logo_geo
ირაკლი მელაშვილი: რომ არ დავწერო, არ იქნება...
- +

25 ნოემბერი. 2016. 11:19



საქართველოს ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:


„ფბ-ზე თვალს ვადევნებ ხოლმე ბოლო თვეებში „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე „დისკუსიას" მათი პარტიის მომავალზე. ყველაფერი კანონზომიერია, პოლიტიკოსები, რომლებმაც წლების განმავლობაში პოლიტიკური ბრძოლის მთავარ იარაღად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის „მტრის", „აგენტის", „რუსებისადმი მიყიდულის" იარლიყების მიწებება, მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით ოპონენტების ადამიანური ღირსების შემლახველი ეპითეტების და დამამცირებელი ბრალდებების ტირაჟირება აირჩიეს, დღეს თავადვე ხდებიან მათ მიერ დანერგილი შეუწყნარებლობის იდეოლოგიის მსხვერპლი.

 

პარტიის შიგნით განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გაჩენისთანავე პარტიის ლიდერები და მათი მომხრეები ზუსტად ისეთივე იარლიყებითა და ადამიანური ღირსების შეურაცხმყოფელი ბრალდებებით უსწორდებიან ერთმანეთს, როგორც წლების მანძილზე ერთად უსწორდებოდნენ საკუთარი პარტიის თუ ბელადის პოლიტიკურ ოპონენეტებს. ისტორია დაუნდობელია და ის არავის არაფერს პატიობს. ამ „დაუნდობელ ბრძოლაში", როგორც ენმ-ს ძველ პოლიტიკურ ლიდერებს, ბოკერიას და მის გუნდს, ასევე „მიშას ერთგულებს" უკვე თავად უწევთ, საკუთარი თანაპარტიელების ხელიდან (თუ პირიდან) სრულად შეიგრძნონ ქართულ პოლიტიკურ კულტურაში მათ მიერვე დამკვიდრებული ბრძოლის მეთოდების მთელი სიამ-სიმყრალე.

 

მიუხედავად ჩემი ნაცმო-სადმი დამოკიდებულებისა, მიმაჩნია, რომ კარგი ამაში არაფერია. ამ პოლიტიკურ ძალას აბსოლუტურდ გულწრფელად, ნახევარი მილიონი ჩემი თანამოქალაქე უჭერს მხარს. ანუ, თეორიული შანსი, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს მეთოდები სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე კვლავ დაბრუნდეს, ისევ არსებობს. ამას არც ენმ-ის უბედურებაზე შორიდან მოსეირის როლში ხელების ფშვნეტით ყურება უშველის და არც უბრალოდ გულის მოფხანა. ასეთ უბედურებასთან ბრძოლას (არა კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში გამჯდარ შეუწყნარებლობის იდეოლოგიას ვგულისხმობ) და გამარჯვებას სერიოზული მუშაობა სჭირდება. მაინც ვფიქრობ, რომ პირველი ნაბიჯი ყოველთვის მმართველ ძალას ეკუთვნის, ის უკვეთავს თამაშის წესებს, ამიტომ მან აღარ უნდა მისცეს უფლება საკუთარ თავს, პოლიტიკური დისკუსია ოპონენტების მარტივი ლანძღვა-გინების, მათი დაშანტაჟება-დისკრედიტაციის რეჟიმში გადაიყვანოს.

 

P.S. აი, რომ არ დავწერო, არ იქნება. ესენი ერთმანეთს რას უშვრებიან და რომ მოეგოთ, სხვას რას უზამდნენ,  ისე ხუმრობით", - წერს მელაშვილი.


 

right_banner big_banner
არქივი