logo_geo
ჯაბა ხუბუა: ავე, კაპიტან! დიდებული ხარ!
- +

28 იანვარი. 2022. 11:47

 

საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტნის ჯაბა კანკავას სანაკრებო კარიერის დასრულების განცხადებას ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ავე, კაპიტან!

 

რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ მოგვისმენია არცთუ უსაფუძვლო და უსამართლო საყვედური საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა მისამართით: გულით არ თამაშობენო; მოედანზე ჯიგარს არ დებენო; ფეხებს უფრთხილდებიანო; პატრიოტიზმი აკლიათო; პროფესიონალიზმში ეჭოჭებათო...

 

ამ საყვედურის ადრესატებს შორის არასოდეს, საერთოდ არასოდეს, ერთხელაც კი და ერთი წამითაც კი არ იგულისხმებოდა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა.

 

კაცი, რომელიც ყოველ თამაშზე ისე გამოდიოდა მოედანზე, როგორც ნამდვილ ბრძოლის ველზე - გინდა, დიდგორი თქვი, ბასიანი, შამქორი ან კრწანისი.

 

კაცი, რომელიც ფეხბურთს თამაშობდა თავისი ყოველი ნერვით, ყოველი უჯრედით, გულის ფეთქვით, სულის აბორგებით, სინდისის კარნახით და ღირსების განცდით.

 

კაცი, რომლის თავდაუზოგავი გარჯაც მოედნის ყოველ მონაკვეთზე ცხადლივ განახვებდა, თუ რას ნიშნავს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი; თუ როგორი უნდა იყოს ფეხბურთელი, მით უფრო, ქართველი ფეხბურთელი.

 

ჯაბა კანკავამ დღეს სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

 

დასანანია. სატკენია. საწყენია. დანაკლისია ძალიან დიდი და ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა, კარგა დიდხანს შეუვსებელიც კი.

 

ჩემი, ერთი რიგითი გულშემატკივრის, სათქმელი ამ წუთას მარტო ეს არის:

მადლობა, კაპიტანო!

 

მადლობა ნაკრებში ჩატარებული 100 მატჩისთვის!

თავდადებისთვის!

ბრძოლისთვის!

ქართველობისთვის!

 

და კიდევ: ჯაბა კანკავას ეკუთვნის ღირსეული გაცილება საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან. გამოსამშვიდობებელი მატჩი. ტაში და პირსავსე ტრიბუნების ერთხმად ნათქვამი მადლობა.

 

ავე, კაპიტან!

დიდებული ხარ!

შენ გამოგივიდა!“ - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

big_banner
არქივი