logo_geo
გიორგი კეკელიძე: მთავარი ხომ ეს არის - კაცი მოვიდა და ამ არეულ დროში როიალზე დაკვრა მთხოვა
- +

21 ოქტომბერი. 2021. 14:17

 

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში თავს გადახდენილ ისტორიას აქვეყნებს:

 

„დღეს ერთი კაცი მოვიდა. სამუშაო საათების მიწურულს. ამ კაცს ძალიან კეთილი სახე ჰქონდა და კარზე ისე ფრთხილად დააკაკუნა, გაუღებლადაც მიხვდებოდი, კეთილი სახე ექნებოდა.

 

- სათხოვარი მაქვსო, - მითხრა.

 

სათხოვარი არ მიკვირს. არც ის, რომ უმეტესის ასრულება არ შემიძლია. ისე ღელავდა, ჩავთვალე, რომ ეს კაციც რაღაც ჩემთვის შეუძლებელს მეტყოდა. პროლოგი მხოლოდ ამას მოასწავებდა. „რვა წელია თავშესაფარში ვცხოვრობო. მაგრამ გაუნათლებელი არ გეგონოთო“. სტარტის ლოგიკური გაგრძელება ასეთია; უფრო ადვილი - ფული, უფრო რთული - სამსახური. „სახლი როცა მქონდა, იქ პიანინო მედგაო, კარგი პიანინოა ძალიან, სურათს განახებთო“. პატარა ბლოკნოტი ამოიღო და ამობეჭდილ სურათს მიწვდის და მე ველოდები კითხვას: „პიანინოს ხომ არ შეიძენთ? სულ რაღაც 800 ლარად მოგყიდით, ანტიკვარულია, ჯერ კიდევ ბაბუაჩემის ბიძამ....“ მაგრამ ამ კაცმა მოლოდინი გამიცრუა, ოდნავ შეყოვნდა, მორცხვად ამომხედა და გაიმეორა: „ერთი სათხოვარი მაქვს“. არაფერი მიპასუხია, მაგრამ სახეზე ალბათ მკაცრი „დიახ, გისმენთ“ შემეტყო. ჰოდა, ძალა მოიკრიბა, ვატყობ და დაიწყო: „მთელი ცხოვრება ვუკრავდი, დაკვრის მეტი არაფერი მიქნია, მხოლოდ წიგნებს ვკითხულობდი და ვუკრავდიო“. და? „უფლება მომეცით, თუ ღონისძიება არ იქნება, სამკითხველო დარბაზის დახურვის შემდეგ, ნახევარი საათით ბიბლიოთეკის როიალზე დავუკრა“.

 

კორონას რა ვუთხარი, თორემ გადავეხვეოდი. აბა, ასეთ კაცს თუ არ გადაეხვიე და გაამხნევე, სხვა ვინ ოხერი? ჩემთვის ის უპირველესი შემსრულებელია ახლა - მოუსმენლად. თუნდაც საშინლად უკრავდეს. თუნდაც ყველაზე უარესად. თუნდაც რაც მითხრა, ყველაფერი ტყუილი ყოფილიყო. მთავარი ხომ ეს არის - კაცი მოვიდა და ამ არეულ დროში როიალზე დაკვრა მთხოვა“, - წერს გიორგი კეკელიძე.

 

 

big_banner
არქივი