logo_geo
ჩიორა თაქთაქიშვილი: მიშისტების, მრევლის, კარვის ქალების ძახილით თქვენსავე თავს აყენებთ შეურაცხყოფას
- +

21 ნოემბერი. 2016. 11:53

 


„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„მიშა, ასეთი მხარდამჭერები გინდოდა?" „თუ ჩიორა მარიამ ბაშარულის პოზიციას იწონებს, მაშინ ჩიორასთან ერთიანობა ვეღარ წარმომიდგენია", „მეგი გოცირიძის და მარიამ ბაშარულის გვერდზე გინდათ დადგეთ?" „ნეტა პარტია მართლა ზაზა ბიბილაშვილის, აკოს და ჩიორას ხელში გადავიდეს და მერე უნდა ვნახოთ სეირი"...

 

ეს ადამიანები უბრალოდ არ იგებენ, რაზეც ჩვენ ველაპარაკებით!!

 

პრობლემის დაყვანა კონკრეტულ ადამიანებამდე არის დებატზე, დისკუსიაზე უარის თქმა. კერპთაყვანისმცემლების, მიშისტების, მრევლის, კარვის ქალების ძახილით თქვენსავე თავს აყენებთ შეურაცხყოფას. ემსგავსებით იმ მღვდელს, რომელიც 2012-ის სექტემბერში გააფთრებული თხოვდა ერთ-ერთი აქციის მონაწილეს: „დაგმე მიშა! წადი მაშინ აქედან!" გაიგეთ, რომ ჩვენი პარტიის მხარდამჭერები თქვენგან არასოდეს მიიღებენ იმავეს, რასაც ის მღვდელი მაშინ ამბობდა.

 

თქვენ ვერ იაზრებთ მთავარს, რომ ეს ბრძოლა ჩემთვის და ჩემი თანამოაზრეებისთვის არ არის თანამდებობისთვის ბრძოლა. მე ვიბრძვი იმ მიდგომის წინააღმდეგ, რომ „სწორი ადამიანები" დავარქვათ ჩვენს სანაცნობოს და ყველა სხვა ღირებულ პოტენციურ გუნდის წევრზე და თანამებრძოლზე უარი ვთქვათ მარტო იმიტომ, რომ ისინი თქვენი წრის წევრები არ არიან. ამ ადამიანებს თქვენ იმიტომ არ უშვებდით პარტიასთან ახლოს, რომ მათთან დებატის, კონკურენციის გეშინიათ, თქვენგან დამოუკიდებელ, თავის თავში დარწმუნებულ და საკუთარი სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანებს ძალა შესწევთ, შეცდომებისკენ მოურიდებლად მიგითითონ მაშინ, როდესაც ამ შეცდომებს უშვებთ. თქვენ კი თქვენი წრის წევრებისგან მხოლოდ მოწონებას და დასტურს მოელით, ხოლო, თუ არ დაგემორჩილენ, ადვილად გაამარგინალებთ თქვენსავე წრეში. მიშას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ვარდების რევოლუციით დამკვიდრებული იდეა იმიტომ არის დღესაც აქტუალური და ღირებული, რომ ის არ ყოფდა ადამიანებს, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ვაკელებად და გლდანელებად, სვეტებად და გოიმებად, თბილისელებად და სოფლელებად, კარი ღია იყო ყველა ადამიანისთვის, ვინც მზად იყო, ამ ქვეყნისთვის რამე სასიკეთო მოეტანა და ვინც ცდილობდა, საბჭოთა ადამიანის მენტალობისთვის თავი დაეღწია, ევროპული ღირებულებებით ეცხოვრა საკუთარ ქვეყანაში. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ჩვენი პარტიის და საქვეყნო საქმის წინ წაწევა და გამარჯვება. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელ, სუვერენულ, ევროპულ სახელმწიფოდ უნდა ჩამოაყალიბონ ამ ქვეყანაში მყოფმა თავისუფალმა ადამიანებმა. ძალა ამ ადამიანებშია და არა პარტიულ თანამდებობებში ან ფსევდოელიტებში!" - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.












 

big_banner
არქივი