logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: პაატა ნაცვლიშვილი 69 წლის გახდა - დაბადების დღე მივულოცოთ ჩვენს მეგობარს
- +

16 ოქტომბერი. 2021. 16:55

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალური ქსელით დაბადების დღეს ულოცავს პოეტს, პუბლიცისტსა და ჟურნალისტს პაატა ნაცვლიშვილს.

 

„69 წლის გახდა - დაბადების დღე (16 ოქტომბერი) მივულოცოთ ჩვენს მეგობარს, პაატა ნაცვლიშვილს - ცნობილ და უნივერსალურ ჟურნალისტს, მხატვარს, პროზაიკოსს, პოეტს, ბიბლიოფილს, ფილატელისტს (არის 50-მდე ქართული მარკის, მათ შორის აღდგენილი საქართველოს რესპუბლიკის პირველი საფოსტო მარკის, დიზაინერი), მოგზაურს, მკვლევარს, მთამსვლელს, გამომცემელს, დიზაინერს, დრამატურგს, მთარგმნელს, ქართული ოლიმპიური მოძრაობის მკვლევარს, კულტურული ოლიმპიადის საქართველოს ეროვნული კომიტეტის დამფუძნებელს, უცხოეთში დაცული ქართული სიძველეების მომძიებელსა და მკვლევარს, პუბლიცისტს, მრავალი წიგნის და უამრავი სტატიის ავტორს, რამდენიმე გაზეთის დამფუძნებელსა და რედაქტორს, საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, არაერთი ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებულს, ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატს, ღირსების ორდენისა და ოლიმპიური ორდენის კავალერს, ოლიმპიური მედლის და კავკასიის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელს, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორსა და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს,  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრულ პროფესორს.

 

აღარ ჩამოვთვლი რედაქციებს, სადაც მას უღვაწია. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ საქართველოში მისი რედაქტორობით გამოიცა პირველი ფერადი და კომპიუტერული გაზეთები. 1980-1984 წლებში იყო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის მატროსი და 1984 წელს მონაწილეობა მიიღო ტიმ სევერინის ექსპედიციაში „იაზონის ნაკვალევზე“. 2014 წელს  კი სულხან-საბა ორბელიანის ევროპულ ნაკვალევს დაადგა. მისი საზღვარგარეთული რეპორტაჟები სისტემატურად გადაიცემა ტელევიზიით, იბეჭდება პრესაში. 1993 წელს დააარსა „პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა“, რომელიც თბილისისა და ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობების მონაწილეა. 1997 წელს ბუენოს-აირესში აღმოაჩინა და იმავე წელს თბილისში გამოსცა გრიგოლ რობაქიძის უცნობი ნოველა. არის საქართველოს ოლიმპიური და სპორტული ფილატელიის ასოციაციის პრეზიდენტი,  სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციისა და ფედერაციის წევრი.

 

ბევრი რამ შეიძლება გამომრჩა. თქვენ გაიხსენეთ, თუ რამ ვერ ვთქვი.

 

ვუსურვოთ დღეგრძელობა, მხნეობა, ბედნიერება, წარმატებები“, - წერს ამირან ბუთურიშვილი.

 

 

big_banner
არქივი