logo_geo
ნანა კაკაბაძე: სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეების ასამდე განაჩენში ცნო ევროპული კონვენციის მუხლები დარღვეულად
- +

22 ნოემბერი. 2021. 14:26

 

 

„რა არის „ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესები“, – ამ სათაურით აქვეყნებს ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე Facebook-პოსტს.

 

პოსტით ნანა კაკაბაძე ეხმაურება მედიაში გამოქვეყნებულ 4 ამერიკელი სენატორის (ჯინ შაჰინი, ჯიმ რიში, ბენ კარდინი და რონ ჯონსონი) განცხადებას, რომელიც ეძღვნება მსჯავრდებულ და ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო და სამართლებრივ მდგომარეობას. განცხადების ბოლოს სენატორები მოუწოდებენ ყველა მხარეს, „იმოქმედონ ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“.

 

ნანა კაკაბაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ესმით მათ „ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესები“.

 

„ბატონი სააკაშვილი, ისევე როგორც ყველა პატიმარი, რომელიც ელის სასამართლოს, იმსახურებს სამართლიან და ღირსეულ მოპყრობას, საერთაშორისო სტანდარტებისა და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ გვაშფოთებს, რომ ეს ახლა ასე არ ხდება… ჩვენ ვაკვირდებით სასამართლო პროცესს და ხაზს ვუსვამთ, რომ პროცესი სამართლიანად, გამჭვირვალედ და პირადი დასწრებით წარიმართოს. სამართლიანი და სწრაფი სასამართლო პროცესის უფლება, ნებისმიერი დემოკრატიის კრიტერიუმია და ეს შემთხვევა გამონაკლისი არ არის… ახლა დროა, გვერდზე გადაიდოს პოლიტიკური უთანხმოება ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, – აცხადებენ პატივცემული სენატორები. სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, მათი პოზიციისგან დიდად არ განსხვავდება საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების და ცალკეული ევროპარლამენტარების პოზიციები.

 

ამრიგად, ამ პოზიციის ავტორებმა ირწმუნეს და გაიზიარეს „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტული მანქანის ის პოზიციები, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სამართლებრივი უფლებები შეზღუდულია, ანუ ის, რომ საქართველოს ხელისუფლება მას ფაქტობრივად კლავს, ლინჩის წესით გასამართლებას უპირებს და აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ არ დაუშვან სააკაშვილის მიმართ ასეთი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები.

 

იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება თვითონ გასცემს ადეკვატურ და დასაბუთებულ პასუხებს ასეთ მოწოდებებს, მაგრამ ჩვენ ამ პრობლემასთან დაკავშირებულ სხვა გარემოებებზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება: თუ ბ-ნი სააკაშვილი, „ისევე როგორც ყველა პატიმარი, იმსახურებს სამართლიან და ღირსეულ მოპყრობას, საერთაშორისო სტანდარტებისა და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად“, ე. ი. ყველა სხვა პატიმრის მიმართ უნდა იყოს ანალოგიური მოპყრობა. ეს კი ნიშნავს შემდეგს:

 

  1. არცერთი პატიმარი, რომელიც გამოაცხადებს შიმშილობას, არ უნდა გააჩერონ არცერთ პენიტენციური დაწესებულებაში (მათ შორის არც სამკურნალოში) და გადაიყვანონ მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში;

 

  1. ყველა პატიმარს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მიიღოს დღეში საშუალოდ 3-4 ვიზიტორი, მათ შორის არა ადვოკატები და არა ოჯახის წევრები;

 

  1. თუ პატიმარი უარს აცხადებს პენიტენციურ დაწესებულების შენობაში შესვლაზე, დაწესებულების ადმინისტრაციას უნდა აეკრძალოს მისი იძულების წესით იქ განთავსება (მათ შორის რამდენიმე თანამშრომლის მიერ პატიმრის ხელში აყვანის გზით);

 

  1. თუ სასამართლო სხდომაზე „პირად დასწრებაში“ პატივცემული სენატორები აუცილებლად სასამართლო შენობაში ჩატარებულ სხდომაზე ბრალდებულის ფიზიკურად იქ ყოფნას გულისხმობენ, მაშინ ყველა პატიმრისთვის უნდა გაუქმდეს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ითვალისწინებს დისტანციური სასამართლო პროცესების ჩატარებას, რადგან სენატორთა ამ ლოგიკით, ეს არღვევს პატიმრის უფლებას.

 

ხსენებულ სენატორთა და სააკაშვილის სხვა გულშემატკივართა ლოგიკას კარგად იყენებენ „ნაცმოძრაობის“ რუპორები და გამოაქვთ „შესანიშნავი“ დასკვნები:

 

  1. რადგან საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, სააკაშვილის მიმართ გამოტანილი ყველა განაჩენი უნდა გაუქმდეს, მის წინააღმდეგ მიმდინარე სხვა სს საქმეების განხილვაც უნდა შეჩერდეს და ექსპრეზიდენტი პატიმრობიდან გათავისუფლდეს;

 

  1. შიმშილობის დასრულების შემდეგ ჯანმრთელობის რეაბილიტაციისათვის არ არის საკმარისი საავადმყოფოში ყოფნა, რის გამოც უნდა მოხდეს მისი სასჯელების აღსრულების გადავადება.

 

  1. იმედია, ასეთი სტანდარტების დაწესებას სააკაშვილის ზემოხსენებული გულშემატკივრები მხოლოდ მისთვის არ ითხოვენ, რასაც ადასტურებს მათი სიტყვები, რომ ასეთი სტანდარტებით აღჭურვილნი არიან „ბატონი სააკაშვილი, ისევე როგორც ყველა პატიმარი…“. ამიტომ ეს სტანდარტები უნდა გავრცელდეს ყველა პატიმარზე და ასეთ შემთხვევაში მივიღებთ სურათს, როდესაც ვერცერთ მოშიმშილე პატიმარს ვერავინ ეტყვის უარს სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე და შემდეგ შიმშილობიდან გამოსვლის მიზნით გათავისუფლებაზე, ასევე ყველა პატიმარი დაცული იქნება ციხეში შესვლაზე უარის შემთხვევაში იქ მათი შეყვანის იძულებისაგან და ვერცერთ ბრალდებულს ვერ ჩაუტარდება დისტანციური სასამართლო პროცესი, რადგან ეს ჩაითვლება მათი უფლებების შელახვად. რაც მთავარია, რადგან საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, ყველა პატიმრის მიმართ გამოტანილი ყველა განაჩენი უნდა გაუქმდეს, ყველა მიმდინარე სს საქმეების განხილვა უნდა შეჩერდეს და ყველა ბრალდებულიც გათავისუფლდეს პატიმრობიდან;

 

თუ ჩვენს კეთილისმსურველ უცხოელებს ასე ესმით „ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესები“, მაშინ ეს პირდაპირ უნდა გვითხრან, ხოლო თუ მათ დემოკრატიულობა, დასავლური სტანდარტები და საერთაშორისო ნორმები მხოლოდ ამორჩევით და ცალკეულ შემთხვევებში აინტერესებთ, თუ საერთოდ არ აღელვებთ სააკაშვილის სადისტური რეჟიმისგან ფიზიკურად, მორალურად და მატერიალურად დაზარალებული ასიათასობით ადამიანი, თუ ისევ ასეთ სადისტურ რეჟიმს თვლიან „დემოკრატიის შუქურად“ და ისევ ამ რეჟიმის რეანიმაციას მიიჩნევენ „ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებად“, მაშინ ესეც პირდაპირ უნდა გვითხრან და ქართველი ხალხი თვითონ გაერკვევა ყველაფერში.

 

პ.ს ისე, შევახსენებთ ქართველი ხალხის „საუკეთესო ინტერესების“ მცოდნე ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეების ასამდე განაჩენში ცნო ევროპული კონვენციის მუხლები დარღვეულად და ასეულ ათასობით ევროთი დააჯარიმა სახელმწიფო, ხოლო სააკაშვილის მიმართ ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებაში პირდაპირ განაცხადა, რომ შიმშილობის პერიოდში მისი უფლებები არ დარღვეულა. ასევე შევახსენებთ მათ, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველო მსოფლიო ლიდერი იყო 100000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით, რომელთა წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა. აღარაფერს ვამბობთ მედიის წარმომადგენელთა სისტემატურ დევნა შევიწროებასა და სააკაშვილის რეჟიმის მიერ მემკვიდრეობად დატოვებულ, პარლამენტის მიერ აღიარებულ 200-მდე პოლიტპატიმარზე. სწორედ ამის გამო არ მიიჩნევს ქართველი ხალხი სააკაშვილის რეჟიმის რეანიმაცია-რეაბილიტაციას თავის „საუკეთესო ინტერესებად“, – წერს ნანა კაკაბაძე.

 

 

big_banner
არქივი