logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: შუქია აფრიდონიძის გარდაცვალებით ერთი ისტორიული წიგნი დაიხურა
- +

30 მაისი. 2022. 16:45

 

 

ენათმეცნიერ შუქია აფრიდონიძის გარდაცვალების შესახებ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ქალბატონმა შუქია აფრიდონიძემ დაგვტოვა, იშვიათ შემთხვევაში ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში, როცა ძვირფასი ადამიანის გარდაცვალებას გავიგებ და მასზე მეტად ჩემი თავი და ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი მეცოდება, რომელიც ვეღარ დაინახავს მის გაცისკროვნებულ სახეს, ვეღარ მოისმენს მის იმედის მომცემ ლაპარაკს. მისი გარდაცვალებით ერთი ისტორიული წიგნი დაიხურა, რომელიც თედო სახოკიათი იწყებოდა და შუქია აფრიდონიძით დასრულდა.

 

ამ წიგნში ერთი ფურცელზე ჩემი დიდი პაპის გიორგი თაქთაქიშვილის, მისი ლეგენდარული ბაღის ისტორიაც ეწერა.

 

ქალბატონი შუქია ჩემთან შეხვედრისას ხშირად იგონებდა ბავშვობის იმ წლებს, როცა პაპას ის ჩვენს სოფელში ჩაყავდა. ჩემი დიდი პაპა თბილისშიც მალავდა თურმე თედო სახოკიას ჟანდარმერიის მიერ ძებნის პერიოდში. მაშინ დამეგობრებულან და ზაფხულის საბჭოთა თბილისს გამორიდებული თედო სახოკია რთველში დიდი ვირგლის ძირში ესაუბრებოდა ჩემს დიდ პაპას იმ თემებზე, ქალბატონ შუქიას რომ არ უნდა გაეგო. ნეტავ მაშინ მანდ ვყოფილიყავი მეთქი, ვუთხარი ქალბატონ შუქიას, მე ხომ ვიყავი და ვერც ვერაფერი გავიგეო. გაიცინა. დაპირებული ვიყავი რთველში ერთად ჩასვლას, მაგრამ ვერ შევუსრულე. მან კი რამდენიმე წლის წინ შეასრულა ერთი მისთვის უმნიშვნელოვანესი მოვალეობა: დააბინავა პაპის ბიბლიოთეკა ავეჯით ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დღეს ეს ავეჯი და ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დარბაზშია დაცული.

 

ახლა თითქოს ყურში ჩამესმის ქალბატონი შუქიას ხმა, რომელსაც ახლა მეტყოდა: წავედი პაპასთან!

 

მშვიდობით, ქალბატონო შუქია, თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ მთელი ცხოვრება ღირსეულად ატარეთ ღირსეული და ლეგენდარული პაპის ღირსეული შვილიშვილის სახელი ისე, რომ დატოვეთ საკუთარი ბრენდი „შუქია აფრიდონიძე - ქართული ენათმეცნიერების ვარსკვლავი“, - წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

 

big_banner
არქივი