logo_geo
მაკო ფურცელაძე: ბატონი გურამიც მაშინ გარდაიცვალა ირაკლისთან ერთად, უბრალოდ, მხოლოდ ახლა გადავიდა სააქაოდან ზეციურ საქართველოში...
- +

4 აპრილი. 2021. 13:37

 

 

ჟურნალისტი მაკო ფურცელაძე გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ირაკლი დოჩანაშვილს იხსენებს.

 

„ერთ დროს მეც ძალიან მიჭირდა. ჩვენი უწმინდესის ინიციატივით პირველი უფასო სასადილო რომ გაიხსნა, მეც მივდიოდი ხოლმე. იქვე არ ვჭამდი, მაგრამ სუფრაზე საჭმ­ელი რომ დარჩებოდათ, ვიღებდი, ვახვევდი და შინ მომქონდა. ვიღაცას რომ დაენახა, იფიქრებდა, ეს ღორმუცელა ვინ არისო, არადა, ჩემ­თვის კი არ მინდოდა, ცოლ-შვილისთვის მომქონდა - ჩემს ქალიშვილს ძმა ჰყავდა გარდაცვლილი, ჩემს ცოლს - შვილი და ასე მაინც ხომ უნდა დავხმარებოდი!“

 

ეს იმ გურამ დოჩანაშვილის ინტერვიუდან ამონარიდია, რომელსაც დღეს ფარისეველთა მოდასაყოლილი ხროვა დასტირის, არადა, უამრავი ინტელიგენტის, მეცნიერის (აკადემიკოსი ევგენი ხარაძე თუ ახსოვს ნეტა ვინმეს და თუ იცის, როგორ ყიდდა წიგნებს რუსთაველზე, პური რომ ეყიდა - თუმცა ღორები ხომ ზეცისკენ ვერ იხედებიან, საიდან უნდა იცოდნენ,  რა ღვაწლი აქვს ევგენი ხარაძეს), არტისტის მსგავსად, შიმშილით ლამის სული სძვრებოდა და თავჩაღუნული, მდუმარედ სტუმრობდა უფასო სასადილოს... როგორ გგონიათ, მაშინ არ იყო გენიალური წიგნების ავტორი, პირველი წიგნი ხომ 1966 წელს გამოსცა?! - ეს ისე, რეპლიკისთვის - მკვდარი რომ გვიყვარს, მასთან ერთად საფლავში ვვარდებით და სანამ ცოცხალია, გენიოსიც რომ იყოს, ფეხებზე გვკიდია!!!

 

დიდი ხანია ნატრობდა ამ დღეს - იმ წუთიდან, შვილმკვდარი მამა რომ დაერქვა. მე და ირაკლი მისაღებ გამოცდებზე ერთად გავედით. თვალებით დამამახსოვრდა. მაშინ არ ვიცოდი, რომ გურამ დოჩანაშვილის შვილი იყო. მერე გავიგე, უნივერსიტეტის ბაღში რომ შევხვდი... ჩაის სახლის და ლიზიკოს ხაჭაპურის დღეები მახსოვს... როგორ მშურდა მაშინ, გურამ დოჩანაშვილის შვილი რომ იყო და პირველად მას შეეძლო წაეკითხა, რასაც წერდა, მასთან ესაუბრა... რა გშურს, შენ რომ ცნობილი ჟურნალისტი გახდები, ისეთ ინტერვიუს ჩაგაწერინებ, არავის არ ექნებაო, -ასე დამპირდა...

 

1990 წელს გარდაიცვალა - ზეცა ჩამოიქცა, ეს ამბავი რომ გავიგე. მახსოვს, მუხათწყაროში ვიყავი... ვიცი, ბატონი გურამიც მაშინ გარდაიცვალა ირაკლისთან ერთად, უბრალოდ, მხოლოდ ახლა გადავიდა სააქაოდან ზეციურ საქართველოში...

 

არასდროს არ ჩამიწერია მასთან ინტერვიუ, არც მითხოვია - ვერ შევძელი... სულ მეგონა, რომ ირაკლის გარეშე ვერასდროს დაველაპარაკებოდი!

 

აცხონოს უფალმა - ირაკლი და გურამი!“ - წერს მაკო ფურცელაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი