logo_geo
გიგა გელენიძე: ამ ჭაობიდან მარკ ცუკერბერგმა უნდა იხსნას პლანეტა
- +

1 სექტემბერი. 2021. 10:25

 

 

რეანიმატოლოგი გიგა გელენიძე მსოფლიოში არსებულ ურთულეს პანდემიასა და ვაქცინაციის მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. გელენიძე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს დრამატულს უწოდებს და პროცესების შეცვლის მისეულ ვერსიას ინტერნეტში აზიარებს.

 

„რა მრჯიდა, NCDC-ს შეთავაზება წავიკითხე ორგანიზაციათა მიმართ, მოგვითხოვეთ და მოვალთ, შეგხვდებით კოლექტივს და თქვენ შეკითხვებზე გიპასუხებთო, ძალიან კარგი ამბავი, მექანიკურად ჩავყევი კომენტარებს და..

 

ჰეითერი, იგნორანტი, ბეცი, უზრდელი და რაც მთავარია, მინიმალური თანაგრძნობის უნარისაც არმქონე დადღანა - ერთი ტვინი ბევრი სახელით და გვარით.

 

ფილოსოფიის ხასიათზე დავდექი. ესენი მსოფლიოს, კაცობრიობას ჩაძირავენ. არ ვხუმრობ. კაცობრიობის ისტორიაში (50000 წელში) პირველ დეკადაში (10 წელი) ვცხოვრობთ, როცა უსახელო ბრბომ, თავისი მუდმივი შიშებით, ეჭვებით, სიახლისადმი მტრობით, უაზრო ნოსტალგიებით და უგეგმო ინტუიციებით, მიიღო ცალკე პოლიტიკური ძალის წონა.

 

ერთბაშად, უცებ, მთელ მსოფლიოში ასეა, იგებს ბრექსიტი, იგებს ტრამპი, ორბანი, აღარაფერი რომ ვთქვათ პუტინზე, რომელიც იქნება და იქნება, სანამ არ მობეზრდება ან მოკვდება, აი ის, ერთი ტვინი ბევრი სახელითა და გვარით, ყოველთვის ხმას მისცემს ჭაობს, სადაც თბილა.

 

მასლოუს პირამიდა დადგა იდეოლოგიების, სტრატეგიების, პროგრესის წინ და ფეხებში აებლანდა.

 

გლობალური ტრენდია კრეტინების მეთაურად არჩევა, ჯერ არა, მაგრამ მალე კრეტინი მეთაურების რაოდენობა გლობალურად გადავა ხარისხში.

 

ეს ფაქტორი (ოლხოკრატია - ბრბოს მმართველობა) რომ არსებულიყო სსრკ-ს დროს, არც სსრკ დაიშლებოდა, ავღანეთიდანაც არ გამოვიდოდა, 15 რესპუბლიკა და კიდევ 20-30 ქვეყანა გააგრძელებდა რუსეთის ვასალად ცხოვრებას, სიღატაკე ნორმა იქნებოდა, ცხრა აპრილის ღამის შემდეგ „ნეფორმალები“ ციხეებში დაიხოცებოდნენ.

დემოკრატია, უყურეთ, რაშია სხვაობა, დემოკრატიის დროს მმართველობა იმ ხალხის ხელში იყო, ვინც:

 

  1. მეტყველებდა და ფორუმზე გამოდიოდა 2. ამბობდა იმას, რასაც ფორუმის (სხვა მეტყველი ადამიანები) უმრავლესობა თუ გაიზიარებდა, მხოლოდ შემდეგ ეძლეოდა ძალა.

 

ბერძნული დემოკრატია არის ელიტის (მაღალი IQ) მმართველობა, 21-ე საუკუნის დემოკრატია არის ოლხოკრატია - ბრბოს (დაბალი IQ) მმართველობა, ფეისბუქ-პარტია ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი და მოპასუხეა.

 

საქართველო ოლხოკრატიის მსოფლიოში საჩვენებელი მაგალითია - ბოლო 9 ჯერზე ზედიზედ იერარქი გადადგა და ოლხოსმა ის მოაბრუნა, სად მიდიხარ, სწორედ შენ გვჭირდები, არ გამაგონო ცვლილებებიო.

 

დამიჯერეთ, ეს სურათი მსოფლიოში უამრავჯერ განმეორდება.

 

ხალხი აირჩევს ისეთ მთავრობას, რომელსაც არაფრის შეცვლა არ უნდა. ეს გამოსავალი არ არის, მაგრამ იქნებ კარგი მცდელობა იყოს - ფეისბუქმა დაბალი IQ პოპულაციას კალიგრაფია უნდა გაუფუჭოს.

 

აკად-ნუსხურის შეურაცხყოფაა, როცა კრეტინობები ასეთი ლამაზი და რესპექტაბელობის გამომასხველი ფონტით იწერება. დამსახურება უნდა სჭირდებოდეს ლამაზად წერას.

 

საბჭოთა კავშირი დაანგრია იმ ელიტამ, რომელსაც ახლა ირონიულად „საბჭოთა ინტელიგენციას“ ვუწოდებთ. იყო დრო, როცა „მშრომელები შრომით კოლექტივებში არაფორმალების დასჯას ითხოვდნენ“, მაგრამ იმავე დროს სრულიად ელიტამ (ლანა, ელდარი, რევაზ მიშველაძე, რისმაგ გორდეზიანი, ლეგიონია მათი სახელი) თქვა - სსრკ გამტყუნდეს, და მასამ პროსსრკ რიტორიკა შეწყვიტა.

 

ახლა ეს ასე ვეღარ მოხდება. ვერც არჩევნებით გადაირჩევ ნებისმიერ მთავრობას და ვერც პუტჩით დაამხობ (სტამბოლის პოსტპუტჩი და მისი შედეგები თვალსაჩინო მაგალითია - ავტორიტარიზმები აყვავდება).

ახლა თუ 100 კომენტარში 80 კრეტინულია, მთავრობა იმ უპასუხისმგებლო კრეტინობას მოერგება (კარგ ფიდბექს დაიმსახურებს) და ქვეყანასაც გაიყოლებს სტაგნაცია-რეგრესში.

 

ამ ჭაობიდან მარკ ცუკერბერგმა უნდა იხსნას პლანეტა.

 

ყველა ვიწყებთ წერას ბატიფეხურად, კარგი კალიგრაფია უნდა ჯილდოდ მიენიჭოს იმას, ვინც დაიმსახურებს.

 

დანარჩენებს, ბატიფეხური სიცოცხლის ბოლომდე, რომ თავისის დაწერაც უტყდებოდეს და სხვისი ბატიფეხურიც აღარ იკითხოს.

 

შეიძლება გაგეცინოთ ჩემ „მეთოდზე“, მაგრამ „ოლხოკრატიის“ მმართველობა ნამდვილად არაა სასაცილო - ყველანი (თვით ისინიც, და მთელ მსოფლიოში) ჭაობში აღმოვჩნდებით.

 

უქნარებს აირჩევენ, უქნარებს დატოვებენ, უქნარებს უარესი უქნარებით შეცვლიან.

 

ახლა, როცა კაცობრიობას სასწრაფოდ სჭირდება მობილიზება, რათა კლიმატის ცვლილების ისტორიაში პირველ კატასტროფას (მასობრივი მოუსავლიანობა, მასობრივი მიგრაციები, ომები, ტყის ხანძრები, გაუდაბნოება, ენერგეტიკული კატასტროფა, გადატვირთვა, მომავალი პანდემიები) მაქსიმალურად მობილიზებული დახვდეს, ეს (გლობალური ოლხოკრატია) ინტელექტუალური ელიტის მიერ უკვე მოგებულ ომს (ვაქცინაცია მიმდინარე პანდემიის ჩასაქრობად, ყველას და იმდენჯერ, რამდენიც საჭირო იქნება) არ იღებს არსენალში და მოსაგებ ომს აჯანჯლებს, რითაც (პანდემია პლუს ეკოკატასტროფები) მთელ მსოფლიოს (მინუს 30 ქვეყანა), ფეოდალურ სიღატაკესა და სისასტიკეში ჩავარდნის საფრთხეში გვაგდებს“, - წერს გიგა გელენიძე.

big_banner
არქივი