logo_geo
ამირან ბუთურიშვილი ნოდარ ახალკაცზე: აღიარებულია საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მწვრთნელად და თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთის სპეციალისტად
- +

2 იანვარი. 2022. 19:47

 

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ხსოვნა მარადიული

1938 წლის 2 იანვარს თბილისში დაიბადა

ნოდარ ახალკაცი

(1938-1998)

ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, სპორტის ოსტატი (1969), საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1981). თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა თბილისის არმიის სპორტული კლუბისა და თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას. 1971-1974 წლებში იყო საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს უფროსი. 1976-1983 და 1985-1986 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი.  1990-1998 წლებში იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. არჩეული იყო უეფა-ს ტექნიკური კომიტეტის წევრად. ფიფა-ს და უეფა-ს ორდენოსანი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს სპორტის რაინდი, აღიარებულია საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მწვრთნელად და თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთის სპეციალისტად. მისი ხელმძღვანელობით თბილისის „დინამომ“ ორჯერ საბჭოთა კავშირის თასი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა და ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.

ნოდარ ახალკაცი გარდაიცვალა 1998 წლის 24 იანვარს მოსკოვში, გულის შეტევით. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში (საფლავის ფოტო საიტიდან geonecropol.com).

 

2008 წელს რეჟისორმა გოგი თორაძემ ნოდარ ახალკაცის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიუძღვნა დოკუმენტური ფილმი „ქართული ფეხბურთის მაესტრო“. 2018 წლის 14 თებერვალს ლაგოდეხში გახსნილ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას მისი სახელი მიენიჭა. 2018 წლის 15 თებერვალს, თბილისის მე-9 საჯარო სკოლას მისი სახელი მიენიჭა. სკოლაშივე დაიდგა ნოდარ ახალკაცის ბიუსტი“, - წერს ამირან ბუთურიშვილი.

 

 

big_banner
არქივი