logo_geo
თეა სიჭინავა: მივასვენეთ ბებო ენგურის ხიდამდე, ხიდამდე და არა საფლავამდე...
- +

26 ოქტომბერი. 2021. 12:30

 

 

ჟურნალისტ თეა სიჭინავას ბებია გარდაეცვალა. ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბებიას უკანასკნელი თხოვნა შეუსრულა და აფხაზეთში დაკრძალა, თუმცა, მიცვალებულის გაცილება მხოლოდ ენგურის ხიდამდე შეძლეს.

 

ყველას დიდი მადლობა თანაგრძნობისთვის.

 

სიკვდილისთვის საყვარელი ადამიანები იმდენად გვენანება, რომ ასაკსაც აღარ ვაქცევთ ყურადღებას. ბებომ 90 წელი იცხოვრა და ამ 90 წელიწადში ყოველი დღე და წამი სულ სიყვარულით სავსე იყო. სიყვარულმა მიიყვანა იმერელი ქალი აფხაზეთში, დიდმა სიყვარულმა შვილის გაჩენა გადააფიქრებინა და თავისი მეუღლის, ბაბუაჩემის შვილები, დედაჩემი და დეიდაჩემი, საკუთარივით გააზრდევინა, სიყვარულის გამო არ ტოვებდა ომის შემდეგ განადგურებულ და გავერანებულ კარ-მიდამოს. ბოლო წლები სულ ძალით წამოვიყვანეთ თბილისში, მაგრამ მთელი გონებით და გრძნობით ისევ მის საყვარელ ჭუბურხინჯში იყო. სულ იმას დარდობდა, აქ როგორ მოვკვდე, აქ ვერაფრით მოვკვდები, აქ არ დამტოვოო…

 

რა უფლება მქონდა, მისი სურვილი არ შემესრულებინა. ავდექით და მივასვენეთ ბებო ენგურის ხიდამდე. ხიდამდე და არა საფლავამდე. მთელი ღამე ვიარეთ თბილისიდან, რომ გამთენიისას დათქმულ ადგილას ვყოფილიყავით, რომ რაღაც გაუგებარი საბუთებით აღჭურვილებს, ხიდსგაღმა მყოფი ხალხისთვის მიცვალებულის გადასვენება გვეთხოვა. ცოცხლებისთვის კი, ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად, გზა მაინც ხიდთან დასრულდა. გავაცილეთ ბებო შორიდან ისე, რომ მის საფლავზე მისვლის შანსიც კი დავკარგეთ…

 

ასეთი სევდიანია ეს ისტორია. სევდიანი, მაგრამ მაინც სიყვარულით სავსე", - წერს თეა სიჭინავა.

 

 

 

 

big_banner
არქივი