეტის პირველკურსელებს ცოდნის ისეთი დონე აქვთ, როგორიც ადრე მე-7 კლასელებს ჰქონდათ.

 

სახელმძღვანელოების შედგენა ხდება A პროგრამის მიხედვით. მე-10 კლასის ფიზიკის სახელმძღვანელოში მაგ. სურათებს მეტი ფართობი აქვთ დათმობილი, ვიდრე ტექსტებს. ტექსტები სკანდალური შეცდომებით არის სავსე, რაც ავტორის დაბალ კვალიფიციურობაზე მეტყველებს. სურათები კი საბავშვო ბაღის ბავშვებს უფრო შეეფერება, ვიდრე მე-10 კლასელებს.

 

დღევანდელ ხელისუფლებას აწყობს გაუნათლებელი საზოგადოება, რადგანაც მისი მართვა უფრო ადვილია. 2003 წელთან შედარებით დღეისათვის სკოლების რიცხვი 1,5 –ჯერ შემცირდა .

 

განათლების ჩინოვნიკებისაგან არაერთხელ გვსმენია, რომ აქცენტი ინგლისურ ენასა და კომპიუტერზე უნდა გაკეთდეს. ნათელია, რომ ქართველ ახალგაზრდობას ტურისტების მომსახურე პერსონალად და ჯარისკაცებად ამზადებენ... ჩვენი ჯარისკაცები კი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმოებულ ომებში საზარბაზნე ხორცად იქნებიან გამოყენებულნი. ასეთია სახელმწიფოს ინტერესი.

 

ბიუჯეტიდან მთელი განათლების სისტემისათვის გამოყოფილია 7,5 %. ამ დროს რუსეთმა განათლებისათვის ბიუჯეტიდან 20% გამოყო. უნდა გვახსოვდეს, რა დიდ წარმატებას მიაღწია ომის შემდეგ დანგრეულმა იაპონიამ მას შემდეგ, რაც მან განათლებისათვის 60 % გამოყო“, - წერს ჯიბლაძე.

 

 

big_banner
არქივი