logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: დღეს მსახიობი და პოეტი გივი ჭიჭინაძე 87 წლის გახდებოდა...
- +

12 აგვისტო. 2021. 14:24

 

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„ხსოვნა

 

დღეს, 12 აგვისტოს, 87 წლის გახდებოდა მსახიობი და პოეტი გივი ჭიჭინაძე (1934-1999).

 

1957 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო სოხუმის თეატრში. 1960 წელს კი  გადმოიყვანეს თბილისში,   რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. სამსახიობო მოღვაწეობასთან ერთად ნახევარი საუკუნე ემსახურებოდა საყმაწვილო ლიტერატურას. იგი ლექსებს ბავშვობიდან წერდა, მაგრამ მისი პოეტური ნათლობა 1955 წელს შედგა, როცა გამოაქვეყნა პირველი საბავშვო ლექსების კრებული. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ესტონურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

 

გივი ჭიჭინაძე 65 წლის ასაკში გარდაიცვალა 1999 წლის 13 ნოემბერს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში“, - წერს ამირან ბუთურიშვილი.

 

***

გივი ჭიჭინაძე

 

დათუნია დრუნჩა

დათუნიას ერგო

ერთი ქილა ერბო.

მიდიოდა გზაზე,

ღიღინებდა ასე:

- დათუნია დრუნჩასა

ერბო მერგო ქარვისა,

რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,

არ დაგითმობთ არვისა!

უცებ შეხვდა ვირთხა -

არ უცდია დიდხანს,

თქვა: - დაიდებ ცოდვასო,

თუ არ მაჭმევთ ცოტასო!

რას იზამდა დრუნჩა,

მისცა ერთი მუჭა.

მერე ისევ გზაზე

ღიღინებდა ასე:

- დათუნია დრუნჩასა

ერბო მერგო ქარვისა,

რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,

არ დაგითმობთ არვისა!

წინ დაუხვდა ზღარბი,

მშიერი და ხარბი,

თქვა: - დაიდებ ცოდვასო,

თუ არ მაჭმევთ ცოტასო!

რას იზამდა დრუნჩა,

მისცა ორი მუჭა.

მერე ისევ გზაზე

ღიღინებდა ასე:

- დათუნია დრუნჩასა

ერბო მერგო ქარვისა,

რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,

არ დაგითმობთ არვისა!

გადმოუდგა მელია,

გაუწვდინა ყელია,

თქვა: - დაიდებ ცოდვასო,

თუ არ მაჭმევთ ცოტასო!

რას იზამდა დრუნჩა,

მისცა ორი მუჭა.

მერე ისევ გზაზე

ღიღინებდა ასე:

- დათუნია დრუნჩასა

ერბო მერგო ქარვისა,

რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,

არ დაგითმობთ არვისა!

ბოლოს შეხვდა კოდალა,

დათვს კი არა ჰქონდა რა!

***

იის ნატვრა

- რას ინატრებ, იავ, რასა?

- წვიმის ხმასა წკრიალასა.

მუდამ ასე ვამშვენებდე

საქართველოს იალაღსა.

***

რას უმღერიან მერცხლები

ჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკჭიკით,

გაზაფხული გახარეთ,

გული დარდით აგვევსო,

ვეღარ ვძლებდით სხვა მხარეს.

მოგვენატრა შენი ცა

და მზე თვალებბრიალა,

იქ სიზმარში ვხედავდით

ამ მთებსა და იალაღს.

ჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჭიკჭიკით,

რახანია მოვფრინავთ,

უცხოეთში სიცოცხლე

ძლიერ ძნელი ყოფილა.

 

 

right_banner big_banner
არქივი