logo_geo
მარიამ ჯოლოგუა: ჩემი ბავშვობა მე-20 საუკუნეში დარჩა. ახლა 21-ეა... ის ტანკები კი - ახლა უკრაინაში არიან... და უკრაინელ ბავშვებს აშინებენ...
- +

25 თებერვალი. 2022. 11:27

 

 

მსახიობი მარიამ ჯოლოგუა უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

 

„როცა დღეს fb frame-ად უკრაინის დროშას ვაყენებდი, ეს ამბავი გამახსენდა :

 

8 წლის ვიყავი... ჩემი ძმა 5-ის. შუადღისას დიდ ოთახში ვისხედით, როცა ჭავჭავაძის გამზირის მხრიდან უცნაური ხმაური გაისმა. უცებ ოთახში დედა შემოვარდა და აივნისკენ გაქანდა. ჩვენც მივყევით...

 

ჩვენს ქუჩაზე ტანკები მოდიოდა...

ცოტა ხანში დედამ სახლში შემოგვყარა - თქვენ აქ იყავითო და ოთახიდან გაიქცა...

 

მალევე დაბრუნდა. ხელში იატაკის ჯოხზე წამოცმული თავისი შინდისფერი ბლუზა ეჭირა. აივნის მოაჯირზე დროშასავით დაამაგრა. გვერდით, ოლეგ ქოჩაკიძის აივანზე, ამავე ფერის, დამოუკიდებელი საქართველოს დროშა იყო გადმოკიდებული.

 

აივნებზე ხალხი იდგა. ზოგი ყვიროდა, ზოგი გაქვავებული უყურებდა რუსთაველისკენ მდუმარედ მიმავალ ტანკებს...

 

მერე, რამდენიმე ღამე მამა სახლში არ რჩებოდა. ერთ დილას კი, ჩვენ იატაკის ჯოხზე შინდისფერი ბლუზა შავმა ქვედაბოლომ შეცვალა. მამა სახლში იყო, ჩუმად საუბრობდნენ, მაგრამ მაინც გავიგეთ, რომ წინა ღამეს, ჩვენ თბილისში, იმ ტანკებს  ქალები და ბავშვები დაუხოცავთ. შემდეგ დღეებში მე და ჩემმა კლასელებმა დაღუპულების ფოტოები გაზეთებიდან ამოვჭერით და მეგობრობის დღიურებში ჩავაკარით...

 

მერე, დიდი ბებიის ძველი „ზინგერი“ გადმოვიღეთ. სახლში ნაჭრები გვქონდა (მაშინ მიღებული იყო ერთმანეთისთვის საჩუქრად შესაკერი ნაჭრის ჩუქება).

 

შინდისფერ ნაჭერზე შავი და თეთრი ზოლები დავაკერეთ და უკვე ნამდვილი დროშა გამოგვივიდა. მას თავზე შავი ლენტი ჰქონდა მობმული...

 

ცოტა კიდევ უფრო მერე, სხვა ამბებიც მოვაგროვე. ბავშვის გონებაში განსაკუთრებით ჩაიბეჭდა, რომ, თურმე, ჩვენამდე ამ ტანკებს ბუდაპეშტში ბავშვებზე გადაუვლიათ... პრაღაშიც სისხლისღვრა ყოფილა...

 

მათ თვითმფრინავებს კი, ავღანეთში დანაღმული სათამაშოები გადმოუყრიათ.

ბავშვები გახარებული იღებდნენ ამ სათამაშოებს და ფეთქდებოდნენო...

 

ეგ თვითმფრინავები მეც ვნახე. უკვე 2008-ში.

ჩემ უფროს, 8 წლის ვაჟთან ერთად...

მე დედაჩემივით დრამატული უკვე აღარ ვიყავი. უფრო ბენინის პერსონაჟს ვგავდი „ცხოვრება მშვენიერია“-დან.

 

11 წლისა ბოლოჯერ ვიყავი ჩემს მშობლიურ სოფელში, ბაბუაჩემის აშენებულ სახლში... ბაბუა რომ გარდაიცვალა და წაასვენეს, თან გზად ჭურვების ხმა გვესმოდაო...

 

ჩემი ბავშვობა მე-20 საუკუნეში დარჩა.

ახლა 21-ეა... ის ტანკები კი - ისევ დადიან...

ახლა ისინი უკრაინაში არიან... და უკრაინელ ბავშვებს აშინებენ...

 

ახლა მე 40 წლის ვარ, ჩემი უმცროსი ვაჟი - 8-ის...

(როგორც 9 აპრილს მე და მისი უფროსი ძმა 2008-ში) დღეს ის პირველად იყო დემონსტრაციაზე.

ჩვენი ქვეყანა კი - ისევ ოკუპირებულია რუსეთის და იმ ტანკების მიერ...

 

I am from Georgia and my country is occupied by Russia

#რუსეთიოკუპანტია

#Russiaisoccupant“, - წერს მარიამ ჯოლოგუა.

 

 

big_banner
არქივი