logo_geo
მარინე ბერიძე: ნათელში იყავით!
- +

28 აპრილი. 2021. 18:04

 

მსახიობ კახი კავსაძეს მთელი საქართველო ემშვიდობება, მასზე უამრავი ადამიანი წერს და იგონებს, როგორც საოცარ და ლეგენდარულ ადამიანს.

 

როდესაც კახი კავსაძე კორონავირუსის დიაგნოზით რეანიმაციაში მოხვდა, მასთან ერთად რეანიმაციაში იმყოფებოდა ენათმეცნიერი მარინე ბერიძე, რომელიც სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს წერს.

 

„ბატონო კახი! ასე მგონია, რეანიმაციაში კი არა, დედის მუცელში ვიყავით ერთად.

 

სიკვდილ-სიცოცხლის დიდმა საიდუმლომ გაგვაერთიანა. თქვენ ჩემზე ადრე წახვედით საავადმყოფოდან.

 

მე თქვენზე გვიან წამოვალ აქედან. თუმცა იქ ყოფნის გაყინულ დღეებს ვერავინ წაგვართმევს და იმ საიდუმლოსაც, ერთ დღეს უჩვეულოდ მკაფიოდ რომ “გამანდეთ“, თან წამოვიღებ.

 

ოდესმე თუ შევძელი და დავწერე იმ ჯოჯოხეთზე, იმ რამდენიმე ეპიზოდსაც გავიხსენებ, თქვენგან სევდიან სიხარულებად რომ დამრჩა.

 

რისთვის უნდოდა უფალს ეს შეხვედრა – არტისტისა და მაყურებლის მონაწილეობით გამართული ეს ბოლო სპექტაკლი, რეანიმაციის რამპების შუქზე და “საპიორი” აპარატურის აკომპანიმენტით….

 

ჩვენ შორის ერთი ავადმყოფი იწვა. უფრო სწორად, ერთი საწოლი იდგა, რომელზეც საშინელი სისწრაფით იცვლებოდნენ ავადმყოფები. და ჩვენ, ცოცხლები, როლდავიწყებული არტისტებივით შევყურებდით ერთმანეთს და ჩვენს რიგს ველოდით… ნათელში იყავით!“, – წერს ბერიძე.

 

ცნობისთვის,  27 აპრილს მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

right_banner big_banner
არქივი