„რა არის „ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესები“, – ამ სათაურით აქვეყნებს ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე Facebook-პოსტს.
პოსტით ნანა კაკაბაძე ეხმაურება მედიაში გამოქვეყნებულ 4 ამერიკელი სენატორის (ჯინ შაჰინი, ჯიმ რიში, ბენ კარდინი და რონ ჯონსონი) განცხადებას, რომელიც ეძღვნება მსჯავრდებულ და ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო და სამართლებრივ მდგომარეობას. განცხადების ბოლოს სენატორები მოუწოდებენ ყველა მხარეს, „იმოქმედონ ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“.
ნანა კაკაბაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ესმით მათ „ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესები“.
„ბატონი სააკაშვილი, ისევე როგორც ყველა პატიმარი, რომელიც ელის სასამართლოს, იმსახურებს სამართლიან და ღირსეულ მოპყრობას, საერთაშორისო სტანდარტებისა და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ გვაშფოთებს, რომ ეს ახლა ასე არ ხდება… ჩვენ ვაკვირდებით სასამართლო პროცესს და ხაზს ვუსვამთ, რომ პროცესი სამართლიანად, გამჭვირვალედ და პირადი დასწრებით წარიმართოს. სამართლიანი და სწრაფი სასამართლო პროცესის უფლება, ნებისმიერი დემოკრატიის კრიტერიუმია და ეს შემთხვევა გამონაკლისი არ არის… ახლა დროა, გვერდზე გადაიდოს პოლიტიკური უთანხმოება ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, – აცხადებენ პატივცემული სენატორები. სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, მათი პოზიციისგან დიდად არ განსხვავდება საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების და ცალკეული ევროპარლამენტარების პოზიციები.
ამრიგად, ამ პოზიციის ავტორებმა ირწმუნეს და გაიზიარეს „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტული მანქანის ის პოზიციები, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სამართლებრივი უფლებები შეზღუდულია, ანუ ის, რომ საქართველოს ხელისუფლება მას ფაქტობრივად კლავს, ლინჩის წესით გასამართლებას უპირებს და აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ არ დაუშვან სააკაშვილის მიმართ ასეთი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები.
იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება თვითონ გასცემს ადეკვატურ და დასაბუთებულ პასუხებს ასეთ მოწოდებებს, მაგრამ ჩვენ ამ პრობლემასთან დაკავშირებულ სხვა გარემოებებზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება: თუ ბ-ნი სააკაშვილი, „ისევე როგორც ყველა პატიმარი, იმსახურებს სამართლიან და ღირსეულ მოპყრობას, საერთაშორისო სტანდარტებისა და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად“, ე. ი. ყველა სხვა პატიმრის მიმართ უნდა იყოს ანალოგიური მოპყრობა. ეს კი ნიშნავს შემდეგს:
ხსენებულ სენატორთა და სააკაშვილის სხვა გულშემატკივართა ლოგიკას კარგად იყენებენ „ნაცმოძრაობის“ რუპორები და გამოაქვთ „შესანიშნავი“ დასკვნები:
თუ ჩვენს კეთილისმსურველ უცხოელებს ასე ესმით „ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესები“, მაშინ ეს პირდაპირ უნდა გვითხრან, ხოლო თუ მათ დემოკრატიულობა, დასავლური სტანდარტები და საერთაშორისო ნორმები მხოლოდ ამორჩევით და ცალკეულ შემთხვევებში აინტერესებთ, თუ საერთოდ არ აღელვებთ სააკაშვილის სადისტური რეჟიმისგან ფიზიკურად, მორალურად და მატერიალურად დაზარალებული ასიათასობით ადამიანი, თუ ისევ ასეთ სადისტურ რეჟიმს თვლიან „დემოკრატიის შუქურად“ და ისევ ამ რეჟიმის რეანიმაციას მიიჩნევენ „ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებად“, მაშინ ესეც პირდაპირ უნდა გვითხრან და ქართველი ხალხი თვითონ გაერკვევა ყველაფერში.
პ.ს ისე, შევახსენებთ ქართველი ხალხის „საუკეთესო ინტერესების“ მცოდნე ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეების ასამდე განაჩენში ცნო ევროპული კონვენციის მუხლები დარღვეულად და ასეულ ათასობით ევროთი დააჯარიმა სახელმწიფო, ხოლო სააკაშვილის მიმართ ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებაში პირდაპირ განაცხადა, რომ შიმშილობის პერიოდში მისი უფლებები არ დარღვეულა. ასევე შევახსენებთ მათ, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველო მსოფლიო ლიდერი იყო 100000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით, რომელთა წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა. აღარაფერს ვამბობთ მედიის წარმომადგენელთა სისტემატურ დევნა შევიწროებასა და სააკაშვილის რეჟიმის მიერ მემკვიდრეობად დატოვებულ, პარლამენტის მიერ აღიარებულ 200-მდე პოლიტპატიმარზე. სწორედ ამის გამო არ მიიჩნევს ქართველი ხალხი სააკაშვილის რეჟიმის რეანიმაცია-რეაბილიტაციას თავის „საუკეთესო ინტერესებად“, – წერს ნანა კაკაბაძე.