logo_geo
გიორგი კეკელიძე: ვთხოვ პატარა გოგონებს და ბიჭებს – ილაპარაკეთ! ხმამაღლა ილაპარაკეთ!
- +

13 თებერვალი. 2021. 20:32

 

ქობულეთში, სოფელ ქაქუთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ტრაგიკულ ისტორიას სოციალურ ქსელში მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ეხმაურება.

 

„გაზაფხული მოდის. ქაქუთში ბლის ხეები აყვავდებიან, მერე ხასხასა კუნწულებს გამოიბამენ და ბლის ხეებზე მარიამის თანატოლები ავლენ. მარიამი თებერვალში ავიდა. რომ მოგვესმინა, მაისში უნდა ასულიყო.

 

ადრეც დავწერე: მეხუთე კლასში ვიყავი, როცა სკოლიდან დაბრუნებულს, სადილად მსხდარმა ოჯახის წევრებმა, მითხრეს – წადი ბაბუას დაუძახე, შემოგვიერთდესო. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო; ბაბუაჩემი, ჩემი გმირი და მეზღაპრე, თხილის ბაღში მუშაობდა ხოლმე და მე ვეძახდი სადილად.

 

მაშინაც მივირბინე და შაქროს ყველაზე მაღალი თხილის ხე შეერჩია, თოკი მიება და ირწეოდა. ბაბუამ თავი ჩამოიხრჩო. მას მერე, დიდხანს, დიდხანს ვფიქრობდი ამაზე და ეს საშინელი საქმე მიმზიდველად მეჩვენებოდა – რთული ამბებიდან საუკეთესო გამოსავლად. ერთხელ ბოსელში თოკი მივიტანე, ჩამოვკიდე, ვუყურე, ვუყურე, შემეშინდა და გამოვიქეცი.

 

მერე, გაცილებით გვიან, მოსწავლე მყავდა, სხვა სკოლიდან გადმოსული – მისი ძველი თანაკლასელი გადახტა ფანჯრიდან და ეს სულ იმგვარ სცენებს ხატავდა. ფიქრიც ისეთი ჰქონდა. დიდი გარჯა დაგვჭირდა – გავიმარჯვეთ.

 

ამ ყველაფერს იმ გოგონას გამო გიყვებით. იმ 14 წლის ქაქუთელი გოგონას გამო. იშვიათია დანაშაული, როცა ყველა დამნაშავეა. და ეს საქმე ასეთია. დიახ, დამნაშავეა – ზოგი მეტად, ზოგიც ნაკლებად – მაგრამ ყველა. სირცხვილის შიში – ეს იყო კარნახი, რომელმაც თოკი მოაძებნინა. და ასეთი ან მსგავსი ან შორიახლოდ მსგავსი სირცხვილი ალბათ სხვასაც ტანჯავს. და ეგებ მანაც მიიჩნიოს გამოსავლად. არავინ იცის.

 

ამიტომ, ვთხოვ იმ პატარა გოგონებს და ბიჭებს – ილაპარაკეთ! ხმამაღლა ილაპარაკეთ! მოძებნეთ ის, ვინც მოგისმენთ. მშობელი თუ კედლად იქცა, მეზობელს მიმართეთ, თუ მეზობელი არა – მასწავლებელს, სოციალურ მუშაკს, პოლიციელს! ოღონდ თავი არ მოიკლათ! არ მოიკლათ თავი – არც სხვისი დანაშაულის გამო, არც თქვენი შეცდომის გამო და არც არაფრის!

 

და ჩვენ კი, ჩვენ ეგებ ახლა მაინც ვისწავლოთ მოსმენა – ჩვენ – მშობლებმა, მასწავლებლებმა, მეზობლებმა, მეგობრებმა – მხოლოდ ნათქვამის კი არა, ხან დუმილის მოსმენაც, დუმილის გამოჩხრეკაც. მოსმენა და მოქმედება.

 

ჰო, გაზაფხული მოდის. ქაქუთში ბლის ხეები აყვავდებიან, მერე ხასხასა კუნწულებს გამოიბამენ და ბლის ხეებზე ამ გოგონას თანატოლები ავლენ. ის კი თებერვალში ავიდა. რომ მოგვესმინა, მაისში უნდა ასულიყო”, – წერს გიორგი კეკელიძე.

big_banner
არქივი