logo_geo
გია მურღულია: სიცოცხლემ სიურპრიზები იცის, სიკვდილმაც...
- +

14 ივნისი. 2021. 13:25

 

 

ლიტერატორი, სკოლა „ლოგოსის“ დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

„დაიმახსოვრეთ ადამიანები თქვენ გვერდით: მათი ხმა, სიარული, მზერა, ქცევა, საქმე, ღიმილი…

 

არავინ იცის, რა ელის თქვენს ურთიერთობას – ხვალ შეიძლება ისინი აღარ იყვნენ.

 

სიცოცხლემ სიურპრიზები იცის.

 

სიკვდილმაც.

 

წუხელ, გვიან ღამით, კოპენჰაგენის სტადიონზე კინაღამ ტრაგედია დატრიალდა – დანიის ნაკრების წევრმა კრისტიან ერიქსენმა თანაგუნდელს ბურთი გადააწოდა და გონება დაკარგა. ყველა ვუყურებდით, როგორ იბრძოდნენ ამ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის გადასარჩენად, როგორ შემოავლეს მეგობარს თანაგუნდელებმა სიყვარულისა და თანადგომის ცოცხალი კედელი, როგორ გაირინდა და ლოცულობდა სტადიონიც და მთელი მსოფლიოს მაყურებელიც ბედნიერი დასასრულის ლოდინში. მადლობა ღმერთს – კრისტიანი გადარჩა.

 

ასეთ დროს თვალსაჩინო ხდება ორი რამ:

 

  1. სიცოცხლე ხანმოკლეა და არავინ იცის, როდის, სად და როგორ გაწყდება;
  2. ადამიანებს, ხანდახან მაინც, შეუძლიათ, ადამიანები იყვნენ და ამ დროს ისინი შეუდარებლად კარგები არიან.

 

სამყარომ წუხელ დაინახა და შეიგრძნო „ერიქსენის ეფექტი“.

 

ეს ის არის, რასაც წერილში, რომელსაც ალბერტ აინშტაინს მიაწერენ ხოლმე, „სიყვარულის ბომბის აფეთქება“ ეწოდა.

 

დაიმახსოვრეთ წამი, რომელიც გახსენებთ, რა ძვირფასია ადამიანი თქვენთვის.

 

მან შეიძლება თქვენი ცხოვრების უარეს წამთაგან გიხსნათ“, – წერს მურღულია.

 

 

right_banner big_banner
არქივი