logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაცია სიკვდილობის შემცირების ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა
- +

13 აგვისტო. 2021. 00:04

 

 

„დღეში 30, 40 და 50 გარდაცვალება, ძალიან მძიმეა საქართველოსთვის, მაგრამ ეს გამოწვეულია კოვიდინფიცირებულთა კატასტროფულად მაღალი რიცხვით და ვაქცინაციის დაბალი მოცვით, არა ცუდი კლინიკური მართვით“, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

„ქ-ნმა მაია ბუწაშვილმა ა.წ. 9 აგვისტოს გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც დიდი კმაყოფილებით და ნიშნის მოგებით აღნიშნა, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში საქართველო COVID სიკვდილობის მაჩვენებლით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა, ხოლო აშშ და ევროპის იმ ქვეყნებმა, რომლებიც „ჩვენ გვთხოვდნენ რჩევებს კლინიკურ მენეჯმენტთან დაკავშირებით, ისე კარგად იმეცადინეს ჩვენი რჩევებით (ირონიას ალბათ ხვდებით), რომ სიკვდილობის მაჩვენებელი ჩვენზე ბევრად უფრო გაუმჯობესებული აქვთ“.

აქვე ქ-ნი მაია თავს იზღვევს და მოითხოვს, რომ მისმა ოპონენტებმა არ მოიშველიონ COVID სიკვდილობის ჯამური ციფრები პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რადგან ეს სულ სხვა სურათს გამოკვეთს, რაც მას ძალიან არ აწყობს.

 

აი, ასე, ქ-ნ მაიას უნდა, რომ ჩვენი და სხვა ქვეყნების სიკვდილობის შედარება მოხდეს მხოლოდ ბოლო 7 დღის მონაცემებით (როცა სიკვდილობა ჩვენთან უფრო მაღალია) და არავითარ შემთხვევაში მთელი პანდემიის ჯამური მაჩვენებლით, სადაც სიკვდილობა ჩვენთან გაცილებით დაბალია. ქვეყნის სიყვარულიც ასეთი უნდა. სად გინახავთ, რომ პანდემიის ან სხვა სერიოზული პროცესის შედეგები ფასდებოდეს მხოლოდ ბოლო 7 დღის მონაცემებით და არა მთელი წელიწადნახევარზე მეტის ჯამური მონაცემებით. მაგრამ ეს არაფერი. ჩვეულებრივი ხრიკია იმის წარმოსაჩენად, რომ ჩვენთან ყველაფერი ძალიან ცუდია, ხოლო სხვაგან - კარგი. გაცილებით უფრო საინტერესოა და ღიმილის მომგვრელია (სატირალი რომ არ იყოს) ქ-ნ მაიას ლოგიკა, თუ რატომ არ უნდა ვისარგებლოთ მთელი პანდემიის ჯამური მონაცემებით. ის სიტყვა-სიტყვით ამბობს, რომ „იმ ქვეყნებში (ევროპა, ამერიკა) მაღალი სიკვდილობა იყო მაშინ, როცა ჯერ არაფერი იყო ცნობილი COVID-ის მართვაზე და ამიტომ უამრავ შეცდომას უშვებდნენ კლინიკურ მენეჯმენტში“, ხოლო შემდეგში მათ ცოდნა და გამოცდილება დააგროვეს, ხოლო ჩვენ რა თქმა უნდა, ვერაფერი ვისწავლეთ. თუ ეს მართლა ასეა, მაშინ ელემენტარულზე ელემენტარული ლოგიკით ჩვენ იმიტომ გვქონდა სიკვდილობის სხვებზე დაბალი მაჩვენებლები, რომ მათგან განსხვავებით ჩვენ მთელი პანდემიის მანძლზე, გამოცდილების ასევე არქონის მიუხედავად თავიდანვე სწორად ვმართავდით COVID ავადმყოფებს და არ ვუშვებდით, უფრო სწორად ნაკლებად ვუშვებდით, შეცდომებს კლინიკურ მენეჯმენტში, რაც წესით ჩვენს მაღალ პროფესიონალიზმზე უნდა ლაპარაკობდეს და არა პირიქით, მაგრამ ამის აღიარება ხომ ქ-ნ მაიასთვის სიკვდილის ტოლფასია და ცოცხალი თავით ამას არ გააკეთებს.

 

ახლა მათთვის, ვისაც მართლა აინტერესებს, თუ რატომ გვაქვს ბოლო პერიოდში შედარებით მაღალი სიკვდილობა.

 

COVID ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება და მისი თანმდევი გარდაცვალების შემთხვევების ზრდა თავისთავად საგანგაშოა და გადაუდებლად მოითხოვს ადექვატური ზომების მიღებას, მაგრამ ამის მიზეზი სულ სხვა ფაქტორებია (ელემენტარული რეგულაციების შეუსრულებლობა, ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვა) და მათ არავითარი, აბსოლუტურად არავითარი კავშირი არა აქვს კლინიკურ მართვასთან და ამით სპეკულირება დაუშვებელია.

 

დღეში 30, 40 და 50 გარდაცვალება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა საქართველოსთვის, მაგრამ ეს გამოწვეულია COVID ინფიცირებულთა კატასტროფულად მაღალი რიცხვით და ვაქცინაციის დაბალი მოცვით და არა ცუდი კლინიკური მართვით და იმ ქვეყნებმა, რომლებიც ქ-ნ მაიას მაგალითად მოჰყავს, სიკვდილობის კლებას მოსახლეობის ნახევარზე მეტის სრული ვაქცინაციით მიაღწიეს და არა კლინიკური მართვის გაუმჯობესებით. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ყველაზე წარმატებულად მიჩნეულ ქვეყანა ისრაელში, რომელიც მოსახლეობით ჩვენზე სულ 2-ჯერ მეტია, სულ რაღაც 2-3 თვის წინ ყოველდღიურად ფიქსირდებოდა 100-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა და მხოლოდ ე.წ. „სრული ვაქცინაციის“ შემდეგ მოხერხდა მათი შემცირება.

COVID ავადმყოფების კლინიკური მართვის ხარისხის შეფასების მთავარი და პრაქტიკულად ერთადერთი მაჩვენებელი არის ყველა დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცლილთა რაოდენობა - ე.წ. CFR (case fatality rate).

 

საქართველოში ბოლო 1 კვირაშიც კი, როცა ფიქსირდებოდა გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევები, ეს მაჩვენებელი არ აღემატებოდა 1%-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 COVID ავადმყოფიდან მხოლოდ 1 ავადმყოფის გადარჩენა ვერ ხერხდებოდა. ხოლო მთელი პანდემიის პერიოდში აღებული საშუალო მაჩვენებლით საქართველო (1.35%) სჯობნის აშშ-ს (1,74%) და ევროპის 32 ქვეყანას. ასე მაგალითად ჩვენთან რომ სიკვდილობის მაჩვენებელი (CFR) ისეთვე იყოს, როგორც მაგ. გერმანიაში (2.42%), მაშინ ჩვენთან გარდაცვლილთა საერთო რიცხვი არა 6230, არამედ 11160 კაცი იქნებოდა (საქართველოში COVID ავადმყოფთა ჯამური რიცხვი 461 198-ია, ხოლო ამ რიცხვის 2.42% - 11160) . ანუ, პრაქტიკულად რაც არის, იმაზე ორჯეტ მეტი.

ასე, რომ ქ-ნ მაიას იმედი უნდა გავუცრუოთ. საქართველოში COVID ავადმყოფების კლინიკური მართვა ამერიკის და ევროპის ბევრ ქვეყანაზე უკეთესი იყო ადრეც (მთელი პანდემიის მანძილზე) და უკეთესია ახლაც. უბრალოდ აუცილებლად უნდა დავიცვათ ელემენტარული რეგულაციები და მაქსიმალურად გავაძლიეროთ ვაქცინაცია, რამეთუ ეს უკანასკნელი ძალიან საიმედოდ იცავს მძიმე და სასიკვდილო შემთხვევებიდან და დღესაც და მომავალშიც სიკვდილობის შემცირების ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

 

 

big_banner
არქივი