logo_geo
ლევან ბრეგაძე: დღეს გურამ პეტრიაშვილი 79 წლის გახდა!
- +

16 მაისი. 2021. 14:00

 

 

კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე მწერალ გურამ პეტრიაშვილს სოციალური ქსელით დაბადების დღეს ულოცავს.

 

„დღეს  გურამ  პეტრიაშვილი  79 წლის გახდა. ვულოცავ, ჯანმრთელობასა და ახალ შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებ არაჩვეულებრივ მწერალს, ჩემს ძველ მეგობარს, და გთავაზობთ ფრაგმენტს წერილიდან, რომელიც მისი ზღაპრების წიგნზე დავწერე („სხვენზე ნაპოვნი ზღაპრები“, 1978) და „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოვაქვეყნე 1979 წლის 1 ივნისს.

*

ზღაპრებში, როგორც წესი, კარგი და ცუდი, კეთილი და ბოროტი, მკვეთრად არის გამიჯნული ერთმანეთისგან. თუ რამე მოვლენა ან თვისება კარგია, ის ბოლომდე კარგია, თუ ცუდია - ბოლომდე ცუდია. ასეთი სქემატიზმი, რაც მოთხრობაში ან რომანში ნაკლად ჩაითვლებოდა, ზღაპარში ნორმალური მოვლენაა, ერთ-ერთი იმ პირობათაგანია, რაც ასე ნიშანდობლივია ამ ჟანრის ნაწარმოებისთვის. ამიტომ მეტად საინტერესოა ამგვარი სქემატიზმის დაძლევის ცდები, რაც გურამ პეტრიაშვილის ამ წიგნში იჩენს თავს.

 

დავაკვირდეთ ამ თვალსაზრისით ზღაპარს, რომელსაც „მექუდე“ ჰქვია.

 

პატარა ქალაქის მცხოვრებთ გამორჩეულად უყვარდათ ერთი მექუდე და თავიანთი ბავშვების პირველ ქუდს ბევრი მათგანი მას აკერვინებდა ხოლმე. ეს იმიტომ, რომ შემჩნეული ჰქონდათ: „ყველა, ვინც მისი ქუდით იწყებდა სიარულს ამქვეყნად, კეთილი ადამიანი იზრდებოდა“. ამის მიზეზი ის იყო, რომ ამ ქუდებში, სანამ ისინი ბავშვებს დაურიგდებოდათ, ჩიტები ათევდნენ ღამეს და შიგ თავიანთ სიზმრებს ტოვებდნენ, ხოლო ჩიტები სიზმარში თურმე ცას ხედავენ მუდამ, „ამიტომ, შემდეგ იმ ქუდის პატრონს რაზეც არ უნდა დაეწყო ფიქრი, ყველაფერს ცას უკავშირებდა... და თუ ცა გახსოვს მუდამ, არ შეიძლება კარგი კაცი არ იყო“.

 

სხვა მექუდეებს შეშურდათ თავიანთი კოლეგის ამგვარი პოპულარობა და გადაწყვიტეს რამე ეღონათ მის წინააღმდეგ. და ამისათვის ჯადოქრებსა და ბოროტ სულებს კი არ მოუხმეს დასახმარებლად, როგორც ჩვეულებრივ ხდება ზღაპრებში, არამედ თვით თავიანთი მეტოქის საქმიანობაში შეძლეს შინაგანი წინააღმდეგობის აღმოჩენა, რომელზე დაყრდნობითაც მოახერხეს სახელი გაეტეხათ მისთვის: როდესაც გაიხსენეს ისინი, ვისაც მისი შეკერილი ქუდი უტარებია, სიხარულით წამოიძახეს: „ეგენი ხომ ყველანი დოყლაპიები არიან, ყველა მაგათ ატყუებთ!“.

 

„რაც მართალია, მართალია, - დასძენს ავტორი, - ყველა, ვინც იმ მექუდის შეკერილ ქუდს ატარებდა, ადვილად მოსატყუებელი იყო ნამდვილად“. ეს იმიტომ, რომ, თუმცა, ერთი მხრივ, „თუ ცა გახსოვს მუდამ (ცა გურამ პეტრიაშვილის ზღაპრებში სიწმინდის, პოეტურობის სიმბოლოა. - ლ. ბ.), არ შეიძლება კარგი კაცი არ იყო“, მაგრამ, მეორე მხრივ, „ცისფრად რომ ხედავს ყველაფერს, ის კაცი ადვილად ტყუვდება... ნოქრის მიერ დაბრუნებულ ხურდას ასეთი კაცი არ ითვლის, თუ ვინმემ უთხრა, „მიყვარხარო“, იმისგან ცუდს აღარ ელის, და თუ მდინარეში ვინმე ყვირის, „მიშველეთო“, მაშინვე გაიძრობს შარვალს და გადაეშვება წყალში. გამოიყვანს კაცს წყლიდან, ხელოვნურ სუნთქვას ჩაუტარებს და ვერ შეამჩნევს, რომ კაცს ცბიერად ეღიმება. წავა ის კაცი, მშველელი კი ვეღარ იპოვის თავის შარვალს, მაგრამ აზრადაც არ მოუვა, რომ მოატყუეს. იმას უფრო გაიფიქრებს, შარვალი არა მცმიაო“.

 

ასე მოულოდნელად შემოდის გურამ პეტრიაშვილის ზღაპრებში დიალექტიკური აზროვნების ელემენტები, სავსებით უცხო მოვლენა ტრადიციული ზღაპრისათვის.

 

მოვლენის ამ მხარეზე ყურადღების გამახვილებით მექუდეებმა შეაჯავრეს პატარა ქალაქის მცხოვრებლებს თავიანთი კოლეგა, დაარწმუნეს ისინი, ბრიყვებად გიზრდით შვილებსო და კეთილი მექუდე აიძულეს ქალაქიდან გადახვეწილიყო. მან ვერ მოასწრო ბოლომდე მიეყვანა საქმე: „ცოტაც ეცლიათ, - სინანულით ამბობს იგი, - და მალე უკლებლივ ყველა ცისფიქრიანი და ცადმაცქერალი იქნებოდა და მაშინ ვინღა მოატყუებდა. ვინღა დაჩაგრავდა მათ შვილებსო“.

*

ფრაგმენტი წერილიდან „ჯადოსნური თავგადასავლების სამყარო“.

პირველი პუბლიკაცია: „ლიტერატურული საქართველო“, 01.06.1979, # 22;

მეორე პუბლიკაცია: ლ. ბრეგაძე. „პერსონაჟები ხვდებიან ერთმანეთს“. თბ.: „მერანი“, 1982.

*

ფოტოზე: 2014 წელი. მწერალთა სახლი. პრეზენტაცია გურამ პეტრიაშვილის წიგნისა „პატარა ქალაქის ზღაპრები“ (გამომცემლობა „პალიტრა L“), რომელიც ნინო ჩაკვეტაძის უმშვენიერესი ილუსტრაციებით გამოიცა (მარცხნივ ჩანს ერთ-ერთი ილუსტრაციის დედანი)“, - წერს ლევან ბრეგაძე.

 

right_banner big_banner
არქივი