logo_geo
ირაკლი შონია: ზოგჯერ ვფიქრობ, ნეტავ არ გამეცნო დათო ცინდელიანი…
- +

24 ოქტომბერი. 2021. 23:05

 

 

 

ზოგჯერ ვფიქრობ ნეტავ არ გამეცნო დათო ცინდელიანი და მისი გახსენებით უზომო სევდა არ მქონოდა. რა ვიცოდი მაშინ თუ ასეთი ტრაგიკული დასასრული ექნებოდა მკვლელების ხელით!”, - ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი შონია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

 

„უკვე სტუდენტობის პერიოდი იყო, როცა მრგვალი მაგიდა კვლავ აქტიურად მართავდა მშვიდობიან მიტინგებს, უნივერსიტეტში ყველა ეროვნულად მოაზროვნე ახალგაზრდა ერთმანეთს ვეძებდით.

 

წინააღმდეგობის ფრონტის თავმჯდომარემ, უნივერსიტეტის ლექტორმა თენგიზ კიკაჩეიშვილმა ახალგაზრდების მოკრეფა დაიწყო. ჩვენ უკვე ვიცნობდით ერთმანეთს და ხშირად გვერდიგვერდ ვიდექით მიტინგებზე მე და თენგიზ კიკაჩეიშვილი, ფოტოებიც მაშინდელი მიტინგების შენახული მაქვს.

 

დათო უნივერსიტეტში გავიცანი, გამორჩეული იყო, თავისი სვანური ქუდით, სულ ხაზს უსვამდა თავის სვანურობას და ძალიან ეამაყებოდა. სხვა სტუდენტებისგან გამოირჩეოდა ყველაფრით, რომელიც არ გავდა თინეიჯერულ ალმა მატერის სტუდენტს. თითქოს ძველი ეპოქიდან იყო გადმოხვეწილი თანამედროვეობაში... ხოდა ერთ დღეს მიტინგზე წავიყვანეთ ვაკის პარკში. ასე მოხვდა ეროვნული მოძრაობის ახალ ტალღაში დათოც.

 

ფოტოს რომელსაც კომენტარებში ვაქვეყნებ ჩემი გადაღებულია, მიტინგზე როდესაც გამოდიოდა წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრი რუსუდან პატარაია, უკან სვანურ ქუდში მოჩანს დათო, კადრში ასევე ჩანს პოეტი მზისადარ ნავროზაშვილიც, მაშინ დედა ენის ძეგლთან ჩავატარეთ მრავალ ათასიანი მიტინგი...

 

ვიხსენებ ბოლო შეხვედრას; მწერალმა და უზენაესი საბჭოს დეპუტატმა ირინე ტალიაშვილმა მრგვალ მაგიდაში შემავალი ყველა ორგანიზაციის ახალგაზრდები შეგვკრიფა მომავალი გეგმებისთვის, მოვიდა დათოც. ახლაც ვინახავ იმ ფოტოს ყველამ ერთად რომ გადავიღეთ, (აუცილებლად გამოვაქვეყნებ) მაშინ რა ბედნიერები ვიყავით ჩვენი ერთად ყოფნით...

 

მერე კი შემზარავი რამ მოხდა, უნივერსიტეტის შემდგომ დათო სვანეთს დაუბრუნდა, თვითონ ნატრობდა ყოველთვის უშბის და შხარას ნახვას... ქუთაისის გზაზე მიმავალი დააპატიმრეს, უფრო სწორედ გაიტაცეს ნაციონალური ხელისუფლების სიკვდილის ბრიგადებმა და დათო უგზო-უკვლოდ დაიკარგა...

 

გადის დრო და შემზარავ ამბავს ვგებულობ, ვინმე რომა შამათავამ და კუდის თუ სუსის თანამშრომლებთან ერთად, დათო ჩაიყვანა ბათუმში, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე ხვრეტავენ, ცხედარი კატერით გაყავთ ზღვაში და აგდებენ; არც სასაფლაო, არც რაიმე ნიშნული, ასე გააქრეს ახალგაზრდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის ცხოვრობდა...

 

ერთ-ერთი ჯალათი მერე იხსენებდა, რომ დათოს ცხედარს  ხის ჯვარი მოწყდა და ზღვის ტალღებზე დატივტივებდაო... ამ წერილს ვწერ და ცრემლები მომდის...იმ ახალგაზრდებიდან ვინც მაშინ ერთად ვიყავით, რამდენიმე მათგანი დღეს ნაცია,  ნუთუ დაივიწყეს დათო? როგორ დგანან მათი თანამებრძოლის მკვლელების გვერდით ახსნა არ მაქვს და ვერც ვერასოდეს გავიგებ მათ პოზიციას! იქნებ თავიდანვე ისინიც შემოგზავნილები იყვნენ ჩვენს რიგებში? არ ვიცი, არც მაინტერესებს, უფალს გასცენ პასუხი! მე მახსოვს დათო! მეხსომება მუდამ! მგონია რომ სადღაც ნათელი ზეციდან მიყურებს და ვპირდები, რომ იქამდე გაგრძელდება ბრძოლა, სანამ სამართლიანობა არ აღდგება და ჩემი წვლილიც იქნება ამაში!“, - წერს შონია.

 

 

 

 

big_banner
არქივი