logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: 35 წლის გახდებოდა შინდისის გმირი მიხეილ დვალიშვილი
- +

9 ივნისი. 2021. 15:20

 

 

შინდისის გმირი მიხეილ დვალიშვილი 7 ივნისს 35 წლის გახდებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„7 ივნისს დაბადების დღე ჰქონდა, 35 წლის გახდებოდა...

მიხეილ დვალიშვილი (1986-2008)

კაპრალი, შინდისის გმირი, გმირულად დაღუპა რუსეთთან ომში, დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისთვის“ (2008, სიკვდილის შემდეგ).

 

„ჩვენ ვართ კაცები,

არ ვართ ლაჩრები,

გულისკაცები და ვაჟკაცები...

ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს,

სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს.

ბევრი ვიყავით, ერთი სამარე

თხილის გულივით გავინაწილეთ“...

 

ეს მისი ლექსია. თითქოს გული უგრძნობდა... შინდისში, მტრის ალყაში მოქცეული გაშმაგებული ებრძოდა მომხვდურს. 17 ყოფილან, საათნახევარი შეაკავეს მტერი, მაგრამ ბოლოს მათზე იერიში რუსულმა ავიაციამ მიიტანა. ყველა დაიღუპა, მათ შორის მიხეილ დვალიშვილიც...

 

„მზეში დაიწვა ფიქრი და დარდი,

ვერ დაგიკოცნე ნათელი კალთა,

ვერ შემოვაღე, დედი, ჭიშკარი“.

 

მიხეილ დვალიშვილმა წინათგრძნობა ლექსად აქცია – ეს სიტყვები მან 2008 წელს, ომამდე დაწერა. 6 აგვისტოს კი ბოლო ლექსი დატოვა:

 

„ძმათა საფლავზე ცეცხლი ინთება,

შინმოუსვლელი ძმები გახსოვდეთ!

დაუბრუნდება ბუდეს მერცხალი,

ჩვენ კი ვერასდროს ვერ დავბრუნდებით“...

 

მიხეილ დვალიშვილი 1986 წლის 7 ივნისს ვანის რაიონ სოფელ მუქედში დაიბადა. 2003 წელს ქუთაისის სამხედრო ლიცეუმი დაამთავრა, შემდეგ წელს იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. იქიდან კი სამხედრო სავალდებულო სასწავლებელში გაიწვიეს. 2007 წელს საკონტრაქტოს მოაწერა ხელი და სენაკის მეორე ბრიგადის საინჟინრო ასეულში ჩაირიცხა...

 

კაპრალი მიხეილ დვალიშვილი დაკრძალეს მშობლიური სოფლის სასაფლაოზე. მისი სახელი იმ ქუჩას ეწოდა, სადაც ის გაიზარდა. მისი ლექსების კრებულიც გამოიცა, ეს იყო გმირის ერთ-ერთი სურვილი, რომელიც სიცოცხლეში ვერ აიხდინა...“ - წერს ამირან ბუთურიშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი