logo_geo
ამირან ბუთურიშვილი ვასილ ჩხაიძის შესახებ
- +

2 იანვარი. 2022. 19:35

 

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში კინოსა და თეატრის მსახიობზე, ვასილ ჩხაიძეზე სოციალურ პოსტს აქვეყნებს:

 

„ხსოვნა მარადიული

1905 წლის 2 იანვარს სოფელ აცანაში (ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) დაიბადა

ვასილ ჩხაიძე

(1905-1986)

კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, პედაგოგი.

1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი გერმანული ენის სპეციალობით. 1927-1934 წლებში იყო ბათუმის თეატრის მსახიობი, შემდეგ კი მუშაობდა ფოთის თეატრში. 1937-1956 წლებში მუშაობდა სკოლაში რუსული და გერმანული ენის მასწავლებლად. 1956-1962 წლებში იყო ფოთის ვ. გუნიას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. 1967 წლიდან მუშაობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მის კარიერაში გამორჩეულია ელდარ შენგელაიას ფილმებში შესრულებული როლები: პიპინია ერისთავი („არაჩვეულებრივი გამოფენა“, 1968) და ქრისტეფორე მგალობლიშვილი გარიყულადან („შერეკილები“, 1973). 1970 წელს სესილია თაყაიშვილთან ერთად ითამაშა თემურ ფალავანდიშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმში „ჩამავალი მზე“. 1973 წელს შეასრულა ღარიბი და ამაყი აზნაურის როლი ფილმში „ლაზარეს თავგადასავალი“. მაყურებელს კარგად ახსოვს, აგრეთვე ფილმებიდან: „ფეოლა“ (ხუსკივაძე, 1970), „აურზაური სალხინეთში“ (1975), „პირველი მერცხალი“ (ელიზბარი, 1975), „მიმინო“ (1977), „რაჭა ჩემო სიყვარულო“ (ზაურის დიდი პაპა, 1977), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977), „დათა თუთაშხია“ (1978), „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1983) და სხვა.

ვასილ ჩხაიძე გარდაიცვალა 1986 წლის 26 დეკემბერს. დაკრძალეს მუხათგვერდის სასაფლაოზე.  2013 წელს, მუხათგვერდის სასაფლაოზე მისი დაკარგული საფლავი ელდარ შენგელაიამ იპოვა და 2015 წელს გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

P.S. საფლავის ქვაზე გარდაცვალების თარიღად სხვა წელი მოჩანს“, - წერს ამირან ბუთურიშვილი.

 

 

big_banner
არქივი