logo_geo
ლელა რაზიკაშვილი: ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წელი სრულდება! მოვფინოთ აქაურობა ვაჟას სიტყვით!
- +

9 ივლისი. 2021. 14:20

 

„ვაჟა გვაერთიანებს!  ეს ვნახეთ ბევრჯერ, ჰოდა, გავერთიანდეთ ახლაც, ყველანაირი აზრის, ხასიათის, პროფესიის და ახირების ადამიანი  და ვისაც გვეზეიმება,  ჩვენ თვითონ აღვნიშნოთ ეს თარიღი!“ - ამის შესახებ ვაჟა-ფშაველას საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე ლელა რაზიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„14 ივლისს ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წელი სრულდება!

 

არ ვიკამათოთ დაბადების თარიღებზე, რამდენიმე ვერსიაა,  გეთანხმებით, მაგრამ ეს ყველაზე პოპულარულია.

 

საერთოდ არ ვიკამათოთ, ერთი დღით დავივიწყოთ ის რაც გვყოფს და  დავკავდეთ იმით რაც გვაერთიანებს და გვახარებს, ყოველ შემთხვევაში უმრავლესობას მაინც!

 

ვაჟა გვაერთიანებს! 

 

ეს ვნახეთ ბევრჯერ, ჰოდა, გავერთიანდეთ ახლაც, ყველანაირი აზრის, ხასიათის, პროფესიის და ახირების ადამიანი  და ვისაც გვეზეიმება,  ჩვენ თვითონ აღვნიშნოთ ეს თარიღი!

 

აღვნიშნოთ მარტივად, სასარგებლოდ და გულიანად!

 

აღვნიშნოთ დიდმა და პატარამ, საქართველოში და მთელ მსოფლიოში, ყველას შეგვიძლია!

 

მოვფინოთ აქაურობა ვაჟას სიტყვით, ლექსით, სიმღერით, ნახატით, აზრით, ისე, როგორც ჩვენს გულს უნდა!

 

თუ მაინცდამაინც, კამათი და ერთმანეთის ჩაქოლვა გვინდა, ესეც ვაჟას სიტყვებით იმაზე  ბევრად უკეთ გამოგვივა, ვიდრე ჩვენ მოვიფიქრებდით!

 

მოკლედ, ვაჟა ყველას გაგვწვდება, თან ხალის-ხალისით, ისე, რომ  დაზიანების ნაცვლად ერთმანეთს ბევრ რამეს ვასწავლით!

 

მაშ ასე, ვემზადებით 14 ივლისისთვის და აქაურობას გავანათებთ ვაჟათი!

 

ეს უკვე მეორე ინტერნეტ „ვაჟაობაა“, გასულ წელს ვცადეთ და ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი გვერდიდან ასე ჩანდა.

 

მივმართავ მედიას!!!

 

პატივი სცენ მათ წინაპარ კოლეგას და ერთი დღე ვაჟათი დაკავდნენ!

 

ვაჟას დღე მედიაში ცოტა გამოანათებს და გაახალისებს იმ ნეგატივს, ობიექტურს თუ სუბიექტურს, რაც დღეს ჩვენს თავზე ტრიალებს!

 

აბა, ვნახოთ, როგორ შევძლებთ და თუ შევძელით, ერთი ძალიან შინაარსიანი და ლამაზი დღე გვექნება ყველას!“ - წერს ლელა რაზიკაშვილი.

 

right_banner big_banner
არქივი