logo_geo
რუსუდან შარაძე: მე და სიკვდილი - თუ სიცოცხლე და მე?
- +

28 ნოემბერი. 2016. 18:55




რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:


მე და სიკვდილი

თუ სიცოცხლე და მე?

სულ პატარა ვიყავი, როდესაც პირველად დავფიქრდი: „ყველა მოვკვდებით?!". ეგრევე უკუვაგდე და ჩავეხუტე ბალიშს... დამეძინა...

იქიდან მოყოლებული, სულ მახსოვდა, შეუცნობელი შიშით, წამიერად... განსაკუთრებით, ძილის წინ, მაგრამ არასდროს ვაგრძელებდი ხოლმე... თუმცა, ამ ერთ წამში მაინც ესწრებოდა:

„ეს ისე შორსაა... დედაჩემი და მამაჩემი? - არაა! ისინი ხომ არასდროს არ ხდებიან ავად"...

„ჩემი ძმები?", - ეს კითხვა, იმ დროს არც მომსვლია თავში...

ორი ვინმე მაკლია: მამაჩემის დედა და დედაჩემის მამა. არცერთი არ მახსოვს.

„ნეტა სად მიდიან?"

„სინათლეში!", - ვუპასუხე საკუთარ თავს.

ბავშვურ გონებაში ეს სინათლე უფრო და უფრო კონკრეტულ სახეს იღებს: „მზის სხივებში!" - პასუხი მამშვიდებს.

ამასობაში, ხან ვინ გარდაიცვალა მეზობლებიდან, ნათესავებიდან, ხან ვინ. უკვე 15 წლის ვარ და აი, ბაბუაჩემიც გარდაიცვალა.

წლები გადის... ომი, მკვლელობები, გვამები, პანაშვიდები (ხანდახან, მიცვალებულის გარეშეც). ყველგან სიკვდილია, ის უკვე შინაურია, მაგრამ ამ ორომტრიალში და უბედურებაში, მადლობა ღმერთს, ჩემი ოჯახი მთელია. ჯანმრთელად ვართ, მიუხედავად ფათერაკებისა...

პატარობაში, გიორგი, რომელსაც კიდური და ლამის სახსარიც აღარ აქვს დარჩენილი, თაბაშირში რომ არ ჰქონოდა, ისევ იმტვრევა ეზოში. ამას ვუყურებ შორიდან, ჩემი თვალით, ოღონდ იმტვრევა საშინლად, თავის ტრავმას იღებს. გადარჩა, მაგრამ იქ დაიწყო ჩემი ტანჯვა, რომელიც 2009 წელს დასრულდა. ყოველთვის, დამშვიდობებისას, როცა უნდა ვაკოცო, თავში თავისით მოდის: „უკანასკნელად ვხედავ?!" ჩემს თავზე საშინლად ვბრაზობ, მაგრამ ის ხომ ფათერაკებით სავსეა, ხიფათიანი, უსამართლობას ვერ იტანს... იარაღი არასდროს ჰქონია, მაგრამ სხვები ხომ დადიან ასხმულები. ტყვიაზე უარესია მისი „თაური" და ესეც, პირდაპირ, თავით მიდის! (რამდენს უგემია აქ :))) ) აღარ მინდა მისი გასისხლიანებული თავის დანახვა... დედაჩემი ხუმრობს ხოლმე, ბავშვობაში რომ ტრავმა მიიღო, მას მერეა ასეთი გადარეულიო. მეცინება, მაგრამ არ ვეთანხმები, მე ხომ ბავშვობაში არანაირი ტრავმა არ მიმიღია და ზუსტად ეგეთი ვარ, უბრალოდ, თავით არ ვჩხუბობ. ის ხომ ჩემი იდეალია. თუმცა, ვინ იცის, მეც ხომ მოვყევი მერე ავარიაში და ზუსტად თავი გავიტეხე :)))))

ზუსტად ვიცი, ლაშას არაფერი მოუვა. მტერი არასდროს ჰყოლია, მისი ნიჭის მოშურნე უამრავი ყოფილა, მაგრამ ეს არ მაშინებს. მოწესრიგებული და ბუნჩულა, მარტო საქმე და სიყვარული უყვარს.  უაზროდ ბევრი რამ იცის, მის განათლებას და პროფესიონალიზმს საზღვარი არ აქვს, მაგრამ მგლებს არ ჰგავს...

მე? მე რა მომკლავს ჯერ (მაგრამ ფიქრის მაინც მეშინია).

უცებ, ლაშა გაქრა და 2 დღის ძებნის შემდეგ, საკუთარ ლოგინში, მოკლული ვიპოვეთ. ზაფხული იყო, „ცინკის" მეტი სხვა საშუალება არ იყო. ამიტომ არ მინახავს. გიო შევარდა პროზექტურაში, მაგრამ თამარ დეკანოსიძემ შეაჩერა: „არ გინდა, გახსოვდეს ისეთი, როგორიც ბოლოს ნახეო".

„მართალი იყოო ქალბატონი თამარი", - გიორგი სულ ამბობდა მერე.

ლაშა ბოლოს ბაზალეთის ქუჩაზე შემხვდა, მეგობართან მიდიოდა საქეიფოდ, წამოდი შენცო. არ წავყევი.

„მამაჩემი?.." - „ვინ გაბედავს!" მაინც სულ კუდში დავყვები, სანამ ჟენევაში წავალ... და აი, მოკლეს. შუაღამე იყო, როდესაც ჩავფრინდი და სახლში შევვარდი. ნატყვიარების მიუხედავად, ლამაზი იყო, ოდნავ ღიმილი ჰქონდა შერჩენილი... ჩავეხუტე. ცივი იყო... და მე სიზმარში ვიყავი.

მერე იყო გიო და თითქმის, იგივე. ახლაც მახსოვს ტუჩებზე შეგრძნება, როცა ვაკოცე... დედაჩემი? აქ ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი... გავნადგურდი და რასაც მე ვერ ვშვრებოდი, უკვე ავტომატი აკეთებდა ჩემში.

ყველაზე მწარე, გასვენებიდან მოსვლაა და სიცარიელე. მახსოვს, როგორ ძლივს გადაგვქონდა ეს ჯერ ოთხს, მერე სამს, მერე მე და დედაჩემს... მერე?

მიყვარს მზის სხივები!..

სიცოცხლეც!



17 იანვარი, 2015


 

big_banner
არქივი