logo_geo
თემო რეხვიაშვილი მძიმე კოვიდისტორიაზე წერს
- +

11 აგვისტო. 2021. 16:37

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თემო რეხვიაშვილი მძიმე კოვიდისტორიაზე წერს, რომელიც საგარეჯოს კლინიკაში გამოიარა. ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ ვირუსი რთულად გადაიტანა.

 

„თელავის კოვიდსასტუმროს აივანზე ვიჯექი, ყავას ვსვამდი და კავკასიონიდან მზის ამოსვლას ვუყურებდი და როცა გავიფიქრე, როგორ გამიმართლა, რომ ასეთ კარგ სასტუმროში მოვხვდი, ზოგი ჭირი მარგებელია-მეთქი, სუნთქვა შემეკრა, სიცხე ამეწია 40 გრადუსზე, გულის ფრიალი დამეწყო და მკერდთან საშინელი სიმძიმე ვიგრძენი.

 

თელავის კლინიკებში ადგილი არ იყო, სასწრაფომ საგარეჯოში წამიყვანა, (მადლობა იქაურ ექიმებს) 2-კაციან პალატაში მესამე მე შემიყვანეს, (ადგილების დეფიციტია ყველგან) ამ პალატაში ერთი ბაბუის ტოლი კაცი განსაკუთრებით ცუდად იყო და ხვნეშოდა, ღამით მეორე პაციენტს ნევროზული შეტევა დაემართა და ბაბუას უყვიროდა „მოკვდი, მოკვდი, ოღონდ დამაძინეო". მოკლედ ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე.

 

ნევროზი მეც დამეწყო, 11 დღე სიცხეებთან ერთად სხვადასხვა სიმპტომებიც მქონდა, რაღაც სიმპტომები ახლაც მაქვს, სუნს ვერ ვგრძნობ, ვერც ზოგიერთი საჭმლის გემოს, სუსტად ვარ და ზოგჯერ პანიკური შეტევებიც მემართება.

 

ექიმები მამშვიდებდნენ, შენ მსუბუქი პაციენტი ხარ, ნუ ნერვიულობო. წარმომიდგენია, საშუალო ან მძიმე პაციენტები როგორ გრძნობენ თავს, წარმომიდგენია კი არა, შეღებულ პალატებში შევიხედე და დავინახე გათიშული, აპარატზე შეერთებული ადამიანები. სანამ დამემართებოდა ასე მძაფრად ვერ აღვიქვამდი შექმნილ ვითარებას.

 

ჩემ გარშემო ბევრს ეშინია აცრის და მინდა, უბრალოდ იცოდნენ რა ხდება შიგნით. ერთი თვის მერე მექნება აცრის უფლება და აუცილებლად ავიცრები. არ მინდა, რომ ასეთი დღეები კიდევ გამოვიარო", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

 

 

big_banner
არქივი