logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: იზა ჯაჭვაძე დღეს, 2 იანვარს დაკრძალეს...
- +

2 იანვარი. 2022. 18:34

 

 

პოეტ იზა ჯაჭვაძის გარდაცვალებას ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„სამწუხარო ინფორმაცია

საქართველოს ქალთა საბჭომ სოციალურ ქსელში გაავრცელა სამწუხარო ინფორმაცია: 2021 წლის 30 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა (ინსულტით) იზა ჯაჭვაძე - ქართველი პოეტი, ჟურნალისტი, ნიკო ნიკოლაძის, გაბრიელ ჯაბუშანურის, ვაჟა-ფშაველას, „საქართველოს რესპუბლიკის“ პრემიების ლაურეატი.

 

იზა ჯაჭვაძე დაიბადა 1945 წლის 7 მარტს თელავის რაიონის სოფელ ფშაველში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა გაზეთების: „ახალგაზრდა კომუნისტის”, „კომუნისტის”, „საქართველოს რესპუბლიკის” რედაქციებში. იყო გაზეთ „კავკასიის“ დამფუძნებელი, გამომცემელი და მთავარი რედაქტორი. 2004 წელს „საპატიო ჩარგლელად“ აირჩიეს. მისი სცენარით გადაღებულია სატელევიზიო ფილმები: „სტორის ხეობა“, „პანკისელი ქისტები“, „ჭიჭყვის ხეობაში“.

 

იზა ჯაჭვაძე დღეს, 2 იანვარს დაკრძალეს“, - წერს ამირან ბუთურიშვილი.

 

***

იზა ჯაჭვაძე

 

თავშესაფარი

 

მე  მხოლოდ  ტანჯვის  თავშესაფარი  ვარ...

ჩემთან  მოდიან  მაშინ,  როცა  სურთ,

ტანჯვა  მოიშორონ  თავიდან  და  განთავისუფლდნენ...

მხოლოდ  მაშინ  მოდიან,  როცა  სურთ,

სევდა  განიქარვონ  და  სიხარული  დაიბრუნონ...

სევდას  ტოვებენ  და  ჩემგან  მიდიან.

ჩემთან   მოდიან  მაშინ,  როცა

მარტო  რჩებიან  და  არავინ  ჰყავთ  გვერდით...

ტანჯვის  თავშესაფარში  მოდიან

მაშინ,  როცა  სიცოცხლე  არად  უღირთ...

მოკლე  დღე  აქვთ...

მე  სავსე  ვარ  ტანჯვის  სათავსებით.

სათავსებს  უგასამრჯელოდ,  ტანჯვისთვის  ვაქირავებ 

მხოლოდ.

ყველა  ტანჯვა  ჩემთან  ეტევა..

ტანჯვას  ჩამოჰკიდებენ  ყველა

სართულზე,  ყველა  კუთხეში;

ჩემთან  მხოლოდ  ტანჯვის  ოთახებია...

სიხარულის  ოთახები  მე  არა  მაქვს...

მოდით,  ტანჯულნო,  და  ისევ  ტანჯვა

შემოასახლეთ  ჩემთან,

შემოასახლეთ  ტანჯვა,

ოღონდ  მოდით -

მარტო  არ  დამტოვოთ!

 

***

დედა!

ბილიკები,  ბილიკები  დაკიდული,

ძეძვიანი,  ღელეები,  ტყე  და -

საღამოჟამს  თბილ  ბუხართან  მიყუჟული

მოწყენილი  სევდიანი  დედა.

ვერ  გავექეც  იმ  შორეულ  მოგონებებს,

ვცადე,  მაგრამ  ვერ  გავექეც  ვერსად.

ცხადი  იყო  თუ  სიზმარი,  ჩამესმოდა

ზვარლის  მოლზე  ღამეული  კვნესა.

მელანდება  ის  ზამთარი,  ის  ზღაპარი,

ხუთკუნჭულას  შეჭიდება  დევთან;

მენატრება, - შოთი  პურის  სასესხებლად

მეზობლისას  რომ  მგზავნიდი,  დედა!

 

***

გადაზამთრებას  აღარ  აპირებს...

ჩემს  საუფლოდან  გაფრენას  ლამობ,

ღრუბელიც  აღარ  დამირჩა,   სანდო,

თეთრი  მინდვრების ელამი  მზერა

გაურკვევლობით   მოსავს  სამყაროს.

გავფანტავ  ღრუბლებს,  როგორც  გრძნეული,

ავაფერადებ   ზეცის  ნაპირებს,

უშენოდ  ყინვა  როგორ  პატარძლობს!

გადაზამთრებას   აღარ  აპირებს...

 

***

მხატვარი  რომ  ვიყო...

მხატვარი  რომ  ვიყო,

ზეცას  დავხატავდი,

წვრილ-წვრილ  ვარსკვლავიანს...

ამ  მთებს  დავხატავდი,

არწივების  მდელოს,

მათ  იდუმალ  შრიალს...

მხატვარი  რომ  ვიყო,

ღელეს  დავხატავდი,

ციდან  ფიფქის  ფრიალს,

მამას  დავხატავდი,

დედის  დაღლილ  ხელებს,

ამღერებულ  ნიავს...

 

***

არ  გავწიროთ  განწირული

სიკვდილი არ  იღლება  კაცთა  მოდგმის  სიკვდილით...

სიკვდილს  არ  შერცხვა -

დედა  წამართვა...

სიკვდილს  არ  შერცხვა -

მამა  წამართვა...

სიკვდილს  არ  შერცხვა -

მეგობრები  წამართვა...

სიკვდილს  არასდროს  რცხვენია...

უტიფარია,   უღვთო,  უგულო...

არ  გავწიროთ  განწირული -

შევიკრათ,  დავეხმაროთ,  ვუშველოთ...

თორემ...

სიკვდილს  არ  შერცხვა -

დედა  წამართვა!..

 

***

გულმკერდგაშლილი,  ნაქარგი,

მიწა - ზურმუხტისფერი  ვარ,

ამ  მთათა  ნიავქარი  და 

ზედ  მონავარდე  შველი  ვარ.

ხეობებს  შუა  ჩამდგარი

მთის  მობინინე  ველი  ვარ,

მუდამ  ამაყად  მზირალი

ალავერდი  და  გრემი  ვარ.

მუხლჩაუხრელი  მწყემსი  და

კეთილი  საქმის  მქმნელი  ვარ,

ხმალშემართული  გუშაგი,

სიმართლის  პირში  მთქმელი  ვარ.

მამულო,  შენით  მშვენი  ვარ,

განა  სხვისი  ვარ, - შენი  ვარ!..

 

***

ჩემი  სამშობლო  აქ  არის!

ზეცა  დამყურებს  ზემოდან

ვარსკვლავთ  ურიცხვი  თვლებითა,

ლოცვა  ჩამესმის  ვიღაცის,

თვალებ  მევსება  ცრემლითა.

ზეცა  ზურმუხტის  ფერია,

ამ  მთას  იმედით  გადავალ,

აქ  სული  ისე  მდიდრდება,

თუმცა...  ღარიბი  რადა  ვარ?!

მე  სხვა  რამეებ   არ  მინდა,

სიწმინდევ,  სულსა  მავალო;

ჩემი  სამშობლო  აქ  არის,

აბა,  მე  საით  წავალო!

 

 

big_banner
არქივი