logo_geo
გოდერძი შარაშია: მე დავეხმარე ულამაზეს ქალბატონს მეუღლის ხსოვნის წერილის დაწერაში, მეუღლის, რომლის ბრძანებითაც კედელთან მიგვაყენეს...
- +

30 ნოემბერი. 2021. 19:01

 

 

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ეს ამბავი არასდროს მითქვამს და მომიყოლია საჯაროდ. ეს ამბავი ჩემს სოფელში კარგად ახსოვთ. ამ ამბავმა ჩვენს ოჯახს დიდი ტრავმა მიაყენა. დილის 10 საათია და სახლის ჭიშკართან რამდენიმე მანქანა გაჩერდა. 20-მდე შეიარაღებული ეზოში სროლით შემოვარდა. რამდენიმე სახლში შემოვიდა და ოჯახის წევრები კედელთან მიგვაყენა. სახლის ჩხრეკა დაიწყეს, არ ვიცით, რას ეძებენ, არბიან-ჩარბიან კიბეებზე და ყვირიან. ბებია და მამა კითხულობენ, რა უნდათ. მაგრამ პასუხად მხოლოდ ყვირილია. დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა ეს ამბავი და წავიდნენ. წავიდნენ, მაგრამ თან წაიღეს აფხაზეთიდან დევნილი ბიძაჩემის მანქანა, რომელიც ეზოში გვეყენა. წაიღეს ახალი ტელევიზორი და ტელეფონი. დედამ კარადების დალაგება რომ დაიწყო, აღმოაჩინა, რომ საახალწლოდ შენახული კანფეტებიც კი წაუღიათ. წლები გავიდა, მე უკვე პირველ არხზე ჟურნალისტად ვმუშაობ. ეს ის დროა, როცა მაღალი თანამდებობის გარდაცვლილ პირებზე ნეკროლოგები გადაიცემა ეთერში. ერთ დღესაც გადაცემის პროდიუსერი მეძახის და მეუბნება - ამ ქალბატონს უნდა დაეხმაროო. ვხედავ, შავებში ჩაცმული ქალბატონი მორიდებით ზის კუთხეში. მივედი, გავისაუბრეთ, თურმე მეუღლე დაეღუპა, თბილისის პოლიციაში საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი და მე ნეკროლოგი უნდა დავუწერო.

 

ჩემო მკითხველო, ამდენი ამ ფინალისთვის დავწერე. მე დავეხმარე ულამაზეს ქალბატონს მეუღლის ხსოვნის წერილის დაწერაში. მეუღლის, რომლის ბრძანებითაც  2 საათი კედელთან მიგვაყენეს. ეს იყო „მხედრიონის“ დროს და დეკემბერის დასაწყისი, - წერს გოდერძი შარაშია.

 

 

big_banner
არქივი