logo_geo
დიმიტრი ღვთისიაშვილი: რამდენი იშრომა, რამდენი რამ დატოვა, სითბოდ და სიყვარულად დაიღვარა
- +

27 მაისი. 2021. 15:26

 

 

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი დიმიტრი ღვთისიაშვილი, მსახიობ მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში წერს:

 

„სიცოცხლეშივე საფერებელი...

 

რამდენი საფერებელი, ტკივილიანი და ცრემლნარევი სიტყვა დაიწერა დილიდან მარინა ჯანაშიაზე, არადა, შარშან მის საიუბილეოდ როგორ გვინდოდა ალბომის გამოცემა, სადაც თავს მოიყრიდა ყველა ის „სიყვარული“, რომელსაც დღეს ასე გასცემს მისი მეგობარი თუ მსახიობის შემოქმედების დამფასებელი.

 

ამიტომაც არასდროს არ უნდა გადადო ის, რაც შეიძლება დღეს გაკეთდეს, ხვალ შეიძლება გვიან იყოს.

 

წელს ვერიკო ანჯაფარიძის პრემია რომ მიანიჭა საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ, მე მომიწია საპატიო მისიის შესრულებამ და სახლში ვეახლე დიპლომისა და პრიზის გადასაცემად. როგორი გახარებული და ბედნიერი იყო, ამავდროულად როგორი გულდაწყვეტილი, ზოგიერთ ჩინოვნიკთა გულგრილობით, მისი საიუბილეო ალბომის გამოცემასთან დაკავშირებით პრობლემები რომ შექმნეს და ის პროექტი ჩააგდეს. ასეა, ბატონებო! ცხოვრება ხანმოკლეა!

 

ის მაყურებელთა სიყვარულს ყოველთვის გრძნობდა. უკიდურესად თავმდაბალს მოერიდა შეეწუხებინა „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ და ის წიგნიც ამიტომ არ გაკეთდა. არადა, რამდენი იშრომა, რამდენი რამ დატოვა, სითბოდ და სიყვარულად დაიღვარა, თითოეულ მის ნაცნობს გაუზიარა ეს კეთილგანწყობა და სამუდამოდ დაგვემშვიდობა.

 

ყოველთვის მემახსოვრება კეთილი, ნიჭიერებითა და სიყვარულით გასხივოსნებული, ძვირფასი ქალბატონი მარინა“, - წერს დიმიტრი ღვთისიაშვილი.

 

 

big_banner
არქივი