logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით საქართველო ნამდვილად არის მსოფლიოში პირველ ან ერთ-ერთ პირველ ადგილზე
- +

23 ნოემბერი. 2021. 22:22

 

 

„COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით საქართველო ნამდვილად არის მსოფლიოში პირველ ან ერთ-ერთ პირველ ადგილზე (გააჩნია დროის რა მონაკვეთს ავიღებთ), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგადად COVID პანდემიის მხრივ ქვეყანაში ძალიან სერიოზული მდგომარეობაა, მაგრამ ამავე დროს ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფებს შორის გარდაცვლილთა პროცენტული რიცხვი საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის ბევრ ქვეყანაში, რაც ცალსახად ნიშნავს, რომ COVID-ის კლინიკური მართვა ქვეყანაში კარგად - მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ხდება“, - ამის შესახებ Facebook-ზე ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე წერს.

 

„მე, ა.წ. 22 ნოემბერს გამოვაქვეყნე პოსტი, რომელშიც ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით აღვნიშნავდი, რომ ყველა დადასტურებულ COVID-ავადმყოფთა შორის გარდაცვალების პროცენტი (ე.წ. CFR), რაც COVID-ის კლინიკური მართვის ხარისხის ძირითად მაჩვენებლად ითვლება, საქართველოში ბევრ ქვეყანაზე უფრო დაბალია. იმავე დღეს „ტვ ფორმულამ“ ასევე ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „საქართველო კორონავირუსით გარდაცვალების დინამიკით მსოფლიოში პირველ ადგილზეა“.

 

ამაზე ზურაბ გურული სრულიად სამართლიანად სვამს კითხვას „მე მაინც გადავამოწმებდი თენგიზთან, რაღაცაში იქნება საქმე“. გმადლობთ, ბატონო ზურაბ. საქმე შემდეგშია:

 

„ფორმულას“ გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორია და მე თვითონ ჩემს პოსტში პირველივე გვერდზე მკაფიოდ მაქვს მითითებული, რომ საქართველო ბოლო პერიოდში ახალი COVID-შემთხვევების და, შესაბამისად, გარდაცვლილთა რაოდენობით ნამდვილად არის მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე (გააჩნია, დროის რა მონაკვეთს ავიღებთ), მაგრამ აქვე მივუთითებ, რომ ეს არამც და არამც არ ხდება მედიკამენტების არქონის და/ან არასათანადო კლინიკური მართვის გამო, არამედ განპირობებულია სულ სხვა მიზეზებით. კერძოდ, ეს მიზეზებია: COVID-ახალი შემთხვევების და აქტიური შემთხვევების ძალიან დიდი რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვით, პირბადეების ძალიან დაბალი მოხმარებით და პერმანენტული, ძალიან ხალხმრავალი პოლიტიკურად მოტივირებული აქციებით. ასე რომ, ჩემი პოსტი არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის „ფორმულას“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან. სხვა საქმეა, რომ ჩემი პოსტის შემდეგ ნაწილში მე ასევე მკაფიოდ და ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით მივუთითებ, რომ ყველა დადასტურებულ COVID-ავადმყოფებს შორის გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი (ე.წ. CFR), რომელიც არის COVID-ის კლინიკური მართვის ხარისხის ძირითადი ინდიკატორი, საქართველოში, ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვის პირობებშიც კი, მაინც უფრო დაბალია, ვიდრე აშშ-სა და ევროპის ბევრ ქვეყანაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 კოვიდავადმყოფიდან საქართველოში უფრო მეტი ავადმყოფის გადარჩენა ხერხდება, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში.

 

ანუ კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ - COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით საქართველო ნამდვილად არის მსოფლიოში პირველ ან ერთ-ერთ პირველ ადგილზე (გააჩნია დროის რა მონაკვეთს ავიღებთ), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგადად COVID პანდემიის მხრივ ქვეყანაში ძალიან სერიოზული მდგომარეობაა, მაგრამ ამავე დროს ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფებს შორის გარდაცვლილთა პროცენტული რიცხვი საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის ბევრ ქვეყანაში, რაც ცალსახად ნიშნავს, რომ COVID-ის კლინიკური მართვა (და არა ზოგადად პანდემიის მართვა) ქვეყანაში კარგად - მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ხდება, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს თვითდამშვიდების საფუძველი და სასიცოცხლოდ აუცილებელია უმოკლეს პერიოდში ვაქცინაციით მოცვის მკვეთრი გაზრდა, პირბადეების ტარება და პერმანენტული ხალხმრავალი შეკრებების (როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური მოტივებით) შეწყვეტა“, - წერს ცერცვაძე

 

 

 

big_banner
არქივი