logo_geo
გია ნოდია სააკაშვილს: ლიდერად არ ვარგებულხარ
- +

21 ნოემბერი. 2016. 11:45

 

 

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ნოდია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:


„ჩემი წინა პოსტის რეაქციებიდან გამოდის, რომ მთავარი პრეტენზია „ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი ხელმძღვანელობის მიმართ (რომელთაც მიშას არ დაუჯერეს და პარლამენტში შევიდნენ) არის ის, რომ პარტია „მიშასია", რომ ისინი პარლამენტში მხოლოდ მიშას წყალობით არიან, ამიტომ მათ არა აქვთ უფლება, თან მიშას არ დაუჯერონ და თან პარტიაში დარჩნენ. „თუ არ მოსწონთ, გავიდნენ და თავისი პარტია დაარსონ. მერე ვნახავთ, როგორ შევლენ პარლამენტში".

 

არ მოველი, რომ ვინმეს გადავარწმუნებ, მაგრამ რაციონალური დისკუსიის პრიციპისადმი პატივისცემის ნიშნად მაინც მინდა, ამ არგუმენტს პასუხი გავცე. ბევრჯერ დამიწერია და ახლაც ვთვლი, რომ „მიშა მაგარია", რომ მიშა არის საუკეთესო პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ახალ საქართველოს ჰყოლია. მაგრამ რატომ ვთვლი ასე? რით ფასდება ლიდერი? რომ კარგ რაღაცეებს ლაპარაკობს? რომ რაღაც ღვთაებრივი ნიჭი აქვს? არა. საბოლოოდ, ის ფასდება საქმეებით, მაგრამ უშუალო, თვალსაჩინო ინდიკატორია გუნდი. ნებისმიერი ლიდერის პირველი ნაბიჯი გუნდის შექმნაა, ის იმითაა ძლიერი, რომ ძლიერ გუნდს ქმნის და მერე მას უნარიანად ამუშავებს. მარტო ვერც ერთი ლიდერი ვერაფერს გააკეთებს, ეს აბსურდია.

 

მიშას როგორც პოლიტიკური ლიდერის სახეს, ჩემთვის უპირველეს ყოვლისა განსაზღვრავდა გუნდი, რომელიც მან შექმნა და რითაც მიაღწია იმას, რასაც მიაღწია (და არა მისი ინტერვიუები ან მიტინგზე გამოსვლები, ეს პიარ-ტექნიკაა). ყველა გუნდში არის პრობლემები, განხეთქილებები, ვიღაცა მიდის, ვიღაცა მოდის. მაგრამ ბირთვი უნდა არსებობდეს და უნდა იყოს მყარი. თუ ასეთი მყარი და ქმედუნარიანი ბირთვი ვერ შეიქმნა, ლიდერი არ ვარგებულა.

 

მიშას ხელისუფლების წარმატების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ის, რომ მას უყვარდა ნიჭიერი ხალხი, არ ეშინოდა მათი, პირიქით, ეძებდა, უხაროდა, რომ იპოვიდა, და ენდობოდა. გავრცელებული აზრის მიუხედავად, მისი მმართელობა არასოდეს ყოფილა ერთპიროვნული, ის ეყრდნობოდა მწვავე დისკუსიებს და განხილვებს (თუმცა ეს განხილვები არ ყოფილა ფართო და საჯარო). ის სხვას უსმენდა და უჯერებდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ცხადია მისი იყო. ეს თვითონაც გაიხსენა ახლახან და სრულიად სწორად. ისიც დაამატა, რაღაცეები არ უნდა დამეჯერებინაო. შეიძლება, მაგრამ ახლა ეს გაღიზიანებული კაცის ნათქვამია. სწორედ იმიტომ იყო წარმატებული ის ხელისუფლება, რომ ერთი კაცისა არ იყო, თუმცა გარედან შეიძლება ასე ჩანდა.

 

პირიქით, მიშას რომ მხოლოდ თავისმოკანტურე ენთუზიასტები ჰყოლოდა გარშემო, იქნებოდა სუსტი ლიდერი და ვერ მიაღწევდა იმას, რის გამოც ზოგიერთებს გვგონია, რომ „მიშა მაგარია".

 

არ ვამბობ, რომ ჩემს მხარდაჭერას სხვაზე მეტი წონა აქვს, მაგრამ მე იმიტომ არ ვუჭერდი მხარს „ნაციონალურ მოძრაობას", რომ მიშაზე განსაკუთრებული წარმოდგენა მაქვს. ყოველთვის რაღაცაში ვეთანხმებოდი და რაღაცაში - არა. პირველ რიგში იმიტომ ვაფასებდი, რომ ძლიერი გუნდი შექმნა. „ენმ" მხოლოდ მიშა რომ მგონებოდა, მას სუსტ ლიდერად მივიჩნევდი და არც ჩავთლიდი პარტიას მხარდაჭერის ღირსად, ვიღაცის ჯიბის პარტია რა მოსაწონია?

 

დაბოლოს, თუ ლიდერს ერთი ან ორი კაცი გადაუდგა, ამაში მისი შეცდომის წვლილიცაა (მაგალითად, თავის დროზე მიშამ თავის ყველაზე დიდ შეცდომად ირაკლი ოქრუაშვილი აღიარა), თუმცა ასეთი შეცდომა ნორმის ფარგლებშია: ამის გარეშე პოლიტიკა არ არსებობს.

 

მაგრამ თუ ლიდერს განხეთქილება მოუვიდა იმ გუნდის უმრავლესობასთან, ვისთანაც მანამდე მუშაობდა და ვისთანაც მანამდე პარტია ასოცირდებოდა, ეს უკვე მისი პრობლემაა და მისი ლიდერობის საკითხი დგება. თუ ასეთი ცუდები იყვნენ, აქამდე რატომ გეყენა გვერდზე? გამოდის, შენ არ გცოდნია ხალხის შერჩევა და ლიდერად არ ვარგებულხარ.

 

ასე რომ, ის ხალხი, ვინც დღეს პარტიის დღევანდელ ხელმძღვანელობას უშვერი სიტყვებით ლანძღავს, სინამდვილეში მიშასაც აგინებს, ოღონდ ამდენს ვერ ხვდება", - წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.









 

right_banner big_banner
არქივი