logo_geo
14 აპრილს დიდ ქართველ კალათბურთელს, გელა დარსაძეს, 59 წელი შეუსრულდებოდა...
- +

14 აპრილი. 2021. 12:32

 

 

დღეს 59 წელი შეუსრულდებოდა დიდ ქართველ კალათბურთელს გელა დარსაძეს. დიდად სამწუხაროდ, მან სულ რაღაც 51 წელი იცოცხლა...

 

გელა დარსაძე დაიბადა პედაგოგების ოჯახში, ქალაქ ქუთაისში, 1962 წლის 14 აპრილს.

 

ჰყავს მეუღლე ნინო ადამია (ექიმი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი), დედა თინა ბერიშვილი დიასახლისი. მამა ალექსანდრე დარსაძე, პედაგოგი, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა, ჰყავს ორი და, ნათელა და მაია დარსაძეები. დისშვილები დიმა და სოფიკო წიქორიძეები და გიორგი და სალომე ლაბაძეები.

გელა სწავლობდა ქუთაისის 11 საშუალო სკოლაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა  1978 წელს. 1979 წელს ჩაირიცხა ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე.

 

იგი აქტიურ მოღვაწეობას პარალელურად ეწეოდა ცეკვასა და სპორტში. განსაკუთრებით შეყვარებული იყო კალათბურთზე, მისი მოღვაწეობა კალათბურთში დაიწყო 9 წლის ასაკიდან. ერთხელ მის სკოლაში მისულა სპორტსკოლის პედაგოგი ზაურ დოლაბერიძე, რომელმაც გამოაცხადა: თუ გსურთ კალათბურთზე იაროთ, ჩაეწერეთ სპორტსკოლაშიო. რამდენიმე ბიჭმა - ავთო აფრიდონიძემ, მამუკა სინაურიძემ და გელა დარსაძემ გამოთქვეს სურვილი და დაიწყეს სიარული. სკოლიდან დაბრუნებისას გელამ დედას უთხრა კალათბურთზე ჩავეწერე და უნდა ვიაროო. დედაც დათანხმდა. და ვერ წარმოიდგენთ - გელას ერთი ვარჯიშიც არ გაუცდენია. ასე დაიწყო 9 წლის ასაკიდან გელამ კალათბურთზე სიარული და უდიდეს წარმატებას მიაღწია, მწვრთვნელები - ზაურ დოლაბერიძე და სულიკო თორთლაძე აღფრთოვანებულები იყვნენ, მათ დავალებას პირნათლად ასრულებდა მოედანზე გასული. 11 წლის ასაკიდან უკვე ქუთაისის გუნდში ჩაირიცხა, გამოდიოდა სკოლებისა და ქალაქების ოლიმპიადებზე, რითაც პერსონალურად აჯილდოებდნენ, მოსწონდათ მისი უშეცდომო ტყორცნები, ყოველთვის მთელი გუნდი მასზე იყო დამოკიდებული, უდიდესი გამთამაშებელი იყო, 15 წლის ასაკში სულიკო თორთლაძემ ლევან მოსეშვილს უჩვენა გელას თამაში, რითაც ლევანი აღფრთოვანებული დარჩა და თბილისის „დინამოს“ დუბლებში ჩარიცხა. მისი აქტიური და თავდადებული მუშაობის შემდეგ გელა უშეცდომოდ თამაშობდა „დინამოს“ დუბლებში, კარგი თამაში აჩვენა ქვეყნის ჩემპიონატებზე და წელიწადნახევრის შემდეგ „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაშიც მოხვდა. გელა დარსაძე იყო საბჭოთა კავშირის გუნდის წევრი, იყო დაჯილდოებული უამრავი სიგელითა და მედლით, 1988 წელს სინგაპურში გამართულ ტურნირზე იგი აღიარეს საუკეთესო მოთამაშედ და პერსონალური თასით დაჯილდოვდა. ეს თასი მას ყველაზე მეტად უყვარდა. იგი ყოველთვის იყო გამორჩეული კალათბურთელი, თბილისის „დინამოს“ შეუცვლელი ლიდერი.

37 წლის ასაკში მოხვდა 10 საუკეთესო სპორტსმენს შორის, სადაც დასრულდა კიდეც მისი სპორტული კარიერა.

 

იგი 40 წლის ასაკიდან მოღვაწეობდა როგორც ბავშვთა სკოლის, სპორტის აკადემიის, ქუთაისის გუნდის ყველა ასაკობრივი ჯგუფის მწვრთნელი, ქუთაისის გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი.

 

2012 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით დააჯილდოვა საქართველოში კალათბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

 

დავით ჭელიძეს „ფეისბუქიდან“

 

 

big_banner
არქივი