logo_geo
ზვიად კირტავა: მნიშვნელოვანია შეფასდეს ე.წ. ნამატი სიკვდილობაც, რაც უფრო დაზუსტებულ წარმოდგენას მოგვცემს იმაზე, როგორი იყო „კოვიდ-19“-ის სრული გავლენა ქვეყნებში სიკვდილობაზე
- +

14 აპრილი. 2021. 02:23

 

 

„როდესაც კოვიდ-19 სიკვდილობას ვაფასებთ მხოლოდ იმ გარდაცვლილთა რაოდენობით, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნის სამედიცინო სამსახურებმა თავის ანგარიშებში ასახეს, უნდა გავითვალისწინოთ ის სერიოზული განსხვავებები, რაც ქვეყნებს შორის სიკვდილობის მიზეზის შეფასებებში არსებობს“,  - წერს „ჯეოქეისის“ მკვლევარი, პროფესორი „ჯეოქეისის“ მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

ამიტომ მნიშვნელოვანია შეფასდეს ე.წ. ნამატი სიკვდილობაც, ანუ პანდემიის პერიოდში ყველა მიზეზით სიკვდილობის რაოდენობის შედარება ან წინა წლის, ან წინა რამდენიმე წლის (მაგ. 5-წლიანი პერიოდის) საშუალო შეწონილ სიკვდილობასთან, რაც უფრო დაზუსტებულ წარმოდგენას მოგვცემს იმაზე, როგორი იყო კოვიდ-19 სრული გავლენა ქვეყნებში სიკვდილობაზე და რამდენად სწორად ხდებოდა კოვიდ-19-ით გამოწვეული (პირდაპირი ან ირიბი მიზეზით) სიკვდილობის შეფასება.

ბინაზე სიკვდილობა, მოხუცებულთა სახლებში დაუდგენელი მიზეზის გამო სიკვდილობა, სიკვდილობა ორმხრივი პნევმონიის გამო, სიკვდილობა უცნობი მიზეზის გამო - 2020-21 წლებში, თუ ქვეყანაში რაიმე სხვა მნიშვნელოვანი მიზეზი არ იყო, სავარაუდოდ ძირითადად მაინც სწორედ პანდემიას უკავშირდება (მაგალითად, როგორ იმატა იტალიის ზოგიერთ რეგიონში მოხუცებულთა სიკვდილობამ ბინაზე, როცა საავადმყოფოები და კლინიკები კრიტიკულ გადატვირთვას განიცდიდნენ და მრავალი ქრონიკული ავადმყოფობით დაავადებული ადამიანის დროული დიაგნოსტიკა და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა ვერ ხერხდებოდა).

 

Financial Times აქვეყნებს სხვადასხვა ქვეყნებში 2020 წლის იანვრიდან ნამატი სიკვდილობის მონაცემებს, რომელიც ხშირად მკვეთრად განსხვავდება ოფიციალური მომაცემებისაგან.

მაგალითად, რუსეთში კოვიდ-19-ით გარდაცვალების ოფიციალური მაჩვენებელი დაახლოებით 103,000-ია, მაშინ როცა ამავე ქვეყნის სტატისტიკური სამსახური აჩვენებს 2020 წელს ნამატ სიკვდილობას 356,000, ანუ გარდაცვალების საშუალო მოსალოდნელ რიცხვზე 27%-ით მეტს!

სხვადასხვა ქვეყნების მონაცემები ნამატი სიკვდილობის მთლიანი წლიური მაჩვენებელი, %-ული მეტობა, და კვირის განმავლობაში გარდაცვალების საშუალო რაოდენობა ასახულია გრაფიკებზე.

პერუ:  114%-ით მეტი წინა წლების საშუალო მაჩვენებელთან

ეკვადორი: 70%

ბოლივია: 66%

მექსიკა: 57%

სომხეთი: 43%

ბრაზილია: 28%

რუსეთი, სამხრეთ აფრიკა: 27% - 27%

ჩეხეთი: 24%

ჩილე: 22%

იტალია: 21%,

დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, პოლონეთი: 20%-20%

აშშ, ესპანეთი: 19%-19%

პორტუგალია: 18%

ბელგია: 16%

შვეიცარია: 14%,

შვედეთი: 13%

ნიდერლანდები: 12%

ავსტრია, ისრაელი: 11%

საფრანგეთი: 10%

გერმანია: 4%

დანია, ნორვეგია: 1%-1%

სამხრეთ კორეა: ნამატი სიკვდილობა არ დაფიქსირებულა

 

საქართველოში 2020 წელს გარდაცვალების რაოდენობა დაახლოებით 3500-ით აღემატებოდა წინა სამი წლის საშუალო მაჩვენებელს (53,537 ნაცვლად 47,000-სა), რაც 7.5%-ია.

ეს მატება ძირითადად ნოემბერ-დეკემბერზე მოდის, როცა მეორე ტალღის დროს სწორედ ამდენი იყო კოვიდ-19 გამოწვეული სიკვდილობა.

მრუდი პოლონეთის გრაფიკის მსგავსია, ერთი განსხვავებით, ჩვენთან მატება 2-3 კვირით ადრე დაიწყო და პიკი პოლონეთთან შედარებით 3-ჯერ ნაკლები იყო (7.5% ნაცვლად 20%-სა)“, - წერს კირტავა.

 

 

big_banner
არქივი