logo_geo
რუსუდან შარაძე: წავალ-წამოვალ, სულ ბატონი რეზოს გამო ატეხილ ამბებზე მეფიქრება. მგონია, რომ ეს არაა ერთი დღის „პრობლემა“, რომელიც გადაივლის და ყველას მიავიწყდება
- +

13 იანვარი. 2022. 01:06

 

 

გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„წავალ-წამოვალ, სულ ბატონი რეზოს გამო ატეხილ ამბებზე მეფიქრება. მგონია, რომ ეს არაა ერთი დღის „პრობლემა“, რომელიც გადაივლის და ყველას მიავიწყდება. ეს საყოველთაო უბედურებაა, მთელი ჩვენი ყოფა, აწმყო და მომავალია, რაც, სამწუხაროდ, საამაყოდ არ გამოიყურება.

 

მოდით, არ ვცადოთ სხვაზე უკეთესად თავის წარმოჩინება, უბრალოდ  - ვიყოთ მართლები საკუთრ თავთან, ე.ი. სინდისთან, ე.ი. - ღმერთთან.  ქართულ ენაში რომ ყველა ამქვეყნიური და იმქვეყნიური საიდუმლო ძევს, ვიცით. ადამიანი იმიტომაა ადამიანი, რომ ადამის ძეა, ე.ი. ცოდვილია, უნდა დაეცეს, რომ ამაღლდეს.  ვკითხოთ საკუთარ თავს, რამდენჯერ დავცემულვართ ჩვენს გულებში თუ ტვინებში, სადაც ეშმაკმა იცის ჩასაფრება, რამდენი ცოდვა ჩაგვიდენია. მილიონი წამიერი ფიქრი შეიძლება მოუვიდეს კაცს თავში, მაგრამ...

 

აი, შემდეგ რა ხდება, რისი ჩამდენია, ესაა საინტერესო და ჩემი აზრით, ყველაფრის განმსაზღვრელი. ყველას გვიყვარს, გვძულს, გვიხარია, გვწყინს, ყველანი ვბრაზობთ, ვნეტარობთ, ვეცემით, ხან ვდგებით, ხან ვრჩებით ჭაობში... განა არსებობს ვინმე (არაწმინდანი), ვისაც მტრის სიკვდილის გაგონების პირველი წამი წყენით აავსებს? არავინ დაიჩემოს, არ დავიჯერებ. პირველი წამის რეაქცია, ალბათ, ყველას, მეტ-ნაკლებად, ერთნაირი ექნება, მაგრამ რას მოაყოლებს მეორე წამში და რას ჩაიდენს მესამეში, ესაა მთელი ფილოსოფია ადამიანის არსისა, ე.ი. აღზრდისა, კულტურისა, მრწამსისა და ა.შ...

 

აქედან დასკვნა თქვენ გამოიტანეთ - რა კატეგორია ებრძვის გარდაცვლილს კი არა, საქართველოს, მის კულტურას, ტრადიციას, მრწამსს... ახალი რა არის, მაგრამ, ჩემი აზრით, ახლა ეს ისეთი თვალნათელია, როგორც არასდროს.

 

რა საწყლები არიან, რომ ჰგონიათ, დაისვენეს. ბატონმა რეზომ მათ სამუდამო დამღა დაადო ზედმეტსახელების სახით, რომელთაც სიცილითა და მონატრებით, ძალიან  ბევრჯერ გავიხსენებთ. თავისებურად, პოეზიაზე ნაკლებად გენიალური არ მგონია მისი გამონათქვამები. მგონი, არ ეწყინება ბატონ რეზოს, ეს პოსტი ღიმილით რომ დავასრულო:

ეს მართლა „აყვავებული ბროწეულები“. - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

big_banner
არქივი