logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: დედაენა ჩვენი იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის საფუძველია
- +

14 აპრილი. 2021. 10:26

 

„დედაენა ჩვენი იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის საფუძველია“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დედაენის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.

 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს ქუჩებში გამოსული ათასობით ადამიანის მიერ მისი დაცვა ამავდროულად ქვეყნის თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებად იქცა.

 

ქართველი ხალხი წინ აღუდგა საბჭოთა ხელისუფლების განზრახვას ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, გაუქმების შესახებ. ეს იყო პირველი მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის ისტორიაში, და, ამავე დროს, პირველი შემთხვევა, როდესაც ავტორიტარული რეჟიმი იძულებული გახდა, ხალხისათვის დაეთმო. სახალხო ძალისხმევის ამ გამარჯვებამ არა მხოლოდ ქართულს შეუნარჩუნა კონსტიტუციური სტატუსი, არამედ მძლავრი სტიმული მისცა ეროვნული მოძრაობის აღმავლობასაც.

 

დღეს მადლიერებას გამოვხატავთ ამ უპრეცედენტო სამოქალაქო გმირობის ყველა მონაწილისადმი და, ამასთან, ვაცნობიერებთ ჩვენი, დღევანდელი თაობების პასუხისმგებლობასაც – ხელი შევუწყოთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ქართულის სწავლაში და ამით განვამტკიცოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, დავუმკვიდროთ ერთ-ერთ უძველეს და უნიკალურ ენას და ამ ენაზე შექმნილ კულტურას მისი კუთვნილი ადგილი თანამედროვე მსოფლიოში“, – წერს  ირაკლი ღარიბაშვილი.

big_banner
არქივი