logo_geo
შეისმენს თუ არა ჩვენს ლოცვას ღმერთი, როცა რაიმეს შეცდომით, ან დაუფიქრებლად ვითხოვთ? – დეკანოზ თამაზ ლომიძის განმარტება
- +

4 მარტი. 2021. 00:10

 

 

 

„შეისმენს თუ არა ჩვენს ლოცვას ღმერთი, როცა რაიმეს შეცდომით ან დაუფიქრებლად ვითხოვთ?“ – ამას დეკანოზ თამაზ ლომიძე  სოციალურ ქსელში განმარტავს.

 

„მაგალითად, როცა დაბნეულები ვართ და საკუთარი სისუსტის ან ცოდვის გამო დაბინდული გვაქვს გონება და ლოცვაში რაიმეს შეუფერებელს ვითხოვთ. შეისმენს ღმერთი ასეთ თხოვნას? მივიღებთ იმას, რასაც იმწუთას შეიძლება დაუფიქრებლად ვითხოვთ და შემდეგ შეიძლება ვინანოთ კიდეც? არა, ახალი აღთქმა ცალსახად გვეუბნება, რომ ასეთ ლოცვას არ შეისმენს ღმერთი.

 

ზოგჯერ მორწმუნე ადამიანების ფუნდამენტური შეცდომა ისაა, რომ ლოცვას რაღაც მაგიურ რიტუალად ან შელოცვად თვლიან და ამიტომაც ჰგონიათ, რომ ის, რაც შეცდომით “შეულოცეს“, შეიძლება ასრულდეს კიდეც და დაემართოთ ის, რაც პრინციპში არ უნდოდათ, მაგრამ უცოდინრობით ან დაბნეულობის გამო შეეშალათ ლოცვის თქმის დროს. ასე ნამდვილად არაა. ლოცვა არ არის მაგიური სიტყვების წყობა ან რაღაც ჯადოსნური ფორმულა. ლოცვაში ნათქვამი სისულელე ან ბოროტება არასოდეს იქნება შესმენილი უფლისგან და არც შესრულდება. არც ღმერთი “გამოგიჭერთ” და ძალით “შეგისრულებთ” თხოვნას დაუფიქრებლად ნათქვამის გამო, რომელსაც შეიძლება შემდეგ ნანობთ და ხვდებით თქვენს შეცდომას. არ არის ასეთი ჩვენი ღმერთი.

 

მაშ, როდის იქნება შესმენილი ჩვენი ლოცვა?

 

ახალ აღთქმაში წმ. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი გვასწავლის: “…როცა მისი ნებისამებრ ვითხოვთ რასმე, შეისმენს ჩვენსას” (1 ინ. 5,14) ე.ი. მხოლოდ მაშინ როცა ლოცვისას ღმრთის ნების შესაბამის თხოვნას ვამბობთ, შესმენილი იქნება კიდეც უფლისგან ლოცვა, სხვა შემთხვევაში – არა. ასე გვასწავლის წმინდა წერილი“, – წერს დეკანოზი.

 

 

big_banner
არქივი