logo_geo
გია ბაღაშვილი: პირნათელი და ვალმოხდილი წავიდა ერისა და ქვეყნის წინაშე
- +

18 დეკემბერი. 2021. 15:15

 

გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალებას ეხმაურება.

„აღარ გვყავს დიდი კაცი! ჩემი უახლოესი ადამიანი! ბატონი ჯემალ ჭკუასელი!

პირნათელი და ვალმოხდილი წავიდა ერისა და ქვეყნის წინაშე, მისი სათაყვანებელი ქართული სიმღერის წინაშე.

ფასდაუდებელია ბატონი ჯემალის ღვაწლი ქართული ფოლკლორის საერთაშორისო მასშტაბით აღიარების საქმეში. საოცრება იყო ის, რაც მან და მისმა უსაყვარლესმა "ერისიონმა" მოახერხეს 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე, როცა მთელ მსოფლიოს ქართული სიმღერა და ცეკვა ეკერა პირზე; როცა პარიზში, სადაც გაიხედავდი, ყველგან შემოგანათებდა ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი, ულამაზესი ქართველი გოგო-ბიჭების გრანდიოზული მასშტაბის ბილბორდები თუ პოსტერები წარწერით "Georgian Legend".

ტრიუმფით მოვლილი ათეულობით ქვეყანა, მსოფლიოს წამყვანი საკონცერტო დარბაზების სცენები...

ბატონი ჯემალის წყალობით მილიონობით ადამიანმა, პლანეტის სხვადასხვა კუთხეში გაიცნო და შეიყვარა საქართველო. თანაც, გაიცნო საუკეთესო კუთხით, კეთილშობილი, დახვეწილი, შინაგანი ჰარმონიით სავსე, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის კულტურული ფენომენის - ქართული ფოლკლორის მეშვეობით.

ამ მასშტაბის კაცი იყო ბატონი ჯემალი.

"დავუბრუნოთ ხალხური სიმღერა სოფელს" - ეს მისი სიტყვებია, რომელიც უზუსტესად გამოხატავს ფოლკლორის სატკივარს და იმავდროულად ზუსტი პასუხია თანამედროვე ცივილიზაციის გამოწვევებზე.

არ მახსოვს დაერეკოს და ის დღე საუკეთესოდ არ წასულიყო. აგავსებდა ხალისით, იმედით, ოპტიმიზმით...

იუმორში ხომ ბადალი არ ჰყავდა. სულ ბოლოს მომიყვა, დიდუბის პანთეონში, ცნობილი ქართველი მხატვრის დაკრძალვაზე მყოფს, როგორ ჰკითხა მას შეფიქრიანებულმა თანასოფლელმა, გურულმა: "აი კაცი ძვილაი დავმარხეთ, აღარაა პანთეონში ადგილი და შენ აფერს არ შობი ჯემალა?.."

ჯემალ ჭკუასელს მუდამ ექნება გამორჩეული ადგილი ყველა ქართველის გულში!“- წერს ბაღაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

big_banner
არქივი