ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს სათაურით – „COVID პაციენტების კლინიკური მართვა საქართველოში“.
წერილში ცერცვაძე მაია ბუწაშვილის, ნანა გეგეჭკორის და კიდევ რამდენიმე ექიმის განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „მათ აღიზიანებთ, თუ ქვეყანაში COVID-ის მართვაში რაიმე კარგი ხდება და კმაყოფილები არიან და უხარიათ, თუ რაიმე ისე არ მიდის“.
„ა.წ. 16 აგვისტოს ქალბატონმა მაია ბუწაშვილმა გამოაქვეყნა ამონარიდი ჩემი ა.წ. 12 აგვისტოს პოსტიდან, სადაც ვამბობ, რომ „საქართველოში COVID ავადმყოფების კლინიკური მართვა ამერიკის და ევროპის ბევრ ქვეყანაზე უკეთესი იყო ადრეც, მთელი პანდემიის მანძილზე და უკეთესია ახლაც“, რასაც თან ახლავს ქ-ნ მაიას ცინიკური კომენტარი „აბა ამ “შედევრზე” რაღა კომენტარის გაკეთება შეიძლებაო“, აგრეთვე ამერიკაში მომუშავე ექიმის ქ-ნ ნანა გეგეჭკორის არაკორექტული კომენტარი „სამწუხარო და საშიში უპასუხისმგებლობა“. ასევე ჩვენს პოსტთან დაკავშირებით არა, მაგრამ ბ-ნმა ზურაბ გურულმა გამოთქვა გულისტკივილი, რომ ამ მოკლე ხანში არა გვაქვს შანსი გამოვცვალოთ მთავრობა (საქართველოში) და „ჯანდაცვის გაუბედურებული სექტორი“?!. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუ ბ-ნი გურულის ამ არაკორექტულ სიტყვებს არ ჩავთვლით, მისი პოსტი ნამდვილად საყურადღებოა.
ქ-ნ მაიას, ქ-ნ ნანა გეგეჭკორს და კიდევ რამდენიმე ექიმს ერთი რამ აერთიანებთ – პოლიტიკური ანგაჟირება და ის, რომ „სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდათ“. მათ აღიზიანებთ, თუ ქვეყანაში COVID-ის მართვაში რაიმე კარგი ხდება და კმაყოფილები არიან და უხარიათ, თუ რაიმე ისე არ მიდის. მათ შორის განსხვავებაცაა. ქ-ნ ნანა გეგეჭკორს ნამდვილად აქვს COVID-ზე მუშაობის სერიოზული გამოცდილება, ბ-ნი ზურაბ გურული კი ჩვენი განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, უდავოდ მრავალმხრივ ნიჭიერი პიროვნებაა. რაც შეეხება ქ-ნ მაიას, მას და მის რამოდენიმე უახლოეს თანამოაზრეს, რომლებიც გაუთავებლად გვლანძღავენ და გვაკრიტიკებენ, ერთი ჰოსპიტალიზებული COVID ავადმყოფიც კი არ ჰყავთ გატარებული და გადარჩენილი. ქ-ნმა მაიამ ისიც კი იკადრა, რომ როდესაც მე ქვეყნისთვის ოთხი მილიონი აშშ დოლარის ღირებულების რემდესივირი საჩუქრად შემოვიტანე, მან არც მეტი, არც ნაკლები კორუფციულ კავშირებსა და გარიგებაში დაგვდო ბრალი??!! და ჩემი ციხეში გაშვებაც კი მოითხოვეს (ბ-ნი ჩალაძე, ბ-ნი ჩიხლაძე და სხვ.).
მე არაერთხელ მივმართე ქ-ნ მაიას და მის თანამოაზრეებს და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, რომ მთელი ორი წელი გაუთავებლად რომ გვლანძღავენ და ყველაფერს გვიწუნებენ, რატომ ერთხელ მაინც არ სცადეს, რომ თვითონ ემუშავათ რომელიმე COVID კლინიკაში, რეალურად დახმარებოდნენ ავადმყოფებს და იქ ეჩვენებინათ თავიანთი უპირატესობა. საქმის გაკეთებაა ძნელი, თორემ ლაპარაკი იოლია. ამისთვის ბ-ნი ვახო კალოიანის მაგალითიც კმარა, რომელიც ასევე გაუთავებლად გვლანძღავს და ჭკუას გვასწავლის და ამ დროს მის საკუთარ კლინიკაში COVID-ით სიკვდილობა 11%-ია (ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, კატასტროფულად მაღალი ქვეყანაში). ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მაგალითია მათთვის, ვინც თვლის, რომ რაიმეს ჩვენზე უკეთ გააკეთებდა.
ახლა უშუალოდ იმის შესახებ, რაც ჩვენი ოპონენტების ასეთ აღშფოთებას იწვევს.
უპირველეს ყოვლისა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემს პოსტში ლაპარაკია COVID პაციენტების კლინიკურ მართვაზე და არა ზოგადად COVID პანდემიის მართვაზე. დღეში 30, 40 და 50 გარდაცვალება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა საქართველოსთვის, მაგრამ ეს გამოწვეულია COVID ინფიცირებულთა კატასტროფულად მაღალი რიცხვით და ვაქცინაციის დაბალი მოცვით, რის გამოც ძალიან ბევრია მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფები და არა ცუდი კლინიკური მართვით.
მინდა მივმართო ქ-ნ ნანა გეგეჭკორს. რა ნახეთ ჩემს პოსტში „სამწუხარო და საშიში უპასუხისმგებლობა“? ოღონდ იხელმძღვანელეთ სიმართლით და არა თქვენი ინტერპრეტაციით. „სამწუხარო და საშიში უპასუხიმგებლობა“ ის არის, რასაც თქვენ აკეთებთ და ლაპარაკობთ. კერძოდ, როდესაც სისტემატურად აკნინებთ საქართველოს ჯანდაცვას და ამერიკის მიღწევები თქვენი დამსახურება გგონიათ. როდესაც თქვენ, ბ-ნი ზურაბ გურული, ქ-ნი თამარ ჟამურაშვილი, ბ-ნი რევაზ ბოჭორიშვილი და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული ექიმები ყველანაირად ეწინააღმდეგებოდითსაქართველოში რემდესივირის შემოტანას, მაშინ როდესაც თქვენ თვითონ ამერიკაში უკვე ლამის ყველა ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფს (და არა მარტო ჟანგბადდამოკიდებულებს) რემდესივირს აძლევთ და სამწუხაროდ, თქვენი გავლენის ქვეშ მყოფი ზოგიერთი კლინიკა და ექიმი დღესაც უარს ამბობს რემდესივირის და ტოცილიზუმაბის გამოყენებაზე, რაც ძალიან ცუდად აისახება ავადმყოფების დამძიმებასა და გამოსავლებზე. ახლა ქვეყანაში მთავრობის და „გაუბედურებული ჯანდაცვის სისტემის“ შეცვლაზეც ალაპარაკდით. ძალიან ზედმეტი ხომ არ მოგდით?
COVID პაციენტების კლინიკური მართვაფასდება რამოდენიმე ძირითადი კრიტერიუმით:
გაიხსენეთ, რომ ლოს ანჯელესში, ლონდონში, პარიზში, სტოკჰოლმსა და სხვა დიდ ქალაქებში პიკის პერიოდში არ ჰყოფნიდათ ჰოსპიტალური საწოლები მძიმე ავადმყოფებისათვის, რის გამოც კლინიკებთან სასწრაფო დახმარების მანქანების გრძელი რიგები იდგა და მძიმე COVID ავადმყოფებს უხდებოდათ საშუალოდ 8-12 საათის გატარება სასწრაფო დახმარების მანქანაში, სანამ მათი ჰოსპიტალიზაცია მოხერხდებოდა. ბევრი მათგანი კი საავადმყოფოში საერთოდ ვერ ხვდებოდა და ისე კვდებოდა. სწორედ ამიტომ არის უცხოეთის ქვეყნებში ჰოსპიტალს გარეთ (ბინებზე და სხვ.) გარდაცვლილი ავადმყოფების რიცხვი გაცილებით, შეუდარებლად უფრო მაღალი, ვიდრე საქართველოში. სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მიღებული ჰქონდათ მითითება მოეხდინათ ავადმყოფების პრიორიტიზება (რაც უკიდურესი და ყველაზე არაჰუმანური გადაწყვეტილებაა) და არ გადაეყვანათ კლინიკაში ე.წ. უიმედო ავადმყოფები?! ასევე არ გადაეყვანათ 65 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფები?! (შვედეთში) ვინაიდან არ ჰყოფნიდათ საწოლები, აგრეთვე ჟანგბადი მიეცათ მხოლოდ იმ ავადმყოფებისთვის, ვისი ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე დაბალი იყო?! (რადგან ჟანგბადი არ ყოფნიდათ) გადატვირთულ მორგებთან რეფრიჟერატორები მორიგეობდენ და გარდაცვლილთა დაკრძალვას ვერ აუდიოდნენ. ახლაც კი, როცა ამერიკა სრულად ვაქცინირებული ქვეყანაა, ოფიციალური ინფორმაციით რიგ შტატებში შექმნილია COVID საწოლების და მედპერსონალის დეფიციტი და COVID პაციენტები ერთი შტატიდან მეორეში გადაჰყავთ. და კიდევ ენა გიბრუნდებათ, რომ ჩვენზე აუგი სთქვათ?
ეს მაჩვენებელი ქვეყანაში COVID პაციენტების კლინიკური მართვის ხარისხის შესაფასებლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილი ავადმყოფების მაღალი რიცხვი მიუთითებს, რომ მეტი მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფი დარჩა ჰოსპიტალიზაციის გარეშე და/ან უექიმოდ.
აი, ასეთია სინამდვილე და დაბეჯითებით ვთხოვ, ქ-ნ მაიას და ქ-ნ ნანა გეგეჭკორს ან დაგვიმტკიცონ, რომ ის რაც ამ პოსტში წერია სიმართლეს არ შეესაბამება, ან აღიარონ, რომ საქართველოში COVID პაციენტების კლინიკური მართვა, ხაზს ვუსვამ კლინიკური მართვა და არა ზოგადად პანდემიის მართვა, უკეთესად ხდება, ვიდრე ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში. ხოლო რაც შეეხება ბ-ნ ზურაბ გურულს, სანამ საქართველოში COVID პანდემიის „ცუდი კლინიკური მართვის“ გამო მთავრობის და „გაუბედურებული ჯანდაცვის“ შეცვლას შეძლებს, მანამდე იქნებ ამერიკასა და ევროპის წამყვან ქვეყნებში (რომლებსაც ჩვენზე უარესი COVID მაჩვენებლები აქვთ) ხელისუფლების შეცვლაზე იფიქროს“, – აღნიშნულია წერილში.