logo_geo
დავით ქართველიშვილი: პრემიერ-მინისტრის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომ სამხედრო ქალაქის პარალელურად, თბილისში იყოს პოლიციელების ქალაქიც
- +

19 აპრილი. 2022. 16:59

 

 

„ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გუნდი პოსტპანდემიური დასუსტებული ეკონომიკისა და ამ მიმდინარე ომით გამოწვეული საერთაშორისო ეკონომიკური კრიზისის პირობებში სტაბილურობის აღმშენებლობაზე მორგებული პოლიტიკის გატარებით ქვეყნის სამშვიდობო კურსით განვითარებას აგრძელებენ“, - ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი პოლიციელებისთვის 1-000 ბინიანი პოლიციის ქალაქის აშენებისა და მუხროვანის ბაზის მოდერნიზების შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ინიციატივას. 

 

დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ იმ ადამიანების დაფასება, რომლებმაც საკუთარი მოქალაქეების დაცვის პროფესიას წლები შესწირეს, სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„ძალიან კარგად იცის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რომ მან მოკლე პერიოდში მოახერხა ძალიან სერიოზული რეფორმების გატარება ჯარში, ეს რეფორმები კი გაგრძელდა, თუნდაც, იმ 1 000-ბინიანი ჯარის ქალაქის მშენებლობით. მუხროვანის ბაზის მოდერნიზება კი სწორედ გაგრძელებაა უკვე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის აღებული კურსის, რომელსაც ჩაუყარა საფუძველი და რომელსაც მისი სამთავრობო გუნდი დღეს აგრძელებს.

 

გარდა ამისა, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს როგორი უარყოფითი კონტექსტი შესძინეს წინა ხელისუფლების დროს შსს-ს კონკრეტულ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ იმ რეპრესიული მანქანის ყოველდღიურობაში, რა რეპრესიულ პოლიტიკასაც ატარებდა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის მთავრობა. დღეს პოლიციელობა არის საამაყო პროფესია, რომელმაც ბოლო საერთაშორისო ინდიკატორებით ჩატარებული გამოკითხვებით დაგვანახვა, რომ მთელ რიგ კატეგორიაში შსს-ს რეიტინგი გავიდა უკვე საერთაშორისო არენაზე და იქ ძალიან მაღალ ადგილებს იკავებს. აქედან გამომდინარეც არის ეს განსაკუთრებული ზრუნვა პოლიციელის მიმართ, რომელიც კი არ ებრძვის საკუთარ მოსახლეობას, არამედ მის გვერდში დგას და მის უფლებებს იცავს, ამიტომ ეს ძალიან კარგი ინიციატივაა, რომ სამხედრო ქალაქის პარალელურად, თბილისში იყოს პოლიციელების ქალაქიც, სადაც კონკრეტული თანამშრომელი, რომელმაც რამდენიმე წელი შესწირა საკუთარი მოქალაქეების დაცვის პროფესიას, დაფასდება ამ სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პოლიციელებისთვის 1 000-ბინიანი პოლიციის ქალაქი აშენდება. გარდა ამისა, დაგეგმილია პოლიციის ყველა შენობისა და ბაზის რეაბილიტაცია. ასევე თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, აშენდება სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი, თანამედროვე ბაზა და კადეტთა ლიცეუმი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი